გარი ლინეკერმა უეინ რუნი აღიარა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრები სლოვენიას ხვდება და უეინ რუნი გუნდში თავის მე-100 მატჩს ჩაატარებს, თანაც ახლა იგი ნაკრების კაპიტანია.

გარდა ამისა, რუნი ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილზეა და მხოლოდ 6 ბურთით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ სერ ბობი ჩარლტონს, ხოლო 5-ით მეორეადგილოსან გარი ლინეკერს, რომელიც "შრეკს" აქებს და ადიდებს.

"მან თავისი ადგილი ინგლისის საუკეთესოთა პანთეონში ნამდვილად დაიმსახურა. ნაკრებისთვის 40-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი და სტაბილურ თამაშს აჩვენებდა. 2004 წელს იგი დიდებულად თამაშობდა, მაგამ არ გაგვიმართლა.

შემდეგ კი ფინალურ ეტაპებზე ისე ვერ
თამაშობდა, მაგრამ მთელ ნაკრებზე ითქმის იგივე. საკვალიფიკაციო თამაშებში კი რუნის ყოველთვის ბევრი გაჰქონდა. რუნი ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელსაც სიღრმიდანაც შეუძლია თამაში და ბევრი გოლიც გააქვს" - თქვა ლინეკერმა.

შეგახსენებთ, რომ რუნი ნაკრებში პირველად 17 წლის ასაკში გამოიძახეს, 2003 წლის თებერვალში, ავსტრალიასთან მატჩისთვის. შემდეგ ეს რეკორდი თეო უოლკოტმა მოხსნა, მაგრამ "შრეკი" დღემდე რჩება ყველაზე ახალგაზრდად, ვინც უშუალოდ ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა მატჩი ინგლისთან ერთად. ევრო 2004-ზე რუნიმ 4 გოლი გაიტანა, მაგრამ არ გაუმართლა, ფეხი მოიტეხა და ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა.

უეინს დიდ ტურნირებზე და მნიშვნელოვან მომენტებში ცუდი თამაშის გამო ყოველთვის აკრიტიკებდნენ. მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონატებზე მან მხოლოდ თავის მესამე მუნდიალზე მოახერხა გატანა.

სხვათა შორის, შაბათს სლოვენიელებთან მატჩისთვის "უემბლის" მინდვრის საფარი არც ისე კარგ მდგომარეობაში იქნება. ამის შესახებ თავად სტადიონის დირექტორმა როჯერ მესლინმა ისაუბრა. საქმე ის არის, რომ იქ NFL-ის ეგიდით, "ჯექსონვილ იაგუარსისა" და "დალას კოვბოისის" მატჩი გაიმართა.

2007-12 წლებში "უემბლი" NFL-ის რეგულარული სეზონის თითო მატჩს მასპინძლობდა ხოლმე. ხოლო მერე მსურველების რაოდენობა გაიზარდა და მაგალითად, 2013 წელს "უემბლიზე" ამერიკული ფეხბურთის ორი მატჩი ჩატარდა, ხოლო წელს - სამი. როი ჰოჯსონი დიდად აღფრთოვანებული არ იყო და ნერვიულობდა, რამდენად მოესწრება 6 დღეში საფარის მომზადება. იდეალურად ვერც მოესწრო.

"მინდვრის საფარი უმაღლეს დონეზე ვერ იქნება და ისე, როგორც გვინდა, რომ იყოს. თუმცა მაინც საკმაოდ კარგ მდგომარეობას გპირდებით და ფეხბურთელებს პრობლემას არ შეუქმნია. ძველ სტანდარტს კი მარტისთვის, ლიტვასთან მატჩისთვის დავუბრუნდებით" - თქვა მესლინმა.

ინგლისის ნაკრების გოლეადორთა ოთხეული
ბობი ჩარლტონი 49 106
გარი ლინეკერი 48 80
ჯიმი გრივსი 44 57
უეინ რუნი 43 99

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული