ბრენდან როჯერსი ზამთარში ტრანსფერებს არ გამორიცხავს

AutoSharing Option
ბრენდან როჯერსი არ გამორიცხავს, რომ იანვარში "ლივერპულმა", შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატოს. თუმცა მწვრთნელმა პეტრ ჩეხზე ან რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

ბოლო პერიოდში მერსისაიდელებს ხშირად უკავშირებდნენ რამდენიმე ფორვარდსა და მეკარეს, რადგან როჯერსს ერთიც სჭირდება და მეორეც. სიმონ მინოლე მას ბოლომდე აღარ აკმაყოფილებს, ხოლო ბრედ ჯონსზე გრძელვადიანი პერსპექტივით დაყრდნობას არ აპირებს.

ისიც ფაქტია, რომ როჯერსის ტრანსფერების უდიდესმა ნაწილმა არ გაამართლა და ამიტომ ყველას ორმაგად აინტერესებს - ამჯერად ვისზე შეაჩერებს არჩევანს "ლივერპული".

"ტრანსფერებს რაც შეეხება, რამდენიმე სიახლე გამორიცხული არ არის.
ვნახოთ, რა ვარიანტები იქნება. თუმცა მითქმა-მოთქმა ყოველთვის ბევრია, რასაც ყურადღებას არ ვაქცევ და არც კომენტარს ვაკეთებ", - განაცხადა როჯერსმა.

სხვათა შორის, კომენტარი 32 წლის ჯონსმაც გააკეთა. ავსტრალიელი თავის შანსს დიდი ხანი ელოდა და ამბობს, რომ "ლივერპულში" პირველი ნომრის იოლად დათმობას არ აპირებს - ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი შევინარჩუნოო.

ბოლოს კი ისიც ვთქვათ, რომ როცა ბრენდან როჯერსს ჰკითხეს - რატომ არ თამაშობს მარიო ბალოტელი ძირითადში, მწვრთნელმა მარტივად უპასუხა - მარიო 4-3-3 ტაქტიკისთვის იდეალური ვარიანტი არ არის, ჩვენ კი ბოლო დროს ამ სქემით ვიწყებდით მატჩებსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული