"მანჩესტერ სიტის" პირველი ტიტული სეზონში [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" საკმაოდ რთულად, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოახერხა სეზონის პირველი შიდა ტურნირის მოგება და ეს ყველაფერი, ძირითადად, კლასის ხარჯზე. პირობით მასპინძლებს პირველ ტაიმში გაუჭირდათ, რადგან "შავ კატებს" ფავორიტის არ ეშინოდათ.

თუკი მე-8 წუთზე მათი შედეგიანი კომბინაცია თამაშგარეს გამო სამართლიანად გაუქმდა, ორ წუთში ყველაფერი წესების დაცვით მოხდა და "სანდერლენდი" ბრწყინვალე გოლით დაწინაურდა. სიღრმიდან ადამ ჯონსონის გრძელი პასი ფაბიო ბორინიმ ტექნიკურად დაამუშავა, ვენსან კომპანის აჯობა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გატანა აღარ გასჭირვებია. ტაიმის ბოლომდე კოსტელ პანტილიმონის კართან სიტუაცია კიდევ რამდენჯერმე დაიძაბა. ყველაზე
სახიფათო ჯონსონის გარღვევა გამოდგა, რომელის "სიტის" კაპიტანმა ბოლო მომენტში სარისკო ვარდნით შეაჩერა.

მეორე ტაიმში კი ყველაფერი "წესისა და რიგის" მიხედვით წარიმართა. ბორინის ეფექტურ გოლს იაია ტურემ კიდევ უფრო ლამაზი შორეული დარტყმით უპასუხა, რომელიც ვიტო მანონეს კარის ზედა "ცხრიანში" გაეხვა. ვიდრე "სანდერლენდი" გონს მოვიდოდა, სამირ ნასრიმ "სიტი" უკვე წინ გაიყვანა. ტაინსაიდელებს უკანასკნელი იმედები შეცვლაზე შესულმა ხესუს ნავასმა გადაუწურა. "კატებმა" ბოლოში ცოტა კიდევ გაიბრძოლეს, მაგრამ ვერას გახდნენ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სიტი-სანდერლენდი 3:1
გოლები: 0:1 ბორინი (10), 1:1 ი. ტურე (55), 2:1 ნასრი (56), 3:1 ნავასი (90)
სიტი: პანტილიმონი, საბალეტა, დემიჩელისი, კომპანი, კოლაროვი, ი. ტურე, ფერნანდინიო, დ. სილვა (77. ხ. გარსია), ნასრი, ჯეკო (88. ნეგრედო), აგუერო (58. ნავასი)
სანდერლენდი: მანონე, ბერდსლი, ოში, ბრაუნი, მ. ალონსო, კატერმოული (77. ჯაკერინი), კი, კოლბეკი, ჯონსონი (60. გარდნერი), ბორინი, ლარსონი (60. ს. ფლეტჩერი)
გაფრთხილება: ნეგრედო - ალონსო
მაყურებელი: 84 697

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული