ინგლისი. პრემიერლიგა. XXII ტურის შეჯამება და სიმბოლური: სამი ქულა და მეტი არაფერი?

AutoSharing Option
"სტემფორდ ბრიჯზე" "მანჩესტერ იუნაიტედი", ერთი შეხედვით, სულაც არ ჰგავდა წასაგებად განწირულ გუნდს. თუმცა, როცა აღიქვამ, რამდენად უსუსური იყო მოქმედი ჩემპიონი დავიდ დე ხეას კართან შექმნილი მომენტებისას, ხვდები, რომ ყველაფერი სწორედ ასე უნდა დამთავრებულიყო.

ფეხბურთი მხოლოდ სტატისტიკა არ არის, რომ შედეგის ალოგიკურობაზე ილაპარაკო, თუკი წაგებულმა, ვთქვათ, 88 პასით მეტი გააკეთა თამაშის განმავლობაში. "იუნაიტედი" მომენტებში ბურთსაც აკონტროლებდა და მთლიანად შეხვედრასაც, მაგრამ თამაშობდა ბევრად უფრო უხეშად და საბოლოოდ 10 კაცითაც დარჩა მოედანზე. სტუმარი ყოველი 4 ორთაბრძოლიდან 3-ში მარცხდებოდა, უფრო იშვიათად ურტყამდა კარის მიმარ
თულებით თუ ზუსტად კარში.

ჟოზე მოურინიო
(ჩელსი): "საერთო ჯამში დამსახურებულად გავიმარჯვეთ. თამაში ცუდად დავიწყეთ. ბურთს ხშირად ვკარგავდით და მეტოქის ზეწოლის ქვეშ ვექცეოდით. ჩვენს ნახევარდაცვას ბურთის კონტროლი არ უჭირს ხოლმე, თუმცა დღეს აშკარად შეექმნა პრობლემები.

მართალია, მერე თამაშის ხარისხი გავაუმჯობესეთ, მაგრამ შესვენებამდე 2:0 მაინც ალოგიკურად მომეჩვენა. მეორე ტაიმის დებიუტში მესამე გოლმა მთელ ინტრიგას თითქოს წერტილი დაუსვა, თუმცა რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ "იუნაიტედს" ჯერ კიდევ შეეძლო თამაშში დაბრუნება. 3:1 როგორც კი გახდა, გადავწყვიტეთ, აღარ გაგვერისკა და ანგარიში შეგვენარჩუნებინა.

პრემიერლიგაში ჩემს მეასე მოგებაზე ბევრს ლაპარაკობენ, თუმცა პირადად ჩემთვის ეს მხოლოდ კონკრეტული 3 ქულაა და მეტი არაფერი. არასოდეს გამოვკიდებივარ რეკორდებს. მომდევნო შეხვედრაში წარმატებაც ზუსტად ასე გამეხარდება. მთავარი ის არის, რომ ამ ასმა მოგებამ "ჩელსის" 300 ქულა მოუტანა"
.

დევიდ მოიესი (მანჩესტერ იუნაიტედი): "უნდა ვთქვა, რომ დღეს ძალიან არ გაგვიმართლა, როცა შესვენებაზე ორბურთიანი სხვაობით გავედით. მეორეც და მესამე გოლებიც გულუბრყვილო გუნდური შეცდომების შედეგი იყო. მომენტები გვქონდა, თუმცა შემადგენლობაში არ აღმოგვაჩნდა მოთამაშე, რომელიც მათ დააგვირგვინებდა".

ტურის ფაქტები
"სუონსიმ" ბოლო 13 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
"ტოტენჰემმა" "გედებს" პრემიერლიგის 6 მატჩიდან მე-5 მოუგო (1ფ).
54 წლის შემდეგ "ტოტენჰემმა" პირველად მოიგო ზედიზედ მე-5 გასვლითი მატჩი.
ემანუელ ადებაიორმა 7 თამაშში 5 გოლი გაიტანა, იმდენი, რამდენიც წინა სეზონში სრულად (25 შეხვედრაში).

***
"ჩელსისთან" უკანასკნელ 10 შეხვედრაში "იუნაიტედის" თავდამსხმელ ხავიერ ერნანდესს 7 გოლი დაუგროვდა.
25 წლის მექსიკელისთვის ეს მე-10 გოლი გამოდგა, რომელიც სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში შეცვლაზე შესულმა გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია პრემიერლიგის ისტორიაში.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მე-7 თამაში დათმო. ამაზე მეტი წაგება (9-9), თანაც სრულ სეზონში "ეშმაკებმა" მხოლოდ 2-ჯერ, 2001/02 და 2003/04-ში იწვნიეს.
ჟოზე მოურინიომ პრემიერლიგაში თავისი 1-ლი და მე-100 მოგებები "მანჩესტერ იუნაიტედთან" იზეიმა.
ნემანია ვიდიჩი მეხუთედ გააძევეს პრემიერლიგაში. 2-ჯერ ეს "ჩელსისთან" მოხდა, 3-ჯერ "ლივერპულთან".
სამუელ ეტო'ო მე-4 მოთამაშეა პრემიერლიგაში, ვინც "იუნაიტედთან" 3 გოლი გაიტანა. აქამდე ეს მოახერხეს დევიდ ბენტლიმ, დირკ კუიტმა და რომელუ ლუკაკუმ.

***
"სანდერლენდის" ფეხბურთელები პირველი 4 წუთის განმავლობაში ბურთს მხოლოდ 15-ჯერ შეეხნენ.
"სანდერლენდმა" ბოლო 2 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. აქედან 4 ადამ ჯონსონის ანგარიშზეა, 2 გოლი კი მისი პასებით გავიდა.
"საუთჰემპტონს" სტუმრად ჩატარებული ბოლო 8 თამაშიდან მხოლოდ 1 მოგება აქვს (4ფ, 3წ).

***
არსენალელმა ჯეკ უილშირმა პრემიერლიგის ბოლო სამ შეხვედრაში 1 გოლი და 3 პასი ჩაიწერა აქტივში.
"ფულჰემმა" "არსენალთან" 28-ე გასვლითი შეხვედრიდან 23-ე წააგო (5ფ).
"არსენალმა" ყველა ტურნირში "ემირეიტსზე" ჩატარებული ბოლო 9 თამაშიდან 8-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
"არსენალმა" ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო.

***
"პალასთან" შეხვედრა "სტოკისთვის" ზედიზედ მე-9 მოუგებელი თამაში აღმოჩნდა სტუმრად (2ფ, 7წ).
"მეთიხეებს" მიმდინარე სეზონში გასვლაზე მხოლოდ 5 ქულა აქვთ აღებული, რაც "ჰალის" შედეგთან ერთად ყველაზე ცუდია ჩემპიონატში.
ტონი პულისის "პალასში" დანიშვნის შემდეგ (23.11.2013) გუნდმა მეოთხედ მოახერხა თამაშის მშრალად დასრულება.

***
"სიტის" თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ "ეტიჰადზე" ჩატარებულ ბოლო 4 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.
2010 წელს პრემიერლიგაში დებიუტიდან დღემდე, დავიდ სილვამ ჩემპიონატში 36-ე საგოლე პასი გააკეთა.
იაია ტურემ ბოლო 8 ტურში 6 გოლი გაიტანა.
სერხიო აგუერომ ბოლო 12 თამაშში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
"სიტისთვის" "კარდიფთან" მოგებული თამაში ზედიზედ მე-11 აღმოჩნდა "ეტიჰადზე".
"კარდიფის" მოუგებელი სერია კი სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში 8-მდე გაიზარდა (2ფ, 6წ).

***
"ნორვიჩისთვის" "ჰალთან" გოლი მხოლოდ მე-3 აღმოჩნდა პრემიერლიგის ბოლო 6 შეხვედრაში.
"ჰალს" "ნორვიჩის" კარში მთელი თამაშის განმავლობაში არ დაურტყამს.

***
"ვესტ ჰემთან" იოან კაბაიმ სტუმრად გამართულ ბოლო 4 შეხვედრაში თავისი მე-3 და მე-4 გოლები გაიტანა.
33-ე წუთზე ლოიკ რემიმ დაასრულა 337-წუთიანი უგოლო სერია.
გასული წლის მაისის შემდეგ "ნიუკასლს" ჩემპიონატის გასვლით შეხვედრებში ფრედ აღარ უთამაშია.

***
"ლივერპულმა" ასტონვილელი კრისტიან ბენტეკესგან მე-4 თამაშში მე-4 გოლი გაუშვა.
სტივ ჯერარდმა "ვილას" მე-12 გოლი გაუტანა. ამაზე მეტი მას არავისთვის გაუტანია.
კაპიტანმა ბოლო 8 გოლიდან 7 პენალტით გაიტანა.
დენიელ სტარიჯს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს.
სტუმარმა ანდრეას ვაიმანმა 28 სექტემბრის შემდეგ პირველი გოლი შეაგდო. უგოლო სერია 947 წუთი გრძელდებოდა.
"ლივერპულმა" შეწყვიტა "ენფილდზე" 7-თამაშიანი მოგებათა სერია.

***
"ვესტ ბრომვიჩს" შარშანდელი მარტის შემდეგ ზედიზედ ორი საშინაო შეხვედრა არ მოუგია.
სტუმრად "ევერტონის" წაუგებელმა სერიამ 7 მატჩი შეადგინა (4ფ, 3მ).
სწორედ ორშაბათ საღამოს დაპირისპირებულ წყვილს აქვს ყველაზე მეტი ფრე - "ალბიონს" 10, "ევერტონს" - 9.

XXII ტურის სიმბოლური ნაკრები
ჯონ რადი (ნორვიჩი) - რაიან ბენეტი (ნორვიჩი), გარი კეჰილი (ჩელსი), დიეგო ლუგანო (ვესტ ბრომვიჩი) - ადამ ჯონსონი (სანდერლენდი), სანტი კასორლა (არსენალი), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), იოან კაბაი (ნიუკასლი), ჯეისონ პანჩეონი (კრისტალ პალასი) - სამუელ ეტო'ო (ჩელსი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი)

სტატისტიკა XXII ტურის შემდეგ

საუკეთესო ბომბარდირები
22 - ლუის სუარესი (ლივერპული)
14 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
11 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), დენიელ სტარიჯი (ლივერპული)

საუკეთესო მეპასეები
8 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
7 - მესუთ იოზილი (არსენალი)
6 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული), აარონ რემსი (არსენალი), ხესუს ნავასი (მანჩესტერ სიტი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი)

გოლი+პასი
27 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 22+5
19 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 14+5
17 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 9+8
15 - იაია ტურე (მანჩესტერ სიტი) - 11+4

ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები
10 - კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი)
9 - მატიე დებუში (ნიუკასლი), ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი)
წითელი ბარათი - 3 ქულა, ყვითელი - 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XXII ტური: მოურინიოს სარეკორდო მეასე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული