ინგლისი. პრემიერლიგა. XXVIII ტური: კვიცი ფავორიტად იქცა [VIDEO]

AutoSharing Option
მწვრთნელის თავური
ჰალში გამართული შეხვედრა კარგი სანახავი გამოდგა და ამაზე ქვემოთ ორიოდე სიტყვით ვილაპარაკებთ, თუმცა მთავარი, რაც გულშემატკივარს შეიძლება დაახსომდეს, მოედნის ფარგლებს გარეთ მოხვდა. დევიდ მეილერი აუტის მოსაწოდებლად გაემართა, როცა გზად მდგარ ალან პარდიუს ხელი უმნიშვნელოდ უბიძგა.

მწვრთნელის რეაქცია გამაოგნებელი იყო: "ნიუკასლის" თავკაცი ფეხბურთელს თინეიჯერი მამლაყინწასავით აეტუზა და სახეში თავი ჩაარტყა. მოჩხუბართა შორის სასწრაფოდ ჩადგა ხალხი. შედეგად მეილერმა ყვითელი ბარათი მიიღო, პარდიუმ კი საპატიო სტუმართა ლოჟაში გადაინაცვლა.

მიუხედავად საჯაროდ მოხდილი ბოდიშისა, კლუბმა მწვრთნელს 100-ათასიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ინციდენტს დამოუკიდებლად განსჯის
საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტიც. პარდიუსთვის მსგავსი ინციდენტი პირველი არ არის. ჟურნალისტებმა გაიხსენეს მისი ჩხუბი გვერდითა არბიტრთან, ასევე, მარტინ ონილთან და თვით არსენ ვენგერთანაც კი.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს: მასპინძელს "ნიუკასლისთვის" საქმის მომთავრება ჯერ კიდევ პირველ ტაიმში შეეძლო. რეალური საგოლე შანსი გაანიავა ალექს ბრუსმა, ვინც ერთ ეპიზოდში ჯერ თავურით ვერ აჯობა ტიმ კრულს და მერე დამატებაზეც ვერ ივარგა. ნიკიცა იელავიჩმა პირველად ახლო მანძილიდან ააცილა კარს, მეორედ კი ჯარიმა ხარიხას გაარტყა. სტუმრებმა კი, თავის მხრივ, იდეალურად გამოიყენეს მეტოქის დაცვის შეცდომები. განსაკუთრებით სცოდავდა ჰონდურასელი მეინორ ფიგეროა.

მესამე გერმანული ჰეთ-თრიქი
"ჩელსიმ" უმნიშვნელოვანესი დერბი მოიგო და ცხრილში უახლოეს მდევარს უკვე 4 ქულით გაუსწრო. "სიტის", გამოტოვებული შეხვედრების გათვალისწინებით, დაწევა კი შეუძლია, მაგრამ მან ეს ქულები ჯერ კიდევ უნდა დაიმსახუროს. ასე რომ, ჟოზე მოურინიოს კვიცი მარათონულ დისტანციაზე პირველ ფავორიტად გადაიქცა.

"ფულჰემმა" თანაქალაქელს წინააღმდეგობა თითქმის ვერ გაუწია. მომენტები, ძირითადად, მაარტენ სტეკელენბურგის კართან იქმნებოდა. ჰოლანდიელმა ორჯერ თავად მოახერხა სიტუაციის გამწვავება, როცა ბურთი გამოტანის ნაცვლად სტუმარ ფეხბურთელებს მოარტყა. სტეკე ორჯერვე გადარჩა. სამაგიეროდ, 31 წლის კარის დარაჯი ვერას გახდა ანდრეა შიურლესთან. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში შესრულებული 6 ჰეთ-თრიქიდან 3 "ჩელსის" მოთამაშეთა ანგარიშზეა.

შიურლემდე ეს სამუელ ეტო'ომ და ედენ აზარმა მოახერხეს. ანდრემდე გერმანელთაგან პრემიერლიგაში ეს მხოლოდ ორმა კაცმა შეძლო: 1998 წლის მაისში "უიმბლდონს" 4-ჯერ გაუტანა იურგენ კლინსმანმა (ტოტენჰემი), 2002 წლის აპრილში კი "იპსვიჩთან" 3-ჯერ გამოიჩინა თავი ფრედი ბობიჩმა (ბოლტონი).

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ირლანდიელი რკინის ნერვებით
ჯონათან უოლტერსი ნამდვილი ირლანდიელია. მას უყვარს რისკი და ხანდახან მისი გამბედაობა გუნდის შედეგებზე ცუდად აისახება ხოლმე. "არსენალთან" შეხვედრის ჩათვლით, პრემიერლიგაში მას 14 პენალტი დაუგროვდა, საიდანაც 9 გაიტანა, 4-ჯერ მეკარემ აუღო, ერთი კი ხარიხას მოარტყა.

მასზე მეტი თერთმეტმეტრიანი ინგლისის უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს გაფუჭებული - კევინ ფილიპსსა (7) და ჯერმეინ დეფოს (6). ჯონათანის მსგავსად, ხუთჯერ ვერ ივარგა ხუან პაბლო ანხელმაც. პენალტის დარტყმა მხოლოდ სტატისტიკა არ არის. როცა 0:0-ზე ამხელა პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე, მაშინ, როცა უკანასკნელი 6 დარტყმიდან 3 გაფუჭებული გაქვს, რკინის ნერვები უნდა გქონდეს.

ვეტერანს ამჯერად ეყო სიზუსტე და ვოიცეხ შჩესნის მატჩის ერთადერთი გოლი გაუტანა, რომელიც, სხვათა შორის, თავადვე მოიპოვა.

ლორან კოშელნიმ უოლტერსთან ორთაბრძოლის შემდეგ ხელის ჩამოწევა ვერ მოასწრო და ბურთს წინ ასე გადაეღობა. მაიკ ჯონსმა პენალტი უყოყმანოდ დანიშნა. როგორც არსენ ვენგერს სჩვევია, ის არ დაეთანხმა არბიტრის გადაწყვეტილებას და მას "სტოკისთვის" "კარგი საჩუქარი" უწოდა. ფრანგმა იქვე აღნიშნა, რომ ვერც მისმა გუნდმა ითამაშა სათანადოდ.

პენალტის ეპიზოდში არა, მაგრამ მსაჯის შეცდომებზე ლაპარაკი მაინც შეიძლება. ჯონსს ორჯერ გამოეპარა ჩარლი ადამის ბინძური ილეთი. შოტლანდიელმა ჯერ მიკელ არტეტას ჩასცხო გაშლილი ფეხი, მერე კიდევ ძირს დაცემულ ოლივიე ჟირუს აშკარად განგებ დააბიჯა ფეხი.

"მეთოფეებმა" პირველ ტაიმში მხოლოდ ორჯერ შეაწუხეს ასმირ ბეგოვიჩი. ბოსნიელი თამაშში ერთხელ ჩაება, როცა სანტი კასორლას რბილი დარტყმა აიღო. სიტუაცია მხოლოდ შეცვლაზე შესულმა მოთამაშეებმა გაამწვავეს. მომენტები შეექმნათ მესუთ იოზილსა და იაია სანოგოს. "სტოკის" გამარჯვებას შემთხვევითს ვერაფრით ვუწოდებთ, რადგან "არსენალი" პირველი გრანდი არ არის, რომელმაც "ბრიტანიაზე" ქულები დაკარგა (სიტი - 0:0, ჩელსი - 3:2, "იუნაიტედი" - 2:1).

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სუარესის მეასე
"სენტ მერიზე" წყვილში ფავორიტი აშკარა იყო და მან სტატუსი იოლად დაამტკიცა. ვერ გეტყვით, რომ მერსისაიდელთა უპირატესობა განსაკუთრებულად დამთრგუნველი იყო, რადგან შანსები მასპინძლებსაც ჰქონდათ. ახლო მანძილიდან ძელს გაარტყა ადამ ლალანამ, მეორედ კი "წმინდანების" კაპიტანს სამართლიანი პრეტენზია გაუჩნდა პენალტზე, როცა ჯო ფლენაგანმა ბურთისკენ მიმავალი გზა გადაუღობა.

გატანა შეეძლო ჯეი როდრიგესსაც, ვინც მოძრავ სიმონ მინიოლეს საწინააღმდეგო მიმართულებით დაურტყა, მაგრამ ბელგიელმა საბოლოოდ მაინც იმარჯვა. ბრენდან როჯერსს უკეთესი შემსრულებლები რომ ჰყავს, ეს ცხადად გამოჩნდა. აღარაფერს ვამბობთ ლუის სუარესზე, ვინც პრემიერლიგაში საიუბილეო, მეასე თამაშში ჯერ ანგარიში გახსნა (4-მატჩიანი მშრალი სერიის შემდეგ), მერე საგოლე პასი გააკეთა, კუთხურიდან კინაღამ პირდაპირ გაიტანა, ბოლოს კი პენალტიც დაიმსახურა.

შეცვლაზე შესულ რაჰემ სტერლინგს ზუსტად 80 წამი დასჭირდა, რათა ბურთს პირველად შეხებოდა და ანგარიში ორამდე გაეზარდა. თამაშს წერტილი სტივენ ჯერარდმა იდეალურად დარტყმული პენალტით დაუსვა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პრემიერლიგა. XXVIII ტური

ევერტონი-ვესტ ჰემი 1:0
გოლი: 1:0 ლუკაკუ (81)
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, დისტენი, ბეინსი - ბერი, მაკარტი - პიენაარი, ოსმანი (59. ლუკაკუ), დელოფეუ (73. მაკგიდი) - ნეისმიტი (85. ბერკლი)
ვესტ ჰემი (4-4-1-1): ადრიანი - დემელი (80. რიდი), ტომკინსი, კოლინსი, მაკარტნი - ნოუბლი, ტეილორი, ჯარვისი (66. დიამე), დაუნინგი - ნოლანი - კ. კოული (29. კეროლი)
გაფრთხილება: ბეინსი - ტომკინსი
კარში დარტყმა: 22-6 (3-1) კუთხური: 11-5 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 9-8 ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 38 286

ფულჰემი-ჩელსი 1:3
გოლები: 0:1 შიურლე (52), 0:2 შიურლე (65), 0:3 შიურლე (68), 1:3 ჰეიტინგა (74)
ფულჰემი (4-4-1-1): სტეკელენბურგი - რიტერი, ჰეიტინგა, ჰანგელანდი (16. ბერნი), რიჩარდსონი - სიდუელი, პარკერი (79. კარაგუნისი), კასამი (62. ჰოლტბი), დეჟაგა - დემპსი - ბენტი
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - რამირესი, მატიჩი - შიურლე (83. ლუისი), ოსკარი (78. მიკელი), აზარი - ტორესი (82. ბა)
გაფრთხილება: დეჟაგა, კასამი - რამირესი
კარში დარტყმა: 7-17 (3-8) კუთხური: 5-4 თამაშგარე: 1-4 ჯარიმა: 14-13 ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 24 577

ჰალი-ნიუკასლი 1:4
გოლები: 0:1 სისოკო (10), 0:2 რემი (42), 1:2 დევისი (46), 1:3 სისოკო (55), 1:4 ანიტა (90+3)
ჰალი (4-1-3-2): მაკგრეგორი - ელმოჰამადი, დევისი (86. ჩესტერი), ფიგეროა (62. კორენი), როსენიორი - ბრუსი - მეილერი, ჰადლსტოუნი, ლივერმორი (62. ალუკო) - ლონგი, იელავიჩი
ნიუკასლი (4-4-2): კრული - დებუში, უილიამსონი, იანგა-მბივა, დამეტი - ტიოტე, ანიტა, სისოკო, გუფრანი - დე იონგი (90. გოსლინგი), რემი
გაფრთხილება: იელავიჩი, მეილერი, ჰადლსტოუნი - ტიოტე, იანგა-მბივა
კარში დარტყმა: 13-17 (3-7) კუთხური: 6-3 თამაშგარე: 1-3 ჯარიმა: 13-10 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 24 903

სტოკი-არსენალი 1:0
გოლი: 1:0 უოლტერსი (76-პენ)
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, უილსონი, პიტერსი - უელანი, ნზონზი - არნაუტოვიჩი (88. ეთერინგტონი), ადამი (73. აირლანდი), უოლტერსი - კრაუჩი
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - უილშირი (81. სანოგო), არტეტა - კასორლა, როსიცკი (74. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), პოდოლსკი (66. იოზილი) - ჟირუ
გაფრთხილება: პიტერსი, უილსონი, კრაუჩი - როსიცკი
კარში დარტყმა: 8-10 (4-2) კუთხური: 3-4 თამაშგარე: 5-0 ჯარიმა: 13-11 ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 26 711

საუთჰემპტონი-ლივერპული 0:3
გოლები: 0:1 სუარესი (16), 0:2 სტერლინგი (58), 0:3 ჯერარდი (90+5)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - ჩემბერსი, ფონტე, ლოვრენი, შოუ - კორკი (77. ვანიამა), შნაიდერლინი - დევისი (46. რამირესი), ლალანა, როდრიგესი - ლამბერტი (76. გალაგერი)
ლივერპული (4-3-1-2): მინიოლე - ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ფლენაგანი - ჯერარდი, ჰენდერსონი, ალენი - კოუტინიო (57. სტერლინგი) - სუარესი, სტარიჯი (85. ასპასი)
გაფრთხილება: ვანიამა - ჰენდერსონი, ჯერარდი
კარში დარტყმა: 13-12 (2-5) კუთხური: 3-6 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 10-6 ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 31 659

ასტონ ვილა-ნორვიჩი 4:1
გოლები: 0:1 ჰულაჰანი (3), 1:1 ბენტეკე (25), 2:1 ბენტეკე (27), 3:1 ბაკუნა (37), 4:1 ბასონგი (41-ს.კ-ში)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ბაკუნა, ვლაარი, ბეიკერი, ბერტრანი - დელფი, ვესტვუდი, ელ აჰმადი - აგბონლაჰორი, ბენტეკე (81. ჰოლტი), ვაიმანი (81. ოლბრაიტონი)
ნორვიჩი (4-2-3-1): რადი - მარტინი, იობო, ბასონგი, მ. ოლსონი - ტეტი (79. ჰაუსონი), ბ. ჯონსონი - სნოდგრასი (46. პილკინგტონი), ჰულაჰანი, რედმონდი (63. ელმანდერი) - ჰუპერი
გაფრთხილება: - ტეტი, სნოდგრასი, ელმანდერი
კარში დარტყმა: 10-7 (4-4) კუთხური: 6-2 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 12-10 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 30 303

სუონსი-პალასი 1:1
გოლები: 1:0 დე გუზმანი (25), 1:1 მარი (83-პენ)
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი (70. ამატი), ბ. დევისი - დე გუზმანი, ბრიტონი - რუტლეჯი, დაიერი, ერნანდესი (22. კანიასი) - ბონი (63. ლიტა)
პალასი (4-4-2): სპერონი - ვორდი, დანი, დელეინი, პარი (70. ტომასი) - დიკგაჩოი, ჟედინაკი, ინსი (46. მარი), ბოლასი - ლედლი, შამახი (32. ჯერომი)
გაფრთხილება: ბრიტონი - ჟედინაკი, დანი, ჯერომი, ტომასი
გაძევება: ჩიკო (82) -
კარში დარტყმა: 7-7 (5-4) კუთხური: 1-4 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 8-11 ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 20 240

ტოტენჰემი-კარდიფი 1:0
გოლი: 1:0 სოლდადო (28)
ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი - ნაუტონი, ვერტონგენი, დოუსონი, ფრაიერსი - დემბელე, პაულინიო (72. სანდრო), ლენონი, ტაუნსენდი (70. შადლი) - ადებაიორი, სოლდადო (83. კეინი)
კარდიფი (5-3-2): მარშალი - ფაბიო (73. ჯონსი), ტერნერი, კალა, კოლკერი, ჯონი - მედელი, კიმი, გუნარსონი (63. მატჩი) - ბელამი (63. დელი), კემპბელი
გაფრთხილება: სანდრო - კიმი, ბელამი, კალა
კარში დარტყმა: 15-8 (6-2) კუთხური: 4-7 თამაშგარე: 2-5 ჯარიმა: 11-12 ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 35 512

25 მარტი
იუნაიტედი-სიტი
სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი

ბომბარდირები: 23 - ლუის სუარესი (ლივერპული), 18 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), 15 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)

მომდევნო ტური
8 მარტი:
ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი-სუონსი, კარდიფი-ფულჰემი, კრისტალ პალასი-საუთჰემპტონი, მანჩესტერ სიტი-ასტონ ვილა, ნორვიჩი-სტოკი, ვესტ ჰემი-ჰალი, ჩელსი-ტოტენჰემი
9 მარტი:
ნიუკასლი-ევერტონი
11 მარტი:
ლივერპული-სანდერლენდი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული