კოლო ტურეს უბედურება

AutoSharing Option
"ჰაუტორნსზე" "ლივერპულმა" ქულები დაკარგა. ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ ლომის წილი ამაში კოლო ტურეს მიუძღვის, ვინც უხეირო პასით ვიქტორ ანიჩებე მეკარეს პირისპირ შეატოვა. ფეხბურთელი ამას თავადაც ხვდება და ბოდიშს იხდის. მიუხედავად მიუტევებელი შეცდომისა, ბრენდან როჯერსი არ აპირებს შეგირდის "ჩამოწერას". ყველას ესმის, რომ გამოცდილი ივუარელი მომდევნო თამაშებში გაათმაგებული ყურადღებით ითამაშებს.

"ვესტ ბრომვიჩთან" თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო, თუნდაც მინიმალური სხვაობით, მაგრამ ეს ასე უნდა მომხდარიყო. საშინელება ჩავიდინე. ეს იყო ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება, რაც კი კარიერის განმავლობაში მიმიღია. ვერაფერს გეტყვით, რატომ
დავაბრუნე ბურთი ცენტრისკენ. ალბათ, გონება მქონდა გადაკეტილი.

ხანდახან ისეთ რამეს აკეთებ, რაც ერთი შეხედვით ძალიან მარტივი გგონია, მაგრამ... შეცდომას როცა კი ვუშვებდი, შემდეგ მაგალითს აუცილებლად ვითვალისწინებდი. ჩემთვის "ბრომვიჩთან" მატჩი კიდევ ერთი გაკვეთილი იქნება. ვწუხვარ და თანაც მესმის, რომ ჩემი განცდები გაფუჭებულ საქმეს ვეღარ უშველის. ახლა მთავარია, გონზე რაც შეიძლება სწრაფად მოვიდე და თამაში გავაგრძელო,"
- აცხადებს ივუარელი.

როგორც შესავალში გამცნეთ, ფეხბურთელს თანადგომა გამოუცხადა "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა: "ჩემთვის მცველები ყველაზე გამბედავი ფეხბურთელები არიან მოედანზე, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული მთელი სისტემა. წელს ასეთ ტაქტიკას მრავალჯერ მოუტანია თავისი შედეგი. შეტევას ჩვენთან ძალიან ხშირად იწყებენ მცველები, რაც გარკვეულ საფრთხეს მოიცავს.

სამწუხაროდ, დღეს ერთ-ერთი ასეთი უიღბლობის მომსწრენი გავხდით. კოლო ტურეს შეცდომა, რასაკვირველია, ძალიან დასანანია, რადგან მას შემდეგ, რაც ვეტერანი ჩვენთან ირიცხება, გამონაკლისის გარეშე, ყოველთვის ბრწყინვალედ თამაშობდა. ერთი ქულა ნამდვილად არ არის ყველაზე ცუდი შედეგი, თუნდაც იმ ფონზე, რომ ღირსეულად ვთამაშობდით და უმეტესად, ვაკონტროლებდით კიდეც თამაშის მიმდინარეობას"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული