წინა სეზონში "ემირეიტსზე" თამაში უგოლოდ დასრულდა, ხოლო "ოლდ ტრეფორდზე" "წითელმა ეშმაკებმა" ექსარსენალელი რობინ ვან პერსის ერთადერთი გოლით მოიგეს. ლონდონელებმა ის უკანასკნელი გამარჯვება 2011 წელს აქვთ მოპოვებული, მას მერე გუნდებმა ერთმანეთში 6 დაპირისპირება გამართეს და მათ შორის ის მატჩიცაა, რომელიც მანჩესტერელებმა 8:2 მოიგეს.
რომელი დაბრუნდება
სწორ გზაზე
არსენ ვენგერს "იუნაიტედთან" დიდი ხანია, მოგება სწყურია. ახლა ამის იდეალური შანსია, რადგან ლუი ვან გაალის გუნდში არეული სიტუაცია და ტრავმიანობაა. განსაკუთრებით ეს დაცვის ხაზს ეხება - თუმცა ტრავმებზე საუბარი უხერხულია მაშინ, როდესაც მეორე მხარეს "არსენალია", რომლის ლაზარეთშიც კვლავ არაერთი მოთამაშეა.ანხელ დი მარიამ სწორედ "ოლდ ტრაფორდზე" მიიღო ტრავმა არგენტინისა და პორტუგალიის ამხანაგურ შეხვედრაში და თანაც იგი "მანჩესტერის" საკუთრებაში მყოფმა ნანიმ დააზარალა, მაგრამ, როგორც თავად შემტევი ამბობს, ტრავმა სერიოზული არ არის. გადაჭრით იმის თქმა, რომ დი მარია მინდორზე გავა, არ შეგვიძლია.
იგივე ეხებათ რადამელ ფალკაოსა და დავიდ დე ხეას, მათი თამაშიც საეჭვოა. მარკოს როხოსა და დეილი ბლინდის არყოფნაში ვან გაალის გუნდის უკანა ხაზი ისევ ექსპერიმენტული იქნება. ვენგერზე რა ვთქვათ, ოლივიე ჟირუს, მატიო დებიუშისა და მესუთ იოზილის დაბრუნებას იგი სულმოუთქმელად ელის. ლორენ კოშელნის ტრავმირებულთა შორის დარჩენა კი იმას ნიშნავს, რომ ფრანგი სპეცილისტის დაცვაც მოსუსტებულ-შეკოწიწებული იქნება.
ვან პერსი უკვე დიდი ხანია, "მეთოფეებიდან" "არსენალში" გადაბარგდა. თავისი "ექსი" მასპინძლებსაც ეყოლებათ დენი უელბეკის სახით. დენის თამაში ყოფილი გუდნის წინააღმდეგ ამ დაპირისპირებისთვის დამატებითი პეწის მიმცემი ინტრიგაა.
ორივე გუნდს პრობლემური სეზონი აქვს, ორივე ოთხეულისთვის იბრძვის და ეს თამაში ორივესთვის ბრწყინვალე შანსია ძლიერი ფსიქოლოგიური მუხტის მიღებისა და სწორ გზაზე დაბრუნების.
თამამი გედები და ქალაქელები
"ვესტ ბრომვიჩი" ცუდი გუნდი არ არის, რაზეც თუნდაც ისიც მეტყველებს, რომ ბოლო 5 თამაშში 2-ჯერ ფრე დაფიქსირდა, ორჯერ "ალბიონმა" იმარჯვა და მხოლოდ ერთხელ მოიგო "ჩელსიმ". მანამდე "ლურჯებს" დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ უშუალოდ ბოლო თამაშების სტატისტიკა უფრო მნიშვნელოვანია. "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებს "ვესტ ბრომვიჩისთვის" გასვლაზე 3 შეხვედრაა, არ მოუგიათ. მეტიც, წინა სეზონში ჟოზე მოურინიოს გუნდი საშინაო მარცხს ბოლო წამებზე გადაურჩა მოგონილი პენალტის წყალობით. ამ წინასიტყვაობისა და პრეისტორიის მიუხედავად, რასაკვირველია, "ჩელსი" წყვილში უდავო ფავორიტია. წინ გაჭრილი ლიდერი შეეცდება მოპოვებული უპირატესობა არ გაანიავოს.
არანაკლებ საინტერესო თამაში გველოდება "იტიჰადზე", სადაც მანუელ პელეგრინის ედინ ჯეკოს, დავიდ სილვას, ვენსან კომპანისა და ალექსანდრ კოლაროვის გარეშე მოუწევს "სუონსის" დამარცხება. ეს კი ადვილი არ იქნება, რადგან უელსელებმა კარგი სტარტის მერე დამდგარი კრიზისი დაძლიეს და ახლა ისევ აღმასვლა აქვთ, გუნდი ძალიან სიმპათიურად გამოიყურება, არავის უშინდება და ბოლომდე იბრძვის.
გარი მონკის თამამი "თეთრი გედები" მანჩესტერში უბრალო სტუმრის სტატუსით არ ჩავლენ. "სიტის" კი ფიზიკურად აღარ აქვს ქულების კარგვის უფლება, ლიდერთან ჩამორჩენა ისედაც 8-ქულიანია. "ქალაქელებს" ბოლო 6 შეხვედრაში ოდენ ერთი მოგება აქვთ.
"ლივერპულის" გაჭირვება
"გუდისონ პარკზე" "ევერტონი" "ვესტ ჰემს" შეებმება. "ჩაქუჩები" ახლა იმ ადგილზე არიან, რომელზედაც "კანფეტები" ოცნებობენ ანუ მეოთხეზე. მათ შორის სხვაობა 4 ქულა და 5 გუნდია. ასე რომ, "ევერტონს" სხვა გზა არა აქვს, უნდა მოიგოს. მერსისაიდელებს ევროპალიგის ჩათვლით, ბოლო 6 თამაშიდან 3 მოგებული აქვთ, 3 კი ფრედ დასრულებული. "ვესტ ჰემი" პრემიერლიგაში ბოლო 5 თამაშიდან 2 ფრითა და სამი მოგებით იწონებს თავს. დიდ ინტერესს იწვევს "დიდი სემისა" და რობერტო მარტინესის დუელიც. სემ ალარდაისი წინა თვის საუკეთესო მწვრთნელად ტყუილად არ აღიარეს.
"ლივერპული" გასაჭირშია, ყველამ იცოდა, რომ დანიელ სტარიჯი ბრუნდებოდა, მაგრამ იგი ვარჯიშისას ისევ დაშავდა და, როგორც ამბობენ, დაახლოებით 6 კვირა ვერ ითამაშებს. საეჭვოა ჯორდან ჰენდერსონისა და მარიო ბალოტელის მინდორზე გასვლაც. ბრენდან როჯერსმა რამე უნდა მოიფიქროს.
ლივერპულელები "კრისტალ პალასთან" გასვლაზე მაინც ფავორიტები იქნებიან, მაგრამ მათ მშვენივრად იციან, რომ თუნდაც ცუდ ფორმაში მყოფ "კრისტალ პალასთან" "სელჰარსტ პარკზე" მოგება ურთულესი იქნება. "არწივები" კარგად გაარჩევდნენ მერსისაიდელთა სუსტ წერტილებსა და ხარვეზებს და მათ გამოყენებას შეეცდებიან.
თასის ერთ თამაშსაც თუ ჩავთვლით, "ნიუკასლს" ზედიზედ 5 მოგება აქვს და აქედან 4 თამაშში გოლიც კი არ გაუშვია. ცოტა ხნის წინ დასტრესილ-დაპრესილი ალან პარდიუ გაბადრული დადის და "ქუინზ პარკ რიენჯერსთანაც" გამარჯვებას უმიზნებს, მაგრამ ჰარი რედნაპს ქულები სასწრაფოდ ჰაერივით სჭირდება, ჩარლი ოსტინსაც გოლი გოლზე გაქვს, ამიტომ "სენტ ჯეიმს პარკზე" დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.
გაგრძელდება "წმინდანების" მარში?
მე-12 ადგილამდე დაქვეითებული მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემი" "ჰალს" სტუმრობს. "ვეფხვები" გასავარდნ ზონასთან ახლოს არიან და ქულები ასევე ძალიან ესაჭიროებათ, მაგრამ "დეზებს", თუ კი რამეზე პრეტენზია აქვთ, კი უნდა იმარჯვონ. თანაც, ჯერჯერობით გუნდს გასვლაზე უკეთ გამოსდის თამაში.ბოლოსთვის "საუთჰემპტონი" მოვიტოვეთ. სეზონის მთავარი მოულოდნელობა ორშაბათს ბირმინგემში "ასტონ ვილასთან" მატჩით დახურავს ტურს. პოლ ლამბერტის ბიჭები გასვლაზე უფრო მეტ ქულას იღებენ, ხოლო "საუთჰემპტონი" პირიქით, სტუმრად ცოტა, კოჭლობს.
თუმცა ყველაფერი შედარებითია, რომელ პრობლემებზეა საუბარი, როდესაც გუნდს ბოლო 12 მატჩიდან 11 მოგებული აქვს... აი, "ვილას" კი უკანასკნელი 7 თამაშიდან 6 წაგებული აქვს, ერთი კი ფრედ დასრულებული, ამ შვიდიდან 6-ში გუნდს გოლი არ გაუტანია.
ინგლისი. პრემიერლიგა. XII ტური
შაბათი. 22 ნოემბერი
ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: -
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 100 თამაში: +43 =25 -32 (169-148)
ევერტონი-ვესტ ჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალკარასი, სტოუნსი -
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 110 თამაში: +57 =23 -30 (191-124)
ლესტერი-სანდერლენდი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰამერი, ბაკაიოგო - ვან აანჰოლტი, კოატესი
ბოლო 6 მატჩი
+0 =1 -5 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 56 თამაში: +21 =12 -23 (88-78)
სიტი-სუონსი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯეკო, კოლაროვი, დავიდ სილვა, კომპანი - რიჩარდსი, დონელი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +2 =3 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +6 =1 -3 (18-10)
ნიუკასლი-ქპრ 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ობერტანი, უილიამსონი, გუტიერესი, ს. დე იონგი - ფორლინი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +14 =6 -12 (46-50)
სტოკი-ბარნლი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰუთი, უელანი, ოდემვინგი - მ. ტეილორი, ვოუკსი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 58 თამაში: +26 =12 -20 (104-91)
არსენალი-მანჩესტერი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოშელნი, დებიუში, ჟირუ, ოსპინა, იოზილი - რაფაელი, იანგი, როხო, ბლინდი, დე ხეა (?), დი მარია (?), ფალკაო (?)
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 170 თამაში: +58 =41 -71 (228-257)
კვირა. 23 ნოემბერი
კრ. პალასი-ლივერპული 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ო’კიფი - ხოსე ენრიკე, სუსო, ფლენეგანი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +5 =7 -16 (21-63)
ჰალი-ტოტენჰემი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ - ნოტონი
ტრავმა: ბრიუსი, სნოდგრასი - ბენთალები, უოკერი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +1 =2 -3 (4-9)
ორშაბათი. 24 ნოემბერი
ასტონ ვილა-საუთჰემპტონი 00:00
დისკვალიფიკაცია: ბენტეკე - არავინ
ტრავმა: ვლაარი, კოზაკი, დელფი - გალაჰერი, უარდ-პრაუსი, ჯეი როდრიგესი
ბოლო 6 მატჩი
+0 =1 -5 +5 =0 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 58 თამაში: +22 =16 -20 (72-75)
ბომბარდირები:
12 - სერხიო აგუერო (სიტი); 10 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 8 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 7 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი); 6 - გრაციანო პელე (საუთჰემპტონი), დიაფრა სახო (ვესტ ჰემი), ჩარლი ოსტინი (ქპრ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"