შოტლანდია-ინგლისის გამოხმაურება: სიმღერ-სიმღერით მოგებული თამაში

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ნაკრებმა გლაზგოში, "სელტიკ პარკზე" შოტლანდიასთან ამხანაგურ შეხვედრაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და დამაჯერებლად მოიგო. როი ჰოჯსონის ხელში ნაკრების გაახალგაზრდავება-გადასხვაფერება უკეთ მიმდინარეობს. თუმცა ინგლისელთა თავკაცს მაინც მეტი უნდა.

მისმა "ლომებმა" მატჩი მართლაც კარგად ჩაატარეს, მაგრამ განსაკუთრებით "არსენალის" ფეხბურთელები, მოუსვენარი ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი და დახვეწილი ჯეკ უილშირი უნდა გამოვარჩიოთ, რასაკვირველია, მთავარ გმირ უეინ რუნისთან ერთად. ინგლისელებმა უილშირის არაამქვეყნიური პასისა და ჩემბერლენის ზუსტი დარტყმით მოახერხეს დაწინაურება.

მერე კი რუნიმ ორჯერ გამოავლინა გოლის ალღო და ნაკრებში უკვე 46 გოლი მოაგროვა. იგი ნაკრებში ყველა დროის
ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე გადავიდა. ახლა "შრეკი" 2 ბურთით ჩამორჩება გარი ლინიკერს და სამით - სერ ბობი ჩარლტონს. რუნი ნამდვილი ლიდერისა და კაპიტნის შესაბამისად თამაშობდა, უაღრესად დამუხტულ-შემართული.

" ვიცით, რომ საფრანგეთში, ფინალურ ეტაპზე სულ მცირე, ასე კარგად უნდა ვითამაშოთ, თუ უკეთესად არა. მეტი შეგვიძლია, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც იმ დროისთვის უფრო გამოცდილები იქნებიან" - თქვა ჰოჯსონმა.

შოტლანდიისა და ინგლისის ისტორიული დაპირისპირების შესახებ ისედაც მოგეხსენებათ და ცოტა ხნის წინანდელი რეფერენდუმის შესახებაც, რომლის მიხედვითაც, შოტლანდიამ სრულ დამოუკიდებლობაზე უარი თქვა. ამიტომ "სელტიკ პარკზე" უკონფლიქტოდ როგორ იქნებოდა: ინგლისელი გულშემატკივრების ნაწილი შეურაცხმყოფელ სიმღერას მღეროდა. რუნიზე ჰოჯსონმა ცალკე ისაუბრა:

"რუნის შემთხვევაში მარტო გოლები არ არის მნიშვნელოვანი, არ მეთანხმებით? იგი ძალიან ბევრს მუშაობს და მინდორზე უამრავ საქმეს აკეთებს, გავლენა დიდი აქვს. თუმცა, ასევე მინდა დენი უელბეკი გამოვარჩიო, მას ნაკლებად არ უთამაშია. ამ წყვილით ჩვენს შეტევას საგრძნობი და საინტერესო პოტენციალი აქვს და ამას კიდევ დანიელ სტარიჯი დაემატება, როდესაც ტრავმას მოიშუშებს".

როი ჰოჯსონი ახალგაზრდა და გამოუცდელი მოთამაშეებითაც ძალიან კმაყოფილი დარჩა. მწვრთნელმა "საუთჰემპტონის" წყვილს - ფრეიზერ ფორსტერსა და ნათანიელ კლაინს თავიდანვე მისცა თამაშის საშუალება, ისევე, როგორც ოქსლეიდ ჩემბერლენსა და ლუკ შოუს.

"ვფიქრობ, გუნდმა მართლა ისიამოვნა თამაშით, ორივე ნაკრების ქომაგები შეუდარებლები იყვნენ. დაცვაშიც და თავდასხმაშიც სოლიდურად გამოვიყურებოდით. რამდენჯერმე მშვენიერი კომბინაცია გავითამაშეთ, სწრაფად და სხარტად ვმოქმედებდით" - დასძინა ჰოჯსონმა.

"შესაძლოა, მენტალურად გადაღლილები ვიყავით და ბოლომდე ისე ვერ ვიბრძოლეთ და ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია, მაგრამ ბიჭების მადლობელი ვარ. მთლიანობაში, 2014 წელი ჩვენთვის კარგი იყო და გვინდა, რომ მომავალი უკეთესი იყოს" - ეს შოტლანდიელთა დამრიგებლის, გორდონ სტრაჩანის სიტყვებია.

სხვათა შორის, ინგლისის ნაკრებმა 2006 წლის მერე პირველად მოიგო 6 მატჩი ზედიზედ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული