ინგლისი. პრემიერლიგა. XXIV ტური: "ეშმაკების" მერვე მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
ადამი დიდი სამეულის წინააღმდეგ
მიმდინარე სეზონში "სტოკი" და "იუნაიტედი" მესამედ შეხვდნენ. "ეშმაკები", წინა ორის მსგავსად, მოგებას ახლაც გეგმავდნენ, მაგრამ... ჩემპიონების მორიგი მარცხის ასახსნელად რამდენიმე მიზეზის დასახელება შეიძლება, მათ შორის, საკადრო პრობლემების.

უკანა ხაზში დევიდ მოიესს ისედაც უჭირდა. რიო ფერდინანდს მთელი თვეა, არ უთამაშია, ნემანია ვიდიჩი კი დისკვალიფიცირებულია. მატჩის მიმდინარეობისას ამას ჯონი ევანსისა და ფილ ჯონსის ტრავმებიც დაერთო. ჩრდილოირლანდიელმა კუნთი დაიჭიმა, უკანასკნელმა კი ჯონათან უოლტერსთან ორთაბრძოლისას მეტოქეს თავი ისე მიარტყა, რომ სამედიცინო პერსონალმა პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანა. საბედნიეროდ, საშიში არაფერია. ჯონსს მაქსიმუმ
ორიოდე დღით მოუწევს დასვენება, თუმცა "ფულჰემთან" მისი ასპარეზობა გამორიცხულია, რადგან თავის ტრავმის შემდეგ ამას ლიგის წესები ითხოვს.

სტუმარს "დიდი სამეულის" მოედანზე ერთდროულად ყოფნამ ვერ უშველა. რობინ ვან პერსიმ ანგარიში ხუან მატას გადაცემით გაათანაბრა. ამის გაკეთება მეორედ უეინ რუნისაც შეეძლო, მაგრამ ასმირ ბეგოვიჩმა თავდამსხმელს ჯარიმა სასწაულ ნახტომში აუღო. მატჩის გმირი ჩარლი ადამი გახდა, ვინც ორი შორეული დარტყმით გუნდს სამი ქულა მოუტანა. პირველად მას მაიკლ კერიკის რიკოშეტი დაეხმარა, მეორედ კი ბურთი ფეხზე იდეალურად მოაჯდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პირველად 95 წლის შემდეგ
1919 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "სანდერლენდმა" ზედიზედ ორჯერ მოახერხა "ნიუკასლისთვის" სტუმრად მინიმუმ 3-3 გოლის გატანა. ზუსტად 100 წლის წინ შეხვედრა 2:5 დასრულდა, ხუთი წლის თავზე კი - 2:3. შეგახსენებთ, რომ შარშანდელი სეზონის მიწურულს, როცა "შავი კატები" პაოლო დიკანიომ ჩაიბარა, ექსცენტრიკული იტალიელის დებიუტი სწორედ "სენტ ჯეიმს პარკზე" შედგა და ანალოგიური ანგარიშით დასრულდა, როგორც ჩვენი მატჩი.

გუსტავო პოიეტის დანიშვნის შემდეგ "სანდერლენდი" საოცრად ათამაშდა. მან უკანასკნელი 8 შეხვედრიდან 6 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა, ლიგის თასზე კი "იუნაიტედს" პენალტების სერიაში სძლია და ფინალში "უემბლიზე" თამაშის უფლება მოიპოვა.

ამაღლებულ განწყობაზე მყოფ სტუმარს "ნიუკასლმა" ვერაფერი დაუპირისპირა. "კაჭკაჭებს" ჰქონდათ მომენტები, მაგრამ სტუმრები საკუთარ კარს თავგანწირვით იცავდნენ. ზოგჯერ ეს თავგანწირვა უხეშობის ზღვარზე გადიოდა, მომენტებში კი უდიდეს რისკს მოიცავდა, რამაც გაამართლა.

პირველი ნორვეგიული
ოლე გუნარ სულშერმა პირველი თამაში მოიგო "კარდიფში". არადა, ის წაგებასთან ისევ ახლოს იყო. სტუმრებმა ჯერ ანგარიში გახსნეს, მერე კი რამდენჯერმე მწვავედ შეუტიეს დევიდ მარშალის კარს. მასპინძლებმა სამი ქულა იანვარში გადაბირებული ფეხბურთელების წყალობით მოიპოვეს. 1:1-ზე ვილფრიდ ზაჰამ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და კრეიგ ბელამის გაატანინა.

ვეტერანი პირველი ფეხბურთელი შეიქნა, ვინც პრემიერლიგაში შვიდი სხვადასხვა გუნდის რიგებში მოახერხა თავის გამოჩენა. 2:1 უკვე კენუაინ ჯონსმა გახადა. ტრინიდადელმა მაღალ ბურთზე ბრძოლაც მოიგო და დამატებაზეც იმარჯვა. "ნორვიჩს" 4-5-ჯერ შეეძლო გათანაბრება. მარშალმა რამდენიმე "მკვდარი ბურთი" აიღო, ერთხელ კარის ხაზიდან ბელამიმ გამოიტანა, ერთხელ კი ბურთი ძელს მოხვდა.

"ჩაქუჩების" ორმაგი დუბლი
"ასტონ ვილა" ლივერპულს ზედიზედ მეორედ ესტუმრა. "ენფილდზე" ფრის შემდეგ "გუდისონ პარკზე" ბირმინგემელებს, ალბათ, მეტის იმედიც ჰქონდათ, მით უფრო, პირველი ტაიმის შემდეგ, მაგრამ "ევერტონმა" ამის შანსი არ მისცა. მასპინძლებმა შესვენების შემდეგ უზარმაზარი უპირატესობა მოიპოვეს. ანგარიში შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაათანაბრეს.

სტივენ პიენაარმა სტივენ ნეისმიტს გაატანინა. დუეტს შეხვედრის მიწურულს მეორედაც შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა სამხრეთაფრიკელის ჩაწოდების შემდეგ შოტლანდიელმა ახლო მანძილიდან ბრედ გუზანს ვერ აჯობა. ყველაზე თვალწარმტაცი მომენტი კევინ მირალიაშის ჯარიმა აღმოჩნდა. ბელგიელმა 23-24 მეტრიდან დიდებულად დასცხო.

"ქრევეინ კოტეჯზე" მომენტებს პირველ ტაიმში "ფულჰემი" ქმნიდა, მეორეში "საუთჰემპტონი", ოღონდ უკანასკნელი არა მარტო ქმნიდა. ტრიბუნებზე მოკალათებულ როი ჰოჯსონს "წმინდანების" ლიდერებმა ადამ ლალანამ, ჯეი როდრიგესმა და რიკი ლამბერტმა კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ნაკრების თავკაცს ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მათი წაყვანა არ უნდა დაავიწყდეს. ლამბერტმა "საუთჰემპტონის" რიგებში მე-100 გოლი გაიტანა.

"ბოლეინ გრაუნდზე" ენდი კეროლმა კევინ ნოლანს "მეორე სართულზე" მოგებული ბურთების წყალობით ორჯერ გაატანინა. ენდიმ 59-ე წუთზე კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო. ჰოვარდ ვებს თავისუფლად შეეძლო ყვითელი ბარათით დაკმაყოფილებულიყო, მით უმეტეს, რომ განზრახი ქმედება აშკარად არ ყოფილა და კონტაქტიც მინიმალური იყო. უბრალოდ, ჩიკო ფლორესმა დაცემისას სამხრეთელებისთვის ჩვეული არტისტიზმი მოიშველია.

ესპანელმა მეორედაც სცადა მსაჯის იმავე ანკესზე წამოგება, როცა კარლტონ კოულთან ბრძოლის შემდეგაც მიწაზე განერთხა. სემ ელერდაისმა ხსენებულ ეპიზოდში ფეხბურთელის საქციელს გამომწვევი დაცინვით უპასუხა.

წინა ტურში საშვილიშვილოდ შერცხვენილმა "ტოტენჰემმა" დიდი ხნის მოუგებელ "ჰალთან" მხოლოდ ფრედ ითამაშა. ანგარიში "დეზების" დაცვისთვის ტრადიციად ქცეული შეცდომის გამო გაიხსნა. ლონდონელებმა ერთთვიანი პაუზის შემდეგ გამოჩენილი პაულინიოს გოლით გაათანაბრეს. საინტერესო ის იყო, რომ დენი როუზი ბრაზილიელს პასს კი არ უკეთებდა, შორიდან ძლიერად და არაზუსტად ურტყამდა კარში.

მახვილი ზურგში
პეპე მელმა "ვესტ ბრომვიჩში" 4 შეხვედრა ჩაატარა და ჯერაც არ მოუგია - 2 ფრე, 2 წაგება. 50 წლის ესპანელის გუნდი ვერც დაცვაში ბრწყინავს და მაინცდამაინც არც თავდასხმაში წყვეტს ციდან ვარსკვლავებს. მასპინძელი, შესაძლოა, თამაშის ხარისხით "ლივერპულთან" ქულას იმსახურებდა კიდეც, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში რომ არა კოლო ტურეს შეცდომა, ის გოლს ვერ ეღირსებოდა.

32 წლის ივუარელმა ვიქტორ ანიჩებეს ბურთი მეკარესთან პირისპირ მდგომს ჩააბარა. სტუმართა მრისხანე თავდასხმა, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე და მხოლოდ ერთ გოლს დასჯერდა. ჩრდილში იდგა ლუის სუარესი, ვისმა შედეგიანობამაც დენიელ სტარიჯის მოედანზე დაბრუნების შემდეგ მკვეთრად იკლო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ემირეიტსზე" ისევ მშრალად
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა "არსენალის" შემადგენლობაში თავის 46-ე თამაშში მხოლოდ მე-4-მე-5 გოლები გაიტანა, რაც შემტევი ნახევარმცველისთვის ალბათ ცოტაა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელმა რამდენჯერმე მიიღო სერიოზული ტრავმა. აღსანიშნავია, რომ მას 2012 წლის 29 დეკემბრის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი.

ტონი პულისმა მაქსიმალურად სცადა მეტოქისთვის სივრცის შეზღუდვა, თუმცა, თუკი პირველ ტაიმში კიდევ რაღაც გამოსდიოდა, მეორეში ძალა აღარ ეყო. "მეთოფეები" კომბინაციური ფეხბურთის ხარჯზე იოლად პოულობდნენ გამოსავალს. გატანა თავის მხრივ სტუმარსაც შეეძლო, მაგალითად, მარუან შამახსა და კემერონ ჯერომს. დაბოლოს, გეტყვით, რომ "არსენალმა" ზედიზედ მე-4 საშინაო შეხვედრაში მოახერხა საკუთარი კარის მშრალად შენახვა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პრემიერლიგა. XXIV ტური

ნიუკასლი-სანდერლენდი 0:3
გოლები: 0:1 ბორინი (19-პენ), 0:2 ა. ჯონსონი (23), 0:2 კოლბეკი (80)
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - დებუში, ს. ტეილორი, უილიამსონი, სანტონი (64. დამეტი) - ანიტა (74. მარვო), ტიოტე - ბენ არფა, სისოკო, ს. ამეობი (46. . დე იონგი) - შ. ამეობი
სანდერლენდი (4-2-3-1): მანონე - ბერდსლი, ბრაუნი, ოში, მ. ალონსო - კი, კოლბეკი - ბრიდკატი, ა. ჯონსონი (77. ლარსონი), ბორინი (89. გარდნერი) - ალტიდორი
გაფრთხილება: სანტონი, დამეტი - ოში, ბორინი
კარში დარტყმა: 28-16 (10-5) კუთხური: 7-3 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 18-13 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 52 280

ვესტ ჰემი-სუონსი 2:0
გოლები: 1:0 ნოლანი (26), 2:0 ნოლანი (45+1)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - დემელი, კოლინსი, ტომკინსი, მაკარტნი - ნოუბლი, მ. ტეილორი (79. რიდი) - დაუნინგი, ნოლანი (87. ნოჩერინო), ჯარვისი (65. კ. კოული) - კეროლი
სუონსი (4-2-3-1): ტრემელი - ტიენდალი, ჩიკო, უილიამსი, ბ. დევისი - დე გუზმანი, ამატი (62. პოსუელო) - დაიერი (76. ნგოგი), შელვი (70. პ. ერნანდესი), როტლეჯი - ბონი
გაფრთხილება: ნოუბლი -
გაძევება: ე. კეროლი (59) -
კარში დარტყმა: 11-20 (4-0) კუთხური: 8-11 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 7-7 ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 31 848

კარდიფი-ნორვიჩი 2:1
გოლები: 0:1 სნოდგრასი (5), 1:1 ბელამი (49), 2:1 ჯონსი (50)
კარდიფი (4-4-2): მარშალი - ჯონი, ბ. ტერნერი, კოლკერი, ფ. და სილვა (75. თეოფილ-კეტრინი) - ნუნი, მატჩი (67. მატჩი), მედელი, უიტინგემი (39. ზაჰა) - ბელამი, ჯონსი
ნორვიჩი (4-4-2): რადი - მარტინი, ბასონგი, რ. ბენეტი, მ. ოლსონი - სნოდგრასი, ბ. ჯონსონი (75. ფერი), ტეტი, გუტიერესი (76. რედმონდი) - ელმანდერი (75. ვან ვოლფსვინკელი), ჰუპერი
გაფრთხილება: ნუნი - რ. ბენეტი, ელმანდერი, ტეტი, სნოდგრასი
კარში დარტყმა: 14-27 (5-6) კუთხური: 7-14 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 8-9 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 26 748

ევერტონი-ასტონ ვილა 2:1
გოლები: 0:1 ბაკუნა (34), 1:1 ნეისმიტი (74), 2:1 მირალიაში (85)
ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი - სტოუნსი (70. ნეისმიტი), ჯაგიელკა, დისტენი, ბეინსი - მაკარტი, ბერი, მაკგიდი (88. ჰიბერტი), ოსმანი ბერკლი (46. პიენაარი) - მირალიაში
ასტონ ვილა (4-4-1-1): გუზანი - ბეიკერი, ვლაარი (80. ოლბრაიტონი), კლარკი, ბერტრანი - ბაკუნა, დელფი, ვესტვუდი, ვაიმანი (87. ტონევი) - ჰოლტი (61. ელ აჰმადი), ბენტეკე
გაფრთხილება: ბეინსი -
კარში დარტყმა: 13-4 (6-1) კუთხური: 13-1 თამაშგარე: 9-3 ჯარიმა: 4-18 ბურთის ფლობა: 71%-29%
მაყურებელი: 39 469

ფულჰემი-საუთჰემპტონი 0:3
გოლები: 0:1 ლალანა (64), 0:2 ლამბერტი (70), 0:3 ჯ. როდრიგესი (75)
ფულჰემი (4-3-3): სტეკელენბურგი - რიტერი, ბერნი, ჰანგელანდი, რიჩარდსონი - სიდუელი, პარკერი (74. კასამი), კვისტი (83. ტანკოვიჩი) - ჰოლტბი, ბენტი, დაფი (65. დემპსი)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - ჩემბერსი (58. კლაინი), ფონტე, იოშიდა, შოუ - შნაიდერლინი, ვანიამა (46. კორკი) - ლალანა, ს. დევისი, როდრიგესი (87. გალაგერი) - ლამბერტი
გაფრთხილება: - როდრიგესი, ვანიამა, შნაიდერლინი
კარში დარტყმა: 8-17 (4-5) კუთხური: 4-5 თამაშგარე: 5-2 ჯარიმა: 10-9 ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 25 700

ჰალი-ტოტენჰემი 1:1
გოლები: 1:0 ლონგი (12), 1:1 პაულინიო (61)
ჰალი (4-2-3-1): ჰარპერი - როსენიორი, დევისი, მაკშეინი, ფიგეროა - ელ მოჰამადი (70. კორენი), მეილერი, ჰადლსტოუნი, ბრეიდი (69. ბოიდი) - იელავიჩი (88. საგბო), ლონგი
ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, როუზი - ბენტალები, პაულინიო, ლენონი, ერიქსენი - სოლდადო, ადებაიორი (90. კეინი)
გაფრთხილება: მეილერი - სოლდადო
კარში დარტყმა: 9-19 (4-3) კუთხური: 4-10 თამაშგარე: 4-5 ჯარიმა: 13-9 ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 24 932

სტოკი-იუნაიტედი 2:1
გოლები: 1:0 ადამი (38), 1:1 ვან პერსი (47), 2:1 ადამი (52)
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, უილსონი, პიტერსი - უელანი (83. პალასიოსი), ადამი - უოლტერსი (60. აირლანდი), არნაუტოვიჩი (72. არნაუტოვიჩი), ოდემვინგი - კრაუჩი
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - ფ. ჯონსი (45. უელბეკი), სმოლინგი, ევანსი (10. რაფაელი), ევრა - კლევერლი, კერიკი - იანგი, მატა, რუნი - ვან პერსი (78. ერნანდესი)
გაფრთხილება: უოლტერსი, კემერონი - რუნი, კერიკი
კარში დარტყმა: 13-19 (6-4) კუთხური: 7-10 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 18-7 ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 26 547

ბრომვიჩი-ლივერპული 1:1
გოლები: 0:1 სტარიჯი (24), 1:1 ანიჩებე (67)
ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - ჯონსი, მაკაული, ოლსონი (41. ლუგანო), რიჯუელი - იაკობი, მულუმბუ, ბრანტი, გერა - ბერაინო (64. ანიჩებე), ვიდრა (76. დორანსი)
ლივერპული (4-4-2): მინიოლე - ფლენაგანი (74. კელი), შკრტელი, ფ. ტურე, სისოხო - ჯერარდი, ჰენდერსონი, კოუტინიო (74. ალენი), სტერლინგი - სტარიჯი, სუარესი
გაფრთხილება: იაკობი, რიჯუელი, მულუმბუ, ლუგანო - სუარესი, ჯერარდი
კარში დარტყმა: 12-12 (4-3) კუთხური: 3-4 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 13-15 ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 26 132

არსენალი-პალასი 2:0
გოლები: 1:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (47), 2:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (73)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - არტეტა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი - პოდოლსკი (73. როსიცკი), იოზილი (84. გიბსი), კასორლა - ჟირუ (84. ბენდტნერი)
პალასი (4-4-2): სპერონი - ვორდი, გებიდონი, დელეინი, პარი - დიკგაჩოი, ჟედინაკი, პანჩეონი, ბოლასი - შამახი (82. გეილი), ჯერომი (56. ბენანი)
გაფრთხილება: მერტეზაკერი - შამახი, დელეინი
კარში დარტყმა: 10-8 (6-2) კუთხური: 6-5 თამაშგარე: 0-3 ჯარიმა: 9-14 ბურთის ფლობა: 73%-27%
მაყურებელი: 60 005

3 თებერვალი
მანჩესტერ სიტი-ჩელსი 00:00

ბომბარდირები: 23 - ლუის სუარესი (ლივერპული), 15 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 14 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული)

მომდევნო ტური
8 თებერვალი:
ლივერპული-არსენალი, ასტონ ვილა-ვესტ ჰემი, ჩელსი-ნიუკასლი, კრისტალ პალასი-ვესტ ბრომვიჩი, ნორვიჩი-მანჩესტერ სიტი, საუთჰემპტონი-სტოკ სიტი, სანდერლენდი-ჰალი, სუონსი-კარდიფი
9 თებერვალი:
ტოტენჰემი-ევერტონი, მანჩესტერ იუნაიტედი-ფულჰემი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული