"ფულჰემი"-"ლივერპული": მენტალურადაც უფრო ძლიერი

AutoSharing Option
"არსენალთან" გოლების ფეიერვერკის შემდეგ "ლივერპულისგან" კიდევ ერთ წარმატებას ითხოვდნენ და საბოლოოდ ბრენდან როჯერსის გუნდმა ეს მოახერხა კიდეც.

"წითლების" თამაშის ხარისხი შორს იყო იმისგან, რაც რამდენიმე დღის წინ "ენფილდზე" ვიხილეთ, თუმცა სამი ქულისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა. სტუმარი გუნდი კინაღამ საკუთარმა უკანა ხაზმა გაწირა. კოლო ტურეს საკუთარ საჯარიმოში ორჯერ აუცდა ფეხი ბურთზე. პირველად 32 წლის ვეტერანს გაუმართლა, მეორედ კი სიმონ მინიოლეს ზურგს უკან აღმოჩნდა.

ივუარელმა მთლიანობაში კარგად კი ითამაშა, მაგრამ ავტოგოლმა ისე დააბნია, რომ ერთ ეპიზოდში კინაღამ ფილ დაუდი დაამტვრია. მეორე გოლი
უკვე მარტინ შკრტელისა და ჯონ ფლენაგანის შეუთანხმებელ მოქმედებას მოჰყვა.

თანაგუნდელებმა ერთმანეთს შეუშალეს ხელი და ბურთი კირან რიჩარდსონს ჩააბარეს. სამაგიეროდ, მოწოდების სიმაღლეზე იყო "ლივერპულის" თავდასხმა. განსაკუთრებით ეფექტური იყო დენიელ სტარიჯის გოლი, ვინც სტივ ჯერარდისგან 40-მეტრიანი პასი ერთი შეხებით დაამუშავა და მაარტენ სტეკელენბურგს შანსი არ დაუტოვა. ჰოლანდიელს ვიდრე შეეძლო, დამაჯერებლად თამაშობდა, თუმცა 75-ე წუთზე ლუის სუარესთან შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა და შესაცვლელი გახდა.

2014 წელს პირველი გოლი გაიტანა ფილიპე კოუტინიომ. ბრაზილიელმა საჯარიმოს მისადგომებიდან დასცხო. მატჩის ბედი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გადაწყდა. საშა რიტერმა სტარიჯის წინააღმდეგ დაარღვია თამაშის წესი. ჯერარდმა ბოლო 6 ტურში მე-3 პენალტი გამოიყენა.

ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "ფულჰემს" ჩვენს კართან სერიოზული შანსები თითქმის არ ჰქონია. ავტოგოლის გარდა, მასპინძელს მეორედაც გაუმართლა, როცა ჩვენივე შეცდომის გამო მეორედ დაწინაურდა. "ლივერპული" კი იმ გუნდს ჰგავდა, რომელიც მოთმინებით ელოდა საკუთარ შანსს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რომელთაც უზარმაზარი ძალისხმევა დასჭირდათ შედეგის მისაღწევად. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ.

დღეს მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩავაბარეთ და ისიც ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. ამასთან, ალბათ რწმუნდებით, რომ "ლივერპული" არა მხოლოდ სათამაშო კომპონენტებში უმატებს, არამედ მენტალურადაც უფრო ძლიერი ხდება. დარწმუნებული ვარ, შარშანდელ სეზონში ასეთ შეხვედრას წავაგებდით. მიხარია დანიელ აგერის დაბრუნება, ვისაც, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წუთი ითამაშა, სამჯერ მოუხდა თამაშში ჩართვა და ბურთის საჯარიმოდან გამოტანა".


რენე მალენსტენი (ფულჰემი): "ჩემპიონატის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და შესაბამისად, პრემიერლიგაში დასარჩენად ჩვენი შანსებიც კლებულობს. იმედია, "ფულჰემი" მომდევნო შეხვედრებში უფრო დამაჯერებლად ითამაშებს, რადგან აშკარაა, რომ "ლივერპულთან" ძალიან გაგვიჭირდა. მართალია, დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ, მაგრამ დავმარცხდით. ეს არის გუნდი, რომელიც ბრძოლას მხოლოდ მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ წყვეტს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული