სამუელ ეტო'ო - საოცარი სტატისტიკის მქონე კამერუნელი

AutoSharing Option
29 იანვარს ხუთი თვე გავიდა, რაც "ჩელსიმ" მახაჩყალის "ანჟიდან" 32 წლის სამუელ ეტო'ო თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირა.

ლონდონური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ფეხბურთელთან ინტერვიუს ჩაწერა მას მერე გადაწყვიტა, რაც მან "მანჩესტერ იუნაიტედს" სამი გოლი გაუტანა.

ალბათ, გაინტერესებთ, როგორ ცხოვრობს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ბრიტანეთის დედაქალაქში...

...ის ხელებგაშლილი და სახეზე ღიმილით მირბოდა კუთხურის ალმიდან ტრიბუნების მიმართულებით. დიახ, სამუელმა იცის, როგორ აღნიშნოს თითოეული გოლი, რადგან კარიერის განმავლობაში მას უკვე 350-ზე მეტი ბურთი აქვს გატანილი. მათგან რამდენიმე დღემდე მიიჩნევა აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოთა
შორის.

სამუელის მოზეიმე სახე "სტემფორდ ბრიჯზეც" უკვე ჩვეულებრივ სანახაობად იქცა, რადგან ამ სტადიონზე თავდამსხმელმა უკვე 8 გოლის გატანა მოასწრო. მან მოახერხა და დაამტკიცა, რომ ამჟამად ფორმის პიკში იმყოფება.

19 იანვარს, კვირა დღეს, "იუნაიტედის" კარში პირველი გოლის გასატანად და დავიდ დე ხეას დასაშამათებლად მას მცირე რიკოშეტი დასჭირდა. ეტო'ოს შთამბეჭდავი ფინტი ფილ ჯონსის წინააღმდეგ და უფრო სუსტად განვითარებული მარცხენა ფეხით გატანის წარმატებული მცდელობა ხაზს უსვამს, თუ რამდენად დარწმუნებულია ის საკუთარ თავში, როცა მეტოქის კარის სიახლოვეს იმყოფება.

მეორე და მესამე გოლები კი იმის დადასტურება იყო, რომ მას ძველებურად შეუძლია, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეს. ჰეთ-თრიკის წყალობით ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, სუვენირად კი ბურთი ერგო. "ჩელსიმ" თავის წილად კი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

უმძიმესი მატჩის შემდეგ ეტო'ო საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

"ჩემთვის დიდი პატივია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება, ბურთი კი შესანიშნავი საჩუქარია. მიყვარს პრინციპულ შეხვედრებში თამაში. ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე ავუხსენი ჟოზეს, რამდენად ბევრს ნიშნავდა ეს ჩემთვის, თუმცა არც ის დამვიწყებია, რომ ძირითადში მოსახვედრად ძლიერ კონკურენტებთან მომიწევდა ჭიდილი.

კარგი გრძნობაა, როცა შანსი გეძლევა, შენ კი გუნდს გამარჯვებაში ეხმარები. პირველი გოლისას ბედმა გამიღიმა, მეორე და მესამე კი ნამდვილად კარგი გამომივიდა, თუნდაც იმიტომ, რომ ბურთი ჩემამდე იშვიათად აღწევდა. სამივე გოლი ნამდვილი გუნდური შემოქმედების ნაყოფი იყო, თუმცა უმთავრესი მაინც დამსახურებული 3 ქულაა...

შობის დღეებში ფეხბურთის თამაში განსაკუთრებული გამოცდილება აღმოჩნდა. ჟოზე მეუბნებოდა, რომ საზეიმო განწყობის ფონზე თამაში გამორჩეული იყო და ეს სიმართლე აღმოჩნდა.

აქამდე, შობაზე დროს ყოველთვის ოჯახთან ერთად ვატარებდი, მაგრამ აქაურმა შთაბეჭდილებებმა ყველაფერი გადაფარა. სწორედ "ჩელსიში" თამაშმა მომცა ამის შანსი. ამის შემდეგ შემიძლია მხოლოდ ბედნიერი ვიყო.

ამ ეტაპზე თითქმის ყველა მნიშვნელოვან ტურნირს შემოვრჩით. თუკი მსოფლიოში საუკეთესოები არ ვართ, ასეთთა შორის ნამდვილად ვიმყოფებით. არ ვიცი, სეზონის ბოლოს რამეს მოვიგებთ თუ არა, მაგრამ მთავარია, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად მიდის.

აქაური ფეხბურთი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვებისგან. უბრალოდ, არალოგიკურია პარალელების ძებნა კონტინენტურთან. ამიტომაც ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად გავიარო ადაპტაცია. არა მგონია, საბოლოოდ ეს ვერ შევძლო. მთავარია, ძალიან ბევრი ვიშრომო.

ფეხბურთი ჩემი ცხოვრების მხოლოდ ნაწილია, რომელშიც ვცდილობ, მაქსიმალურად შევიგრძნო ბედნიერება. სწორედ ამიტომ ვიღიმები ასე ხშირად. თუკი საქმე, რომელსაც ვაკეთებ, ბედნიერებას მანიჭებს, ამაზე უკეთესი რაღა უნდა იყოს?

ლონდონი შესანიშნავი ქალაქი რომ იყო, აქამდეც ვიცოდი. აქ წვიმაც კი სასიამოვნო ყოფილა. სილამაზესთან ერთად, მგონია, რომ ეს ქალაქი ცოცხალია. აქ ცხოვრება ერთი ბედნიერებაა".

საინტერესო ფაქტები ეტო'ოს შესახებ
* "ჩელსიში" გადასვლამდე სამუელ ეტო'ო მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახლდათ. წელიწადში მისი ხელფასი 20.5 მილიონ ევროს უტოლდებოდა.

* ის ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელსაც ე.წ. "ტრიპლი" (ჩემპიონთა ლიგა, ქვეყნის ჩემპიონატი, თასი) ორ სხვადასხვა კლუბთან ერთად აქვს მოგებული. თანაც ზედიზედ - 2009 წელს "ბარსელონაში", 2010-ში "ინტერში".

* 2010 წელს მან უნიკალური შედეგი აჩვენა, გაიტანა რა შვიდ სხვადასხვა ტურნირში: იტალიის ჩემპიონატში, იტალიის თასზე, იტალიის სუპერთასზე, ჩემპიონთა ლიგაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, აფრიკის ეროვნებათა თასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.

* ეტო'ო მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელია, ვინც მიჯრით ორჯერ იმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში სხვადასხვა გუნდის რიგებში. იქამდე ეს შეძლეს მარსელ დესაიმ (1993 - მარსელი, 1994 - მილანი), პაულო სოუზამ (1996 - იუვენტუსი, 1997 - დორტმუნდი) და ჟერარ პიკემ (2008 - მანჩესტერ იუნაიტედი, 2009 - ბარსელონა).

* მისი უმცროსი ძმებიც პროფესიულ დონეზე თამაშობენ ფეხბურთს. დავიდი სლოვენიურ "კოპერში" ირიცხება, ეტიენი - ავსტრიის მეორე ლიგის "ლუშტენაუში".

* სამუელს წლების განმავლობაში ჰქონდა ჟურნალისტებთან დაძაბული ურთიერთობა. ესპანეთში ერთ-ერთს ის ფიზიკური ანგარიშსწორებითაც კი დაემუქრა.

* ბავშვობაში სამუელს ყველაზე მეტად დედის ეშინოდა, რომელიც მას რეგულარულად სცემდა.

დოსიე
სახელი: სამუელ ეტო'ო ფილსი
დაიბადა: 1981 წლის 10 მარტი
სიმაღლე: 179 სმ

საკლუბო კარიერა: რეალი - 1997/2000, ლეგანესი - 1997/98 (იჯარა), ესპანიოლი - 1999 (იჯარა), მალიორკა - 2000/04, ბარსელონა - 2004/09, ინტერი - 2009/11, ანჟი - 2011/13, ჩელსი - 2013-დან

სანაკრებო კარიერა: 1997 წლიდან ასპარეზობს კამერუნის ნაკრებში - 112 თამაში, 55 გოლი. უთამაშია კამერუნის ახალგაზრდულ ნაკრებშიც

საკლუბო მიღწევები: ესპანეთის თასი 2003, 2009; ესპანეთის ჩემპიონი 2004/05, 2005/06, 2008/09; ესპანეთის სუპერთასი 2005, 2006; ჩემპიონთა ლიგა 2005/06, 2008/09, 2009/10; იტალიის ჩემპიონი 2009/10; იტალიის თასი 2010, 2011; იტალიის სუპერთასი 2010; ფიფას საკლუბო ჩემპიონატი 2010;

სანაკრებო მიღწევები: აფრიკის ეროვნებათა თასი 2000, 2002; ოლიმპიური ჩემპიონი 2000.

ინდივიდუალური მიღწევები: აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი 2003, 2004, 2005, 2010; ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 2006; წლის საუკეთესო თავდამსხმელი 2006; ფიფას საკლუბო ჩემპიონატის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი 2010; ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი 2006; მსოფლიოს საუკეთესო მესამე ფეხბურთელი 2005; აფრიკის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი 2000; ევროპის სპორტული მედიის სიმბოლური ნაკრების წევრი 2004/05; 2005/06, 2008/09, 2010/11; ევროპის წლის სიმბოლური ნაკრების წევრი 2005 2006; აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი 2006, 2008; აფრიკის ეროვნებათა თასის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი; მალიორკას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი; კამერუნის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული