დავიდ დე ხეას ვარსკვლავი პრემიერლიგაში

AutoSharing Option
მას მერე, რაც დავიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეიძინა, ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ამით "წითელი ეშმაკების" მეკარესთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდა.

ახალგაზრდა ესპანელი, რომელსაც დიდი ხანია "ფურია როხას" პირველი ნომრობა უწინასწარმეტყველეს, მადრიდის "ატლეტიკოს" მაისურით სასწაულებს სჩადიოდა. თუმცა ინგლისი და პრემიერლიგა სხვა სამყაროა და კუნძულზე ადაპტაციისთვის დე ხეას გარკვეული დრო დასჭირდა.

ამ პერიოდში იყო რამდენიმე არადამჯერებელი მატჩიც და ქარისა და დინების მიმართილებით მოქანავე ადამიანებმა უკვე იმაზე იწყეს ბჭობა, თუ ვინ უნდა ეყიდა "ოლდ ტრაფორდის" ბინადარს, რადგან დე ხეასგან არაფერი გამოვაო.

თავად ახალგაზრდა
გოლკიპერმაც აღიარა, ერთი პირობა, წასვლაზე დავფიქრდიო. თუმცა შეძახილმა ამ შემთხვევაში ხე არ გაახმო და დე ხეამ ნელ-ნელა მოუმატა, იგი დიდებულად ათამაშდა და თუ, რა საოცრებებს ახდენს ამჟამად ალბათ კარგად ხედავთ.

თამამდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისედაც პრობლემურ სეზონში მან "მანჩესტერ იუნაიტედს" რამდენიმე მატჩი პირადად მოაგებინა, თავისი არაამქვეყნიური "სეივებით". თუმცა ახალ კონტრაქტზე ჯერ არაფერი ისმის, მაგრამ "წითელი ეშმაკების" ბანაკში ფანებს ამშვიდებენ ყველაფერი "გეგმის მიხედვით" იქნება და დე ხეა დარჩებაო.

"დავიდი ჩემთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, იგი ფანტასტიკურად თამაშობს. დარწმუნებული ვარ, დარჩენა უნდა და იგი დიდი ხანი იქნება ჩვენთან ერთად" - განაცხადა ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა უეინ რუნიმ.

ყველაზე მძიმე დე ხეასთვის 2012 წლის ნოემბერი გამოდგა, როდესაც იგი სერ ალექს ფერგიუსონმა ხუთი მატჩი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. განსაკუთრებით არადამჯერებელი დე ხეა მაშინ "ტოტენჰემთან" მატჩში იყო და ყველაფერი ამას მოჰყვა. კაპიტანმა გარი ნევილმა საჯაროდაც კი გააკრიტიკა ახალგაზრდა მეკარე.

თუმცა მას მერე დაიწყო პროგრესი და დავიდი წინა სეზონის "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დასახელდა. ხოლო ახლა, შორს რომ აღარ წავიდეთ, "ლივერპულთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. როდესაც გუნდი 3:0-ს იგებს, გოლები რუნის, რობინ ვან პერსისა და ხუან მატას გააქვთ, ხოლო რჩეულად მეკარე სახელდება, ეს ბევრზე მეტყველებს.

"20 წლის ასაკში "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში იდგე, ძალიან ძნელია და ვიცოდით, რომ შეიძლებოდა დავიდს რაღაც დრო დასჭირვებოდა, მაგრამ ნელ-ნელა მოუმატა და ახლა როგორ თამაშობს ყველანი ხედავთ.

ის ზოგიერთი მეკარესავით მაღალი არ არის, მაგრამ ეს ხელს არ უშლის. ახლა დე ხეა ბევრად უფრო ხშირად შედის კონტაქტში და მეტ ვოკალურ კავშირს ამყარებს თანაგუნდელებთან თამაშისას. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ედვინ ვან დერ სარს კარიერის საუკეთესო წლები ჩვენთან აქვს გატარებული, როდესაც ლამის 40-წელს იყო მიღწეული, დავიდი კი ძალიან ახალგაზრდაა და ჩვენთან ერთად ძალიან ბევრი რამ აქვს წინ" - დასძინა რუნიმ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დე ხეა 2011 წელს 18,9 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა "ატლეტიკოდან" "მანჩესტერში" და აქვე შეგვიძლია ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერებიც გავიხსენოთ, რომლებშიდაც 10 მილიონი ფუნტი და მეტია გადახდილი.

წელი მეკარე საიდან სად თანხა
2001 ჯანლუიჯი ბუფონი პარმა იუვენტუსი 33 მლნ. ფუნტი
2011 მანუელ ნოიერი შალკე ბაიერნი 19
2011 დავიდ დე ხეა ატლეტიკო მანჩესტერი 18,9
2000 ანჯელო პერუცი ინტერი ლაციო 15,7
2014 იან ობლაკი ბენფიკა ატლეტიკო 12.6
2014 ფრეიზერ ფორსტერი სელტიკი საუთჰემპტონი 10

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული