მჟავას შეგასხამ სახეში, შენც მოგკლავ და დედაშენსაც... რაველ მორისონი ყოფილ საყვარელს ემუქრება?

AutoSharing Option
ინგლისის ახალგაზრდული ნაკრებისა და "ვესტ ჰემ იუნაიტედის" ნიჭიერი და ჭირვეული ტალანტი რაველ მორისონი ისევ შარშია. მისი პრობლემები რაველის ბოლეროსავით "პროგრესირებადია" და ნელ-ნელა კულმინაციას უახლოვდება.

ჯიმ მორისონის არ იყოს, რაველს ქალებთან აქვს პრობლემური ურთიერთობა. საქმე ის არის, რომ ამჯერად მას ექსსაყვარელისადმი მუქარა ბრალდება, აქაოდა - მჟავას შეგასხამ სახეში, შენც მოგკლავ და დედაშენსაც, სახლსაც აგიფეთქებო...

სასამართლო პროცესი 26 იანვარს გაიმართება.

თავად 21 წლის მორისონი, რომელიც წარმოშობით მანჩესტერელია, ბრალდებებს უარყოფს
და ამბობს, რომ უკვე თვეებია, მის ყოფილ მეგობარ გოგონასთან, 19 წლის რეა მანსურთან და დედამის პარვეენთან კონტაქტი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ივლისში მორისონი გაამართლეს, როდესაც მას ყოფილი საყვარელისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ბრალდებოდა. სამაგიეროდ, იგი დაისაჯა ჰომოფობიური კომენტარისთვის, რომელიც საკუთარ "ტვიტერზე" გამოამზეურა.

მორისონი ახლა უელსში ცხოვრობს, რადგან "ჩაქუჩების" თავკაც სემ ალარდაისს იგი "კარდიფში" ჰყავს განათხოვრებული. რაველიც ამბობს, მანჩესტერში საკმაო ხანია, არ ვყოფილვარ და არც არაფერი დამიშავებიაო.

ბრძენმა სერ ალექს ფერგიუსონმა, როგორც ჩანს, შენიშნა, რომ მორისონი ზედმეტად "ძნელად აღსაზრდელი ბავშვი" იყო და 2012 წლის იანვარში იგი 650 ათას ფუნტად "ვესტ ჰემს" მიჰყიდა. თუმცა "ჩაქუჩების" თავკაცი დიდი სემი მას ასევე "იშორებს" ხოლმე და ხან სად ანათხოვრებს და ხან სად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული