განახევრებული ქარავანი: როდის დადგება მოიესის განკითხვის დღე

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის 20-გუნდიანი ქარავნის ზუსტად ნახევარს აღარ ჰყავს ის წინამძღოლი, რომელსაც შარშანდელ სეზონში მიჰყვებოდა. ამ ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეცვალა თავად პრემიერლიგა...

ზაფხული: დიდი ცვლილებების დრო
ზაფხულში, ჩემპიონატის დაწყებამდე პრემიერლიგის 4 კლუბს შეეცვალა მწვრთნელი. ოთხიდან სულ მცირე ორი ცვლილება გრანდიოზული მნიშვნელობისა იყო - 1986 წლიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთგული სერ ალექს ფერგიუსონი პენსიაში გავიდა და მის ნაცვლად "ევერტონის" თავკაცი დევიდ მოიესი დაინიშნა, რომელსაც ფერგის შემცვლელად ბევრი (მათ შორის, თავად სერი) მოიაზრებდა.

ჯერჯერობით ამ ცვლილებას "იუნაიტედისთვის" კარგი არაფერი მოუტანია.

მეორე გრანდიოზული ცვლილება ლონდონის "ჩელსიში"
ჟოზე მოურინიოს დაბრუნება იყო - "განსაკუთრებულმა კაცმა" "ინტერი" და "რეალი" მოიარა და დაბრუნდა იქ, სადაც მისი აზრით, მისია ჯერ არ შეუსრულებია. პორტუგალიელმა ესპანელი რაფაელ ბენიტესი შეცვალა, რომელმაც ვერაფრით მოიცილა დროებითი მწვრთნელის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ევროპალიგა მოიგო და "ნაპოლიში" გაცლა არჩია. პირველი ცვლილების საპირისპიროდ, მეორე აშკარად ამართლებს - ჟოზე მოურინიოს "ჩელსი" ჩემპიონობის სერიოზული პრეტენდენტია და იმავე "მანჩესტერ იუნაიტედს", რომელიც კვირას იოლად დაამარცხა (3:1), უკვე 12 ქულით უსწრებს.

ორი სხვა ცვლილებაც აღვნიშნოთ - მოიესის მიერ გამოთავისუფლებულ ადგილზე ესპანელი რობერტო მარტინესი მივიდა და "ევერტონს" ამით არაფერი დაუკარგავს. "სტოკ სიტიში" კი ტონი პულისი მარკ ჰიუზმა შეცვალა.

შემოდგომა: პირველად იყო დი კანიო
დიდი გამოცნობა არ უნდოდა იმას, თუ ვის მოხსნიდნენ პრემიერლიგაში პირველს - "სანდერლენდმა" საშინლად დაიწყო, ხოლო ექსტრავაგანტური იტალიელი თავკაცი პაულო დი კანიო უკვე საკუთარ ფეხბურთელებთან ჩხუბზე გადავიდა. დი კანიო "პირველი მერცხალი" იყო, ის 8 ოქტომბერს მოხსნეს და წარსულში ცნობილი ურუგვაელი ფეხბურთელით, გუსტავო პოიეტით შეცვალეს. "გუსი" თავის ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა, არ ერჩის, მაგრამ ფაქტია - "სანდერლენდის" კრიზისი გრძელდება, გუნდი გასავარდნ ზონაშია, თუმცა მის მდგომარეობას უიმედო აღარ ეთქმის.

ოქტომბერშივე "კრისტალ პალასის" ხელმძღვანელობა შეუთანხმდა იან ჰოლოვეის და მწვრთნელთან კონტრაქტი გაუქმდა. მის ნაცვლად ტონი პულისი დაინიშნა, უელსელი სპეციალისტი, რომელიც ზემოთაც ვახსენეთ. "კრისტალ პალასი" ახლაც გასაჭირშია, გავარდნის ზონას 2 ქულა აშორებს.

ზამთარი: ვილაშ ბოაშის მორიგი ლონდონური ფიასკო
1-ელ დეკემბერს პრემიერლიგაში მორიგი თავი დაგორდა სამწვრთნელო კუნძზე - "ფულჰემის" ხელმძღვანელობამ მარტინ იოლი გაათავისუფლა და ალექს ფერგიუსონის ყოფილი ასისტენტი, ჰოლანდიელი რენე მოლენსტენი დანიშნა. "ფულჰემი" ახლაც მხოლოდ 1 ქულით უსწრებს გავარდნის ზონას.

ზუსტად ორ კვირაში პრემიერლიგამ ახალი მსხვერპლი გაიღო - "ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა" შოტლანდიელი სტივ კლარკი დაითხოვა. გადაწყვეტილება კი, ერთი შეხედვით, საოცარი მიიღეს: "ბეტისიდან" ცუდი შედეგებისთვის დათხოვნილი პეპე მელი დაინიშნა. ამჟამად ბირმინგემული კლუბი მე-14 ადგილზეა, მცირე პროგრესი სახეზეა.

ახალ წლამდე კიდევ ორმა მწვრთნელმა ვერ მიატანა - ანდრე ვილაშ ბოაშის ხანა "ტოტენჰემში" დასრულდა - კლუბის ხელმძღვანელობამ მე-7 ადგილამდე დაქვეითება არ აპატია ახალგაზრდა პორტუგალიელს.

მოკლედ, ვილაშ ბოაშს კიდევ ერთ ლონდონურ კლუბში მოეცარა ხელი. მის ნაცვლად ტიმ შერვუდი დანიშნეს, ჯერ დროებით, შემდეგ კი სრულფასოვანი თავკაცის სტატუსიც მიანიჭეს. წარმატება მალევე მოვიდა, ახლა "ტოტენჰემი" მე-5 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურამდე 2 ქულა აშორებს (წუხანდელი მატჩი "ევერტონის" მონაწილეობით გათვალისწინებული არ გვაქვს).

დაბოლოს, ფანების, ფეხბურთელების, სხვა სპეციალისტების თხოვნები ყურად არ იღეს "კარდიფ სიტიში" და შოტლანდიელი მალკი მაკაი, რომლის სახელთანაც იყო დაკავშირებული უელსური კლუბის ყველა ბოლო წარმატება, მოხსნეს. გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა, ნორვეგიელმა ოლე გუნარ სულშერმა ჩაიბარა. როცა მაკაი მოხსნეს, "კარდიფი" მე-16 ადგილზე იყო, ახლა კი ბოლოა. ზოგჯერ აუცილებელია, საზოგადოების აზრს ანგარიში გაუწიო...

კლუბები, რომელთაც სეზონის წინ შეცვალეს მწვრთნელები:
4 - "მანჩესტერ იუნაიტედი", "ევერტონი", "ჩელსი", "სტოკ სიტი".

კლუბები, რომელთაც სეზონში შეცვალეს მწვრთნელები:
6 - "სანდერლენდი", "კრისტალ პალასი", "ფულჰემი", "ვესტ ბრომვიჩი", "ტოტენჰემი", "კარდიფი".

მწვრთნელები, რომელთაც მოხსნა ემუქრებათ:
სემ ელერდაისი ("ვესტ ჰემი", მე-19 ადგილი); რენე მოლენსტენი ("ფულჰემი", მე-17 ადგილი), დევიდ მოიესი ("მანჩესტერ იუნაიტედი", მე-7 ადგილი).

მწვრთნელები, რომელთაც თავი ქუდში აქვთ:
არსენ ვენგერი ("არსენალი", 1-ლი ადგილი), ჟოზე მოურინიო ("ჩელსი", მე-3 ადგილი), რობერტო მარტინესი ("ევერტონი", მე-6 ადგილი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული