დანიელ სტარიჯს "ბოსტონ რედ სოქსის" ექიმები მკურნალობენ

AutoSharing Option
დანიელ სტარიჯი შობას ამერიკაში გაატარებს და ტრავმის მკურნალობას იქ გააგრძელებს. 25 წლის თავდამსხმელი აქამდე უკვე იყო ლოს ანჯელესში წინა ტრავმის სამკურნალოდ, ახლა კი იგი ბეისბოლის გუნდის, "ბოსტონ რედ სოქსის" მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა.

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელთა რიგებში 2013 წლის იანვარში გადასულ სტარიჯს ამ სეზონში მხოლოდ 3 მატჩი აქვს ჩატარებული. არადა, წინა პრემიერლიგაში მან "ენფილდის" ბინადრებისთვის 21 გოლი გაიტანა, ხოლო მთლიანობაში, 25. 16 ტურის მერე, კლუბს ოდენ 19 ბურთი აქვს გატანილი.

სტარიჯი სექტემბერში, სანაკრებო შეკრებისას დაშავდა და "ენფილდის" ბინადართა თავკაცმა ბრენდან როჯერსმა
მაშინ ინგლისის დამრიგებელი როი ჰოჯსონი ირიბად გააკრიტიკა, დანიელის დატვირთვა არ ღირდა, როცა ტრავმის ალბათობა იყოო.

სტარიჯი, რომელსაც ინგლისის ნაკრებში დებიუტი 2011 წლის ნოემბერში ჰქონდა და "ქოვენთრის", "სიტის", "ჩელსისა" და "ბოლტონის" ყოფილი ფეხბურთელია, მინდორზე დაბრუნებასთან ცოტა ხნის წინ იყო ახლოს, მაგრამ ვარჯიშისას ხელახლა დაშავდა და ახლა კიდევ დაახლოებით ერთი თვე უქმობა აქვს გამოწერილი. ზუსტ თარიღზე ექიმები ჯერ ვერ საუბრობენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ "ლივერპულის" მფლობელის, ჯონ ჰენრის საკუთრებაშია "ბოსტონ რედ სოქსიც" და ამ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ სტარიჯს იქაური ექიმები უკეთ მოუვლიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული