ფელიქს მაგათის ლონდონური პერსპექტივა

AutoSharing Option
"ფულჰემის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ფელიქს მაგათის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის ამბავი პარასკევს საღამოს დაადასტურა. ეს იმ დროს, როცა მთელ გერმანიას გადაწყვეტილი ეგონა გაუბედურებულ "ჰამბურგში" "რკინის ფელიქსის" დაბრუნება.

მხარეებმა 18-თვიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. 60 წლის გერმანელი პირველია თანამემამულეთა შორის, ვისაც პრემიერლიგაში მუშაობის საშუალება მიეცემა. ამასთან, მაგათისთვის ეს პირველი არაგერმანული კლუბია. ცხადია, მისი უმთავრესი (ალბათ, ერთადერთიც) ამოცანა გუნდის პრემიერლიგაში დატოვებაა. ამისთვის მას მე-17 ადგილთან 4-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა მოუწევს. აი, რას ამბობს თავად:

"მაშ ასე, ვიწყებთ მუშაობას. მიხარია, რომ ფეხბურთს ვუბრუნდები. "ფულჰემში" მოთამაშეებისა თუ მწვრთნელებისთვის
იდეალური გარემოა შექმნილი. შაჰიდ ხანმა პირადად დამარწმუნა, რომ ღირდა ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება".

პირველი შეხვედრა, რომელშიც მაგათი გუნდს სათამაშოდ გაიყვანს, 22 თებერვალს, ვესტ ბრომვიჩის "ჰაუტორნსზე" შედგება. ფელიქსს გუნდში სამი ისეთი ფეხბურთელი დახვდა, ვისთანაც მას უკვე უმუშავია: მაგათი ლუის ჰოლტბის რამდენიმე თვის განმავლობაში "შალკეში" წვრთნიდა, აშკან დეჟაგასა და საშა რიტერთან ერთად კი მთელი ორი წელი მუშაობდა "ვოლფსბურგში", თანაც ისინი 2007 წელს "მგლებში" პირადად მიიყვანა.

"მივესალმები ფელიქს მაგათს ჩვენს კლუბში. ის გამოცდილი მენეჯერია, რომელსაც არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია ბუნდესლიგაში და შეუძლია, თავისი გერმანული გამოცდილება აქაც გამოიყენოს. განსაკუთრებით მოხიბლული ვარ იმით, რომ მას სატურნირო თვალსაზრისით გაჭირვებული კლუბების გადამრჩენელის რეპუტაცია აქვს. მან იცის, თუ რამდენად რთული ამოცანა აკისრია, თუმცა მზად არის ამ გამოწვევისთვის," - განაცხადა "ფულჰემის" მესაკუთრე შაჰიდ ხანმა.

"ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესს ერთი უცნაური თვისება აქვს. მას ისეთ თემებზე ლაპარაკიც უყვარს, რომლებზეც არავინ არაფერს ეკითხება. იმის ნაცვლად, რომ თანამემამულისთვის წარმატება ესურვებინა, მას ლანძღვა დაუწყო:

"ვიცოდი, რომ მაგათი სამწვრთნელო კარიერას გერმანიის ფარგლებს გარეთ განაგრძობდა, რადგან ჩვენს ქვეყანაში მას მომავალი აღარ აქვს. ფელიქსს შანსს მხოლოდ იმ ქვეყნებში თუ მისცემდნენ, სადაც ნაკლებად იცნობენ. მოთამაშეებთან ის ყოველგვარ ზღვარს სცდება. მაგათისთვის ნორმაა, როცა ფეხბურთელი გამოწურულ ლიმონს ემსგავსება. ის არ დაგიდევთ, რომ ამით სხვების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. გარკვეული პერიოდი შესაძლოა, ამას შედეგი მოაქვს კიდეც, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კატასტროფით მთავრდება. ამას იმ გუნდების ისტორიაც მოწმობს, სადაც მას უმუშავია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული