ოპტიმისტი ბრენდან როჯერსი და დანიელ სტარიჯის პენტჰაუსი

AutoSharing Option
"ლივერპულის" ბანაკში დღითიდღე იზრდება უკმაყოფილება. "არსენალთან" მატჩის ბოლოს ქომაგები ისეთ ობსტრუქციას უწყობდნენ და ისეთი სტვენა იყო, რომ ადგილობრივ გამომცხადებელს მოუხდა, გულშემატკივრებისთვის თხოვნით მიემართა, იქნებ დამშვიდდეთო.

ვერც იმას ვიტყვით, რომ პოზიცია ცალსახაა და მაგალითად, ყველას ბრენდან როჯერსის წასვლა უნდა. ეს უფრო კიდევ ერთი ვერმოგებული მატჩით გამოწვეული უკმაყოფილება და ბრაზი გახლდათ და არა კონკრეტულად მთავარი მწვრთნელისადმი მიმართული პროტესტი. საერთოდაც, "ენფილდს" ჩვენთვის ცნობილი, იესოსავით გამოწყობილი ქომაგი რომ სტუმრობდა, უკვე გაუწყეთ, რომელსაც ჩრდილოირლანდიელის მხარდასაჭერი ბანერი ეჭირა.

ოპტიმიზმს არ კარგავს არც თავად როჯერსი და ამბობს,
რომ მის გუნდს ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შეუძლია.

"შეგვიძლია თუ არა სეზონის ოთხეულში დასრულება? რასაკვირველია, შეგვიძლია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. 10 კაცითაც ბოლომდე ვიბრძოლეთ და მატჩი გადავარჩინეთ, ეს გუნდის ხასიათზე კარგად მეტყველებს. ძალიან ნიჭიერი და შემართული ფეხბურთელების ჯგუფი გვყავს და ჩვენ წინა სეზონში ზედიზედ 11 მატჩი მოვიგეთ. ასე რომ, წინსვლა სწრაფად შეგვიძლია.

ამისათვის ცოტა იღბალი და მუშაობის ასევე გაგრძელებაა საჭირო. ნელ-ნელა ვუმატებთ და "არსენალთან" ბრწყინვალედ ვითამაშეთ. იმაზე უკეთ და იმაზე მეტად ვდომინირებდით, ვიდრე წინა სეზონის მატჩში, რომელიც 5:1 მოვიგეთ. ერთადერთი დაცვაში დავუშვით რამდენიმე შეცდომა.

იმედია, მალე დანიელ სტარიჯიც დაგვიბრუნდება და ყველაფერი დალაგდება. იგი ბოსტონში წავიდა, შობას იქ შეხვდება, იქაური ექიმები დააკვირდებიან და ახალი წლის დასაწყისში დაგვიბრუნდება. იმედია, იანვრიდან ისევე ავთამაშდებით, როგორც ეს წინა სეზონში იყო" - თქვა როჯერსმა.

სტარიჯი და სტერლინგი
დანიელ სტარიჯი, როგორც იცით, ბეისბოლის გუნდის, "ბოსტონ რედ სოქსის" ექიმებთან გადის კონსულტაციებს. "ლივერპულსა" და "რედ სოქსს" ჯონ ჰენრის სახით ერთი მფლობელი ჰყავს. მას მიაჩნია, რომ სტარიჯს იქაური ექიმები უკეთ მიხედავენ. წასვლამდე კი დანიელმა 1 მილიონ ფუნტად ახალი პენტჰაუსის შეძენა მოასწრო, სადაც 25 წლის თავდამსხმელი თავის მშობლებთან ერთად იცხოვრებს.

პარალელურად, მერსისაიდელები რაჰიმ სტერლინგთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ, მაგრამ შეთანხმება ჯერ ისევ ვერ ხერხდება. ახალგაზრდა ტალანტს "ლივერპულის" მიერ შეთავაზებული ხელფასი არ აკმაყოფილებს და მეტს ითხოვს, სტერლინგს მეტი ფუნტი უნდა... თანაც, მან მშვენივრად იცის, რომ არაერთი მსურველი ჰყავს და თუ "ლივერპულს" მისი შენარჩუნება მართლაც ძალიან უნდა, დათმობაზე წასვლა მოუწევს.

როჯერსმა კი ისევ აქო და ადიდა რაჰიმი და აღნიშნა, დარწმუნებული ვარ, დარჩენა ძალიან უნდაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული