მანუელ პელეგრინის წუხილი და ოპტიმიზმი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინის ვერ მოუნელებია, რომ მისმა გუნდმა "ბარნლისთან" ძალიან ძვირფასი 2 ქულა დაკარგა, მაგრამ მეორე მხრივ, პელეგრინი ოპტიმიზმს ინარჩუნებს და ამბობს, რომ მისი კლუბი კარგ ფორმაშია და ყველაფერი წინ აქვს.

"ქალაქელები" საკუთარ კედლებში ერთ-ერთ აუტსაიდერს 2:0-ს უგებდნენ და 3 ქულა რომ მოეპოვებინათ "ჩელსისთან" სხვაობას უკვე 1 ქულამდე ამცირებდნენ, ლონდონელებმა თავიანთი მატჩი ტაიმით ადრე დაიწყეს და "სიტიმ" მეორე ნახევარში იცოდა, რომ კონკურენტმა ქულები დაკარგა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და თავადაც ფრეს დასჯერდა.

არადა, პირველ იანვარს "ჩელსი" "უაით
ჰართ ლეინზე" "ტოტენჰემთან" იჭიდავებს, ხოლო "სიტის" წესით უფრო ადვილი მატჩი ელოდება შინ "სანდერლენდთან" და პელეგრინის ბიჭებს "ბარნლისთან" რომ მოეგოთ, ახალი წლის პირველ დღეს შესაძლოა უკვე ერთპიროვნული ლიდერებიც გამხდარიყვნენ.

"მატჩი საფინალო სასტვენამდე გრძელდება. ალბათ 2:0-ის მერე ფეხბურთელებმა ან მათმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, რისთვისაც დავისაჯეთ. "ბარნლის" პირველი გოლი მსაჯების შეცდომის წყალობით გავიდა, მაგრამ ყველაფერს ამას ვერ დავაბრალებთ, ასეთი რაღაცები ფეხბურთში ხდება. მეორე ტაიმი აშკარად ჩავაგდეთ. თუმცა ლიდერს მხოლოდ 3 ქულით ჩამოვრჩებით და მე მჯერა ჩემი გუნდის. სეზონის მეორე ნახევარი სულ მცირე ამაზე უფრო ცუდად არ უნდა ჩავატაროთ. ვფიქრობ, მოვუმატებთ კიდეც" -განაცხადა ჩილელმა.

მომატების პერსპექტივა და რესურსი "სიტის" ნამდვილად აქვს, გუნდი ჩინებულ ფორმაში შევიდა და პლუს ამას დაემატებიან სერხიო აგუერო და ედინ ჯეკო, რომლებიც ტრავმას იშუშებენ. ათამაშდება ახლადდაბრუნებული სტევან იოვეტიჩიც...

აი ერთგვარი "შინ თამაშის კომპლექსი" კი ძალაში რჩება და ამაზე პელეგრინიმ აუცილებლად უნდა იმუშაოს, სანამ გვიანი არ არის. მიმდინარე სეზონში საკუთარ კელდებში ჩატარებულ 9 მატჩში "სიტიმ" უკვე დაკარგა 7 ქულა, ეს ორით მეტია, ვიდრე მთელი წინა საჩემპიონო სეზონის მანძილზე 19 მატჩში დაკარგული 5 ქულა. 2012/2013 წლების სეზონში მანჩესტერელებმა 19 პრემიერლიგურ საშინაო მატჩში 12 ქულა დაკარგეს და მეორე ადგილზე გავიდნენ.

2011/2012-ში მხოლოდ 2 ქულა განიავდა და "სიტიმ" ჩემპიონობა იზეიმა. 2010/2011 წლებს რაც შეეხედბა 14 ქულა დაიკარგა, რაც სეზონის მე-3 ადგილზე დასრულებით დამთავრდა. 2009/2010-ში კი გუნდმა მთელი 17 ქულა გაფლანგა თავის სტადიონზე, რაც სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა - მე-5 ადგილი. ასე რომ, "სიტის" საბოლოო შედეგი თითქოს, პირდაპირპროპორციულია საკუთარ კედლებში წარმატებით ან წარუმატებლად თამაშისა და პელეგრინიმ რამე უნდა მოიფიქროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული