ჩამქრალი ვარსკვლავი ლუის გარსია: მარადიული სკაუზერი

AutoSharing Option
ლუის გარსია სანსმა 14 იანვარს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფეხბურთიდან მიდიოდა. განსაკუთრებული ამაში არაფერი ყოფილა. 35 წლის ნახევარმცველი ნოემბრის შემდეგ უკლუბოდ იყო დარჩენილი და, როგორც ჩანს, საკუთარ თავში ვეღარ იპოვა მოტივაცია აქტიურ სპორტში დასარჩენად. ფეხბურთელმა კარიერის საუკეთესო წლები "ლივერპულში" გაატარა და იმის მიუხედავად, რომ "ენფილდიდან" 7 წლის წინ წავიდა, "წითლების" გულშემატკივართა დამოკიდებულება მის მიმართ არ შეცვლილა.

ლუისის განცხადების შემდეგ ფანებმა მის სადიდებლად დაწერილი სიმღერები ტრიბუნებზე კიდევ ერთხელ შემოსძახეს. მერსისაიდელებს არ დავიწყებიათ, რომ 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში კლუბი სწორედ მისმა ზუსტმა
დარტყმამ გაიყვანა. გარსიას ინტერვიუ "ლივერპულის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა სთხოვა.

- ვერ წარმოიდგენთ, რამდენს ნიშნავს ჩემთვის ეს ყველაფერი. ალბათ, უთქმელად ხვდებით ჩემს დამოკიდებულებას "ლივერპულისა" და მისი გულშემატკივრების, ამ ქალაქის მიმართ. ვამაყობ, რომ მქონდა შანსი, მისი ღირსება დამეცვა და სხვებთან ერთად განმეცადა ის დაუვიწყარი მომენტები. სიცოცხლის ბოლომდე ლივერპულელი დავრჩები.

მსიამოვნებს, როცა ჩემ მიმართ თბილ სიტყვებს ვისმენ. გულშემატკივარმა იცის, რასაც განვიცდი, რადგან ამ ქალაქიდან წასვლა იოლი არასოდეს ყოფილა. შვიდი წლის შემდეგაც კი ისინი ჩემზე მღერიან, მიგზავნიან შეტყობინებებს, მეკითხებიან, ოდესმე დავბრუნდები თუ არა უკან. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

ფეხბურთიდან წასვლა იოლი გადასაწყვეტი არ იყო. წლების განმავლობაში ვიყავი კონცენტრირებული ფეხბურთზე, ვარჯიშებზე. ასე რომ, ერთი ხელის მოსმით ვერ შევძლებდი იმ საქმეს ჩამოვშორებოდი, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. მეორე მხრივ, კმაყოფილი ვარ, რომ შევძელი და კარგი კარიერა ავიწყვე დიდი კლუბების შემადგენლობაში. მოედანზე გატარებული თითოეული წუთით ვტკბებოდი, თუმცა მოვიდა დრო, რომ სხვა რამეზე გადავიტანო მთელი ყურადღება.

წლების განმავლობაში ვთამაშობდი სამშობლოსგან და ოჯახისგან შორს. ვიმეორებ, რთული გადასაწყვეტი იყო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ეს ოდესღაც უნდა მომხდარიყო. დადგა მომენტი, როცა ჩემს ოჯახს მეტი დრო უნდა დავუთმო. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში მიმიღია და ვხვდები, რომ არაფერს ვნანობ.

ბევრ კლუბში მითამაშია, მაგრამ არასდროს მიგრძვნია არაფერი მსგავსი, რაც "ლივერპულთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ განვიცადე. ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერაში ეს განსაკუთრებული მომენტი იქნებოდა. ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კლუბის შემადგენლობაში ვირიცხებოდი და მით უფრო, რომ მასთან ერთად ასეთი მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგე. 2005 წლის მაისი ყოველთვის უმნიშვნელოვანეს თარიღად დარჩება, რადგან შეუძლებელია რამე იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ისტორიის გამორჩეული ფურცლების წერაა.

ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა: ძლიერი გუნდი, შესანიშნავი ურთიერთობები ფეხბურთელებს შორის, ღირსეული მენეჯერი და დიდი კლუბი. ბიჭები ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობდით.

სწორედ ეს გიწყობს ხელს ყველაზე მეტად, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინო. კარგად ვთამაშობდი "ბარსელონაშიც", "ატლეტიკოშიც" და მექსიკაშიც კი, მაგრამ 2005 წლის "ლივერპული" თავისი ეპოქის საუკეთესო კლუბი იყო მსოფლიოში და საუკეთესო ფეხბურთი სწორედ იქ ვითამაშე. ხალხს დღემდე ახსოვს ჩემი გოლები "იუვენტუსისა" და "ჩელსის" წინააღმდეგ და ის ალბათ კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ.

დოსიე
ლუის გარსია სანსი
ასაკი: 35 წლის
დაიბადა: ბადალონა (ესპანეთი)
სკოლა: ბარსელონა (1994-97)
კარიერა: ბარსელონა B (1999-2002), ვალიადოლიდი (1999-2000, იჯარა), ტოლედო (2000, იჯარა), ტენერიფე (2000-01, იჯარა), ატლეტიკო (2002-03), ბარსელონა (2003-04), ლივერპული (2004-07), ატლეტიკო (2007-09), რასინგი (2009-10), პანათინაიკოსი (2010-11), პუებლა (2011-12), პუმასი (2012-13)
ესპანეთის ნაკრები: 20 თამაში, 4 გოლი
ტიტულები: ჩემპიონთა ლიგა (2005), უეფას სუპერთასი (2005), ასოციაციის თასი (2006), ქომუნითი შილდი (2006), ინტერტოტოს თასი (2007), უეფას წლის სიმბოლური (2005)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული