შოტლანდიელი სპეციალისტის თქმით, "მანჩესტერის" ქომაგები უფრო მეტ სიახლეს ზაფხულში უნდა ელოდონ. იქამდე კი "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს მატას იმედი აქვთ, ესპანელმა გუნდი სულ მცირე, ოთხეულში უნდა დააბრუნოს, რათა "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე არ დარჩეს. მატამ, რომელიც თავის ახალ გუნდში
- რამდენად რთული ან ადვილი იყო გადაწყვეტილების მიღება და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადმოსვლა?
- ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დიდ გუნდში ვითამაშებ. მინდა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად იმდენი ტიტული მოვიგო, რამდენიც შესაძლებელი იქნება. "ჩელსიში" გატარებული ბოლო 6 თვე რთული მონაკვეთი იყო. ახლა კი დარწმუნებული ვარ, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი მელოდება.
- თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანი იყო, სათამაშო დრო თუ "მანჩესტერ იუნაიტედში" ახალი ისტორიის შექმნის შანსი?
- ყველაფერი ერთად. მნიშვნელოვანია ამ გუნდის ისტორია და ფეხბურთელები, რომლებიც მასში არიან. დიდებული დახვედრა იყო. აქ შვეულმფრენით ჩამომიყვანეს, მწვრთნელი, ფეხბურთელები, გულშემატკივრები, მედია... ყველა ძალიან თბილად შემხვდა, რისთვისაც მადლიერი ვარ და მინდა, გუნდს კარგი თამაშით დავეხმარო, მადლობა გადავუხადო და თავდაჯერება დავუბრუნო. ახლა ჩემთვის მთავარია თამაში, მუდმივად მინდორზე ყოფნა.
- თქვენ "ჩელსიში" ძალიან კარგად გამოიყურებოდით, მაგრამ შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგეთ, რაც ბევრისთვის მოულოდნელი იყო. რამ გამოიწვია ეს?
- ეს ფეხბურთია, ფეხბურთში კი ყველაფერი, თითქმის ყველაფერი შეიძლება მოხდეს. "ჩელსიში" პირველი ორი სეზონი ბრწყინვალე გახლდათ. გუნდს უცბადვე შევეწყვე, ფანებმაც მალე შემიყვარეს. თუმცა ბოლო 6 თვე მძიმე გამოვიდა, რადგან დიდი სათამაშო დრო არ მეძლეოდა და შესაძლებლობებს ვერ ვავლენდი. ყოველთვის ვცდილობდი, თითოეული წუთი მაქსიმალურად გამომეყენებინა და ვარჯიშებზე ბოლომდე დავხარჯულიყავი. მე პატივს ვცემ იმას, რომ გუნდში ასეთი კონკურენცია იყო. ჟოზე მოურინიო ჩინებული სპეციალისტია, "ჩელსის" კი ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს პრემიერლიგაში. თუმცა, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარიანტი გამოჩნდა, ჩავთვალე, რომ ეს ჩემი კარიერის კარგად გაგრძელების დიდებული შანსი იყო.
- რატომ "მაჩესტერ იუნაიტედი"? რასაკვირველია, გუნდმა თქვენში ძალიან დიდი თანხა გადაიხადა, მაგრამ რომ არა ეს, განიხილავდით სხვა კლუბების ვარიანტებსაც, მათ შორის, პრემიერლიგის მიღმა? თუ კონკრეტულად "იუნაიტედში" გსურდათ თამაში?
- მე მინდოდა გადასვლა ისეთ გუნდში, რომელშიც ბედნიერი ვიქნებოდი და სათამაშო დრო მექნებოდა. გამიმართლა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოვჩნდი, რადგან ეს დიდი გუნდია; ალბათ, ყველაზე პოპულარული ინგლისური კლუბი, რომელსაც მსოფლიოს გარშემო უამრავი ქომაგი ჰყავს. მჯერა, რომ იმ შემადგენლობით, რომელიც გვყავს და იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ზაფხულში მოვლენ, წარმატებების მიღწევა შეგვიძლია და მომავალი წლები წარმატებული იქნება.
- ბევრს ეგონა, რომ თქვენ 7 ნომერს აირჩევდით, რომელიც "მანჩესტერისთვის" ძალიან სიმბოლური და დიდი დატვირთვის მქონეა, თუმცა საბოლოოდ 8-ნომრიანი მაისურა აირჩიეთ. როგორ მოხდა ეს პროცესი, შემოგთავაზეს 7 ნომერი და თქვენ უარი თქვით თუ...
- ჩემი აზრით, მე-8 ნომერი არანაკლებ კარგია და მე სავსებით მაკმაყოფილებს. ვიცი, რომ აქ 7 ნომერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მე და დევიდ მოიესმა ვისაუბრეთ ამაზე და საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ მე-8 ნომერი ჩემთვის კარგი ვარიანტი იქნებოდა. იმედია, ის იღბლიანი გამოდგება.
- რომელ პოზიციაზე ითამაშებთ, რომელ პოზიციაზე გსურთ "მანჩესტერში" თამაში?
- ვფიქრობ, ეს კითხვა დევიდს უნდა დაუსვათ... მე ყველგან ვითამაშებ. მსურს საუკეთესო თვისებები გამოვავლინო, ბოლომდე დავიხარჯო და გუნდს დავეხმარო, სარგებელი მოვუტანო. მინდა გავაკეთო კარგი გადაცემები, გავიტანო გოლები და მსურს მოვუმატო, გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი, სადამდეც შესაძლებელი იქნება.
- გაქვთ შეგრძნება, რომ გრანდის რიგებში ხართ?
- როგორც ვთქვი, "მანჩესტერი" დიდი გუნდია, რომელსაც პრემიერლიგაში ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული. ატმოსფეროც შესაბამისია და შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ მას მერე, რაც ბაზა ვნახე, გარემო შევიგრძენი, გულშემატკივრები ვიხილე. ნამდვილად მიხარია, რომ აქ ვარ.
- და ზეწოლაზე რას იტყვით? გრძნობთ თუ არა ფსიქოლოგიურ წნეხს, თუნდაც პრესის მხრიდან?
- მე მომწონს წნეხი, რადგან ეს ფეხბურთელს საშუალებას აძლევს, მოუმატოს და უკეთ ათამაშდეს. ეს ნორმალურია, როდესაც შენგან ბევრს ელიან. მინდა, გუნდს დავეხმარო, რადგან ეს ბრწყინვალე გულშემატკივრები გავახარო.
- კლუბები რომ შეადაროთ, ეს ტრანსფერი თქვენს კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯი იყო?
- კიდევ ერთხელ თუ გავიხსენებთ ბოლო 6 თვეს, რომელიც ჩემთვის რთული გამოდგა, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია. ზოგჯერ ცხოვრებასა და კარიერაში რაღაცის შეცვლაა აუცილებელი, ხომ ასეა? გამიმართლა, რომ ასეთ გუნდში აღმოვჩნდი და ისევ პრემიერლიგაში ვაგრძელებ თამაშს. ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა, რომელშიც თავს კარგად ვგრძნობ, აქაურობას კარგად ვეწყობი და ამ ქვეყანაში ბედნიერი ვარ.
- თუ უყურებდით "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშებს და როგორ დაახასიათებთ ამ კლუბს, რა მოგწონთ მასში?
- სიმართლე ითქვას, ყველაზე მეტად რაც მომწონს, ეს ამ გუნდის ხასიათია. სხვა კლუბი ახლა შეიძლება ფსიქოლოგიურად გატეხილიც ყოფილიყო ბოლო წარუმატებლობების გამო, მაგრამ "მანჩესტერი" არა. სხვას შესაძლოა წამყვან პოზიციებზე დაბრუნების იმედიც დაკარგული ჰქონოდა და ეს ვერც მოეხერხებინა, მაგრამ "მანჩესტერს" ამის გაკეთება და სიტუაციის შემოტრიალება ნამდვილად შეუძლია. ეს გუნდი ყოველთვის, ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძვის, ბოლომდე იბრძვის და სირთულეების დაძლევა შეუძლია.
- "მანჩესტერს" ახლა ახალი ძალა და მუხტი სჭირდება იმისთვის, რომ ლიდერთა შორის დაბრუნდეს. როგორ ფიქრობთ, თქვენ ხართ ის ფეხბურთელი, რომელიც ამას უზრუნველყოფს?
- იმედი მაქვს... იმედი მაქვს, რომ ვარ და შევძლებ გუნდის დახმარებას. ვთვლი, რომ ახლა დროა ვისიამოვნო, თამაშისგან მივიღო სიამოვნება და ვაჩვენო ის ფეხბურთი, რაც ჩემშია, რომლის თამაშიც შემიძლია და რომელსაც ვაჩვენებდი წინა სეზონებში ლონდონში. ახლა "მანჩესტერს" გარკვეული პრობლემები აქვს და ისეთი შედეგი, რომელსაც არ იმსახურებს. თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს ცვლილება გუნდსაც წაადგება და მეც. დარჩენილი შეხვედრებიდან რაც შეიძლება მეტი უნდა მოვიგოთ.
- რამდენად იმოქმედებს ეს ტრანსფერი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებასთან დაკავშირებით თქვენს შანსებზე?
- ცხადია, ეს ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე მუდმივი სათამაშო დრო და პრაქტიკა მჭირდება. როგორც იცით, ესპანეთის ნაკრებში მოხვედრა ძალიან რთულია, ბევრი ფეხბურთელი იბრძვის 23-კაციან სიაში ადგილისთვის, რომელიც ბრაზილიაში გაემგზავრება. მე კი ჩემი თამაშით უნდა ვაჩვენო მწვრთნელს, რომ მინდა ნაკრებში ყოფნა და უნდა ვიყო იქ.
- ბოლო პერიოდის გამო მუნდიალზე მოხვედრის შანსი დაკარგული გქონდათ?
- არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა ახლა აქ ვარ და თუ ყველაფერი კარგად წავა და საკუთარ თამაშს ვაჩვენებ, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების მშვენიერი შანსი მექნება.
- თქვენი თანამემამულე დავიდ დე ხეა თუ გეუბნებოდათ რამეს "მანჩესტერზე" ბოლო დღეებში?
- კი, იგი ხშირად მიმესიჯებდა. დავიდი მხოლოდ კარგ რაღაცებს მეუბნებოდა, რაც პრინციპში, ისედაც ვიცოდი – იმას, რომ ეს ძალიან დიდი გუნდია, ბრწყინვალე ფანებით, რომლებიც ყოველთვის, რთულ პერიოდებშიც ბოლომდე მხარში გიდგანან. იმას, რომ "მანჩესტერს" მსოფლიოს გარშემო უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, შემადგენლობა ძალიან კარგი და მეგობრულია. გუნდში კარგი ატმოსფეროა და მას ჰყავს ძლიერი მწვრთნელი... ახლა, როდესაც აქ ვარ, დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერი ბოლომდე სიმართლეს შეესაბამება.
- ზოგი მიიჩნევს, რომ არ იქნება ადვილი თქვენი და უეინ რუნის ერთად ყოფნა და შეთამაშება მინდორზე. რას იტყვით ამაზე?
- ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ მასთან ერთად. ჩემი აზრით, იგი ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ბრწყინვალე მოთამაშე, რომელსაც შეუძლია გოლების გატანა, საგოლე პასების გაკეთება, ნახევარდაცვაში ჩამოსვლა და ბურთის ატანა... ვფიქრობ, ერთმანეთს გავუგებთ. ვეცდები, მასთან კარგი კონტაქტი მქონდეს მინდორზე, რადგან ერთმანეთში მაქსიმალურად შევთამაშდეთ. მსურს, როგორც "მანჩესტერს" შეეფერება, ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ. ვეცდები, თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო და იმ პოზიციაზე ვითამაშო და ის ვაკეთო, რაც განსაკუთრებით კარგად გამომდის და სიამოვნებას მანიჭებს – ანუ გადაცემები გავუკეთო თავდამსხმელებს.
- თქვენ ამ ტრანსფერით უარი თქვით მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე. რამდენად დიდი მსხვერპლი იყო ეს და რამდენად მნიშვნელოვანია მომავალ სეზონში ამ ტურნირზე მოხვედრა თქვენთვის, რისთვისაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ოთხეულში უნდა გავიდეს?..
- ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კლუბისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის. "მანჩესტერი" ყოველთვის თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე და იქ გამოსვლას იმსახურებს. უნდა ვცადოთ, რომ ამ ტურნირის საგზური მოვიპოვოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"