14:03 25-11-2014
არსენ ვენგერის ოცნება, მირაჟი და ტკივილი
AutoSharing Option
"მეთოფეებს" 30 წელზე მეტია, ასეთი ცუდი სტარტი არ ჰქონია. კრიტიკა მატულობს და მატულობს. სულ უფრო და უფრო მოხშირდა ფრანგი სპეციალისტის შესაძლო წასვლაზე საუბარიც. მას სასწრაფოდ კარგი სერია ესაჭიროება, რომ გუნდში მდგომარეობა გამოასწოროს.
ადრე ამბობდნენ, რომ ფრანგი სპეციალისტის წასვლის მომხრეა "არსენალის" ერთ-ერთი მფლობელი ალიშერ უსმანოვი, რომელიც ისევ ალაპარაკდა, მაგრამ იგი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
"უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ მე ამ საკითხს ვერ გადავწყვეტ. ისე, უცნაური და სამწუხარო კი არის, როდესაც გუნდის მეორე ინვესტორს, რომელიც აქციების 30%-ზე მეტს ფლობს, სიტყვა არ ეთქმის, მაგრამ მე კლუბის პრეზიდენტს დიდ პატივს ვცემ.
ჩემი მოსაზრება ასეთია და მას საჯაროდ ვაფიქსირებ - ჩვენ ყველა პოზიციის გაძლიერება გვჭირდება იმისთვის, რომ შიდა ასპარეზზე "ჩელსის" და "სიტის" მსგავს გუნდებს გავეჯიბროთ, ხოლო ევროპაში - "რეალს", "ბარსელონას", პსჟ-სა და სხვებს. არსენ ვენგერი არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ შეცდომები ყველას მოსდის.
მთავარია, ამ შეცდომების მიღება და აღიარება არ გაძნელდეს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ასაკის მატებასთან ერთად, მათი აღიარება კიდევ უფრო რთულია. ვენგერს დიდი წარმატებებისთვის მიუღწევია და კიდევ შეუძლია, მაგრამ ამისთვის გუნდში სიტუაცია რადიკალურად უნდა შეცვალოს.
სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს იგი ამის გაკეთებას. მე ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. იგი კარგი ადამიანი და კარგი სპეციალისტია. "არსენალი" ოცნებაა, რომელიც ხანდახან მირაჟს ემსგავსება და ტკივილსაც განიჭებს. ვისურვებდი, შეცდომები მალე გავიაზროთ, ვაღიაროთ და შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ" - ამბობს უზბეკეთში დაბადებული 61 წლის რუსი ბიზნესმენი.
როგორც ხედავთ, უსმანოვს ვენგერზე მზე და მთვარე არ ამოსდის და 65 წლის ფრანგ სპეციალისტს შეცდომების აღიარებისკენ, მათი გააზრებისა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
ვენგერს პრობლემა უშუალოდ ფეხბურთელებთან მიმართებაშიც აქვს. საქმე ის არის, რომ მას არ უნდა ლუკას პოდოლსკის გაშვება, ყოველ შემთხვევაში, იანვარში და არც სათანადო დროს აძლევს გერმანელ თავდამსხმელს.
პოლდი კი ფეთქებადი ადამიანია და ამას ასე მშვიდად ვერ მიიღებს, თითქმის ყოველდღე გაიძახის, ასე ვერ გავჩერდები და წავალო, ახლა კი თავისი კომენტარი გააფერადა და აღნიშნა - კლოუნი არ ვარ, რომ სათადარიგოთა სკამზე ან ტრიბუნაზე ვიჯდე და კონტრაქტის ვადის გასვლას დაველოდოო.
პოდოლსკი მართლაც ქარიზმატული ფიგურა და გასახდელში ფონის შემქმნელი ფეხბურთელია. შესაბამისად, მისი უხასიათოდ ყოფნა, ასე თუ ისე, სხვებზეც აისახება. გარდა ამისა, კულუარული ინფორმაციით, პატარა გაუგებრობა მოხდა მესუთ იოზილსა და ალექსის სანჩესს შორის, ხოლო ვენგერს ამ ორიდან უფრო იოზილი ესიმპათიურება. არადა, სანჩესი ამჟამად გუნდის საუკეთესო მოთამაშეა.
"ისევ შოკში ვარ და ვერ ვიჯერებ, რომ წავაგეთ. თანაც, იმის გათვალისწინებით, რამდენი მომენტი გვქონდა და რა ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშეთ. პირველ გაშვებულ ბურთამდე მინდორზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო, ეს გუნდი "არსენალი" გახლდათ. ავტოგოლისას ძალიან არ გაგვიმართლა. მერე კი მეტოქემ ძალიან მაღალი ხარისხის გოლი გაიტანა, "მანჩესტერს" შეტევაში ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს. ვწუხვარ, რომ ეს პრინციპული შეხვედრა ვერ მოვიგეთ, ყველანი გულდაწყვეტილები ვართ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს მხურვალე მხარდაჭერისთვის" - აი, ასე გლოვობს მარცხს მიკელ არტეტა.
"ემირეიტსზე" ერთი ინციდენტიც მოხდა: როდესაც "წითელი ეშმაკები" კირან გიბსის ავტოგოლს ზეიმობდნენ, მათი სათადარიგოთა სკამისკენ მავანმა ფანმა ღვინით სავსე ჭიქა ისროლა.
ამას მანჩესტერელთა სათადარიგო მოთამაშეებსა და "არსენალის" რამდენიმე ქომაგს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დააკავეს და თუ მისი ბრალეულობა დამტკიცდა, "არსენალის" თამაშებიდან სამუდამოდ მოკვეთა დაემუქრება. ჯერჯერობით უცნობია, დაწერს თუ არა ოფიციალურ საჩივარს "იუნაიტედი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული