ინგლისი. ასოციაციის თასი. V ეტაპი: ვენდეტა 12 დღის თავზე [VIDEO]

AutoSharing Option
ასოციაციის თასის მე-5 ეტაპზე უკანასკნელი 5 გათამაშების გამარჯვებულები შემორჩენილები იყვნენ. 2011 წელს თასი "სიტიმ" მოიგო, 2012-ში (ისევე, როგორც იქამდე - 2008 და 2009 წლებში) "ჩელსიმ", შარშან კი ტრიუმფატორი "უიგანი" გახდა.

წილისყრამ პირველი ორი ერთმანეთს შეახვედრა. საქმე მხოლოდ მიმდინარე ტურნირის ორი მთავარი ფავორიტის დაპირისპირებაში არ იყო. ეს წყვილი ამავე სტადიონზე ერთმანეთს პრემიერლიგაში 12 დღის წინ შეხვდა. სტუმარმა მაშინ იდეალური ფეხბურთი ითამაშა და "ქალაქელებს" "ეტიჰადზე" წაუგებელი სერია და საშინაო შეხვედრებში ზედიზედ გატანილი გოლების სერიები შეაწყვეტინა.

და აი, სულ რამდენიმე დღის შემდეგ მანუელ
პელეგრინის რევანშის შანსი მიეცა და მან ეს გამოიყენა კიდეც. არ ვამბობთ, რომ ინგლისის თასისა და ჩემპიონატის შეხვედრების თანაზომადობა დათვლადია, თუმცა "სიტისთვის" ეს მაინც შეიძლება გარკვეულ ფსიქოლოგიურ კომპენსაციად იქცეს.

დაპირისპირება, გარკვეულწილად, გააუფერულა ჟოზე მოურინიოს უცნაურმა დამოკიდებულებამ თამაშისადმი. პორტუგალიელს ცოტა დააკლდა, რომ შეხვედრის დაწყებამდე გამოეცხადებინა კაპიტულაცია. მწვრთნელის თქმით, ის არ ინერვიულებდა თასის გათამაშებაში ნაჩვენები შედეგის გამო. "განსაკუთრებულმა კაცმა" მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შეგირდების გმირობას ჩემპიონატში და დასძინა, რომ კონკრეტულ თამაშში გასაანალიზებელს ვერაფერს ხედავს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, მწვრთნელებმა ტურნირს პატივი სცეს და მოედანზე იდეალური თუ არა, საკმაოდ ძლიერი შემადგენლობები გამოიყვანეს. პრემიერლიგის შეხვედრისგან განსხვავებით, "სიტი" მთელ თამაშს აკონტროლებდა. სტუმარმა მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი საგოლე მომენტები შექმნა, თუ ასეთად საერთოდ შეიძლება მივიჩნიოთ ვილიანის დარტყმა პირველი ტაიმის მიწურულს, რომელიც კარს 8-9 მეტრით ასცდა.

სტევან იოვეტიჩმა ანგარიში ედინ ჯეკოს პასის შემდეგ გახსნა. ჩერნოგორიელი მეკარესთან პირისპირ გავიდა და შორეულ კუთხეში დაურტყა. მეორედ ჩეხის ციხე-სიმაგრე შესვენების შემდეგ დაეცა. შეცვლაზე შესულმა სამირ ნასრიმ დავიდ სილვასთან ელემენტარული კომბინაცია გაითამაშა, რომელსაც ლონდონელთა უკანახაზელებმა მხოლოდ თვალი გააყოლეს და ცარიელ კარში შეაგორა.

ობიექტურები ვიქნებით და ვიტყვით, რომ სილვა პასის მომენტში დავიდ ლუისზე ოდნავ წინ იმყოფებოდა. შესაბამისად, გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. სამაგიეროდ, ფილ დაუდი აღარ შემცდარა, როცა იმავე მიზეზის გამო ჯოლეონ ლესკოტს დამატებაზე გატანილი ბურთი არ ჩაუთვალა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფინალის გმირი ისევ ფორმაშია
შარშან ასოციაციის თასის ფინალში "სიტის" მარცხი "უიგანთან" სენსაციად შეირაცხა. ტურნირის მთავარი გმირი 28 წლის ბენ უოტსონი გახდა, ვინც შეხვედრის ბოლო წუთზე "ათლეტების" ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფურცელი ჩაწერა. კუთხურის გათამაშების შემდეგ მან ახლო მანძილიდან თავურით დააშამათა რობერტო მანჩინის გუნდი.

როგორც ჩანს, უოტსონისთვის თასის თამაშები განსაკუთრებულ მოტივაციას წარმოადგენს. ცენტრალურმა ნახევარმცველმა ამჯერადაც გამოიჩინა თავი. მან საჯარიმოს გათამაშების შემდეგ 27-28 მეტრიდან პირდაპირ კარში დასცხო. პრემიერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარე დევიდ მარშალმა რეაქცია დააგვიანა.

"კარდიფ სიტი სტედიუმზე" გამართულ შეხვედრას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ თვალისმომჭრელ სანახაობას. მოედანზე უფრო მეტი ქაოსი იყო, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლებოდა წარმოგვედგინა. პირველი ორი გოლიც სწორედ მსგავს სიტუაციებში გავიდა.

სანდერლენდი-საუთჰემპტონი 1:0
გოლი: 1:0 გარდნერი (49)
სანდერლენდი: უსტარი, ჩელუსტკა, ვერჟინი, ოში, დოსენა (76. ალონსო), კატერმოული, გარდნერი (82. კოლბეკი), ჯაკერინი, სკოკო (68. უიკჰემი), ბორინი
საუთჰემპტონი: კ. დევისი, კლაინი, იოშიდა, ჰოიველდი, შოუ, ს. დევისი, ვანიამა, ვორდ-პრაუსი (61. შნაიდერლინი), დო პრადო (61. როდრიგესი), ლალანა (81. მაკუინი), ლამბერტი

კარდიფი-უიგანი 1:2
გოლები: 0:1 მაკანი (18), 1:1 კემპბელი (27), 1:2 უოტსონი (40)
კარდიფი: მარშალი, ტეოფილ-კეტრინი, კოლკერი, კალა, ტეილორი, მედელი (46. კოუი), ეიკრემი (77. კიმი), დელი, ბერგეტი (60. ნუნი), ზაჰა, კემპბელი

სიტი-ჩელსი 2:0
გოლები: 1:0 იოვეტიჩი (16), 2:0 ნასრი (67)
სიტი: პანტილიმონი, საბალეტა, კომპანი, ლესკოტი, კლიში, მილნერი, ხ. გარსია, ი. ტურე, დ. სილვა (69. ნავასი), ჯეკო (81. ნეგრედო), იოვეტიჩი (61. ნასრი)
ჩელსი: ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ლუისი, ასპილიკუეტა, მიკელი, მატიჩი, რამირესი (61. ტორესი), ვილიანი (71. ოსკარი), აზარი, ეტოო (46. სალაჰი)

ევერტონი-სუონსი 3:1
გოლები: 1:0 ტრაორე (5), 1:1 დე გუზმანი (16), 2:1 ნეისმიტი (65), 3:1 ბეინსი (72-პენ)
ევერტონი: რობლესი, კოულმენი, ჯაგიელკა, დისტენი, ბეინსი, ბერი, მაკარტი, პიენაარი, ბერკლი (61. ოსმანი), მირალიაში (67. დელოფეუ), ტრაორე (61. ნეისმიტი)
სუონსი: ტრემელი, ნ. ტეილორი, ამატი, ბარტლი (31. უილიამსი), დე გუზმანი, რუტლეჯი (46. დაიერი), ერნანდესი, რიჩარდსი, კანიასი, ლამა (69. ლიტა), ვასკესი

შეფილდ იუნ-ნოტინგემი 3:1
გოლები: 0:1 პატერსონი (28), 1:1 კოადი (66), 2:1 პორტერი (90), 3:1 პორტერი (90+2)

არსენალი-ლივერპული 2:1
გოლები: 1:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (16), 2:0 პოდოლსკი (47), 2:1 ჯერარდი (60-პენ)
არსენალი: ფაბიანსკი, ჯენკინსონი, კოშელნი, მერტეზაკერი, მონრეალი, არტეტა, ფლამინი, პოდოლსკი (68. კასორლა), იოზილი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (76. გიბსი), სანოგო (88. ჟირუ)
ლივერპული: ჯონსი, ფლენაგანი, შკრტელი, აგერი, სისოკო (62. ჰენდერსონი), ჯერარდი, ალენი, კოუტინიო, სტერლინგი, სუარესი, სტარიჯი

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეფილდ უენ-ჩარლტონი გადაიდო

17 თებერვალი
ბრაიტონი-ჰალი 23:45

მომდევნო ეტაპზე ერთმანეთს შეხვდებიან: არსენალი-ევერტონი, მანჩესტერ სიტი-უიგანი, ბრაიტონი/ჰალი-სანდერლენდი, შეფილდ იუნაიტედი-შეფილდ უენ/ჩარლტონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული