სამწვრთნელო ცვლილებები პრემიერლიგაში: პარდიუმ თავი თავად მოიხსნა

AutoSharing Option
ალან პარდიუ "ნიუკასლ იუნაიტედს" ტოვებს. ის რომ "კაჭკაჭებმა" "კრიტალ პალასთან" მიაღწიეს შეთანხმებას უკვე ოფიციალურად დადასტურდა. "არწივებს" პარდიუს სანაცვლოდ გარკვეული კომპენსაცია შეუთავაზებიათ, რომელსაც "ნიუკასლი" დაყაბულდა და 53 წლის მწვრთნელს თავის საყვარელ "კრისტალ პალასში" გადასვლაში ხელს არ შეუშლის.

გარდა პირადი სიმპათიისა, როგორც ჩანს, პარდიუ მუდმივი კრიტიკითაც დაიღალა და ამიტომ გადაწყვიტა ჯორდების დატოვება, არადა იგი ამ პოსტზე 2010 წლის მერე მუშაობს და "არსენალის" არსენ ვენგერის, "ექსეტერის" პოლ ტისდეილისა და "დონსის" კარლ რობინსონი მერე, მეოთხეა იმ სპეციალისტებს შორის, რომლებიც პოსტზე ყველაზე დიდი ხანი არიან
ინგლისის მასშტაბით.

პარდიუ სამშაბათის ვარჯიშზეც აღარ გამოჩენილა და "სენტ ჯეიმს პარკის" ბინადრებს დროებით ჯონ კარვერი და სტივ სტოუნი წარუძღვებიან. როგორც ბრიტანული ჟურნალ-გაზეთები იწერებიან, ისინი ორი ტურის განმავლობაში იქნებიან პოსტზე, იქამდე კი მაიკ ეშლი იფიქრებს თუ ვის ჩაბაროს თავისი გუნდი და ახალი წლის პირველ დღეებში გადაწყვეტილებასაცა მიიღებს. უახლოესი ორი მატჩი კი "კაჭკაჭებს" "ბარნლისთან" ჩემპიონატში (შინ) და "ლესტერთან" თასზე (გასვლაზე) ელით.

უკვე გაიჟღერა ერთმა საინტერესო ვარიანტმა - ფაბრისიო კოლოჩინიმ შესაძლოა, მწვრთნელობა შეითავსოსო...

დასავლეთ ალბიონზე ცვლილებაა
"სტოკთან" წაგების მერე, ალან ირვინი კი ამბობდა მუშაობას ვაგრძელებო და ინგლისური პრესაც იუწყებოდა, შოტლანდიელს კიდევ ორ მატჩს დააცდიანო, მაგრამ ხელმძღვანელობამ 56 წლის შოტლანდიელის მოხსნა მაინც გადაწყვიტა. "ვესტ ბრომვიჩმა" ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და 7 წააგო. მთლიანობაში კი 19 პრემიერლიგურ თამაშში მარტო 4 მოგება მიითვალა. "ბრიტანიაზე" მარცხი გუნდისთვის მიჯრით მესამე გახლდათ და "ალბიონი" ერთ ქულაში აღმოჩნდა გასავარდნ ზონასთან.

"ვესტ ბრომს" ახალი წლის მატჩში დროებითი მწვრთნელი რობ კელი უხელმძღვანელებს კიტ დაუნინგთან ერთად. ამ უკანასკნელს არაერთხელ მოუხდა ბოლო თვეებში ამ როლის შეთავსება, რადგან "ალბიონში" მწვრთნელების ცვლილება მოხშირდა.

კანდიდატებად კი პირველ რიგში 56 წლის ტონი პულისი და 45 წლის ტიმ შერვუდი განიხილებიან. პულისი "კრისტალ პალასიდან" წამოსვლის მერე უმუშევარია და ეს მწვრთნელი გუნდების რთული მდგომარეობიდან გამოყვანისა და გადარჩენის სპეციალისტი რომ არის კარგად მოგეხსენებათ. შერვუდი კი უფრო გამოუცდელია და "ტოტენჰემში" რამდენიმეთვიანი პერიოდით დაგვამახსოვრა თავი, ცუდად იგი არ გამოიყურებოდა, ეს საქმიანობაც მოეწონა და მისი გაგრძელება სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული