"მანჩესტერ იუნაიტედი": რა სხვაობაა ვან გაალსა და მოიესს შორის?

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედს" 11-თამაშიანი წაუგებელი სერია შეუწყდა. აქედან ლუი ვან გაალს 8 მოგებული ჰქონდა და 3 ფრედ დასრულებული. იგი თანამემამულემ, რონალდ კუმანმა დაამარცხა და ეს "საუთჰემპტონის" პირველი გამარჯვება გახლდათ ბოლო 27 წლის განმავლობაში "ოლდ ტრაფორდზე" და შესაბამისად, სულ პირველი უშუალოდ პრემიერლიგაში.

საინტერესოა პარალელიც, რომელიც შეგვიძლია გავავლოთ ვან გაალსა და დევიდ მოიესს შორის. მართალია, 21 ტურის მერე, წინა სეზონში "წითელი ეშმაკები" მე-7 ადგილზე იყვნენ და ახლა მე-4 ადგილზე არიან, მაგრამ ეს უფრო სხვა გუნდების პასიურობით არის გამოწვეული, რადგან სხვა მხრივ, სტატისტიკა თითქმის
თანაბარია, რაშიც თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ:

ვან გაალი VS მოიესი
21 ტური 21
37 ქულა 37
10 მოგება 11
7 ფრე 4
4 წაგება 6
34 გოლი 35
21 გაშვ. გოლი 24

ამას ემატება ისიც, რომ წინა სეზონი პირველი იყო სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის მერე, გუნდში სრული ქაოსი გახლდათ და დევიდ მოიესზე უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა. შოტლანდიელმა ამ წნეხს ვერც გაუძლო. გარდა დიდი არეულობისა, მაშინ შემადგენლობაც გაცილებით უფრო სუსტი გახლდათ და მას მერე "მანჩესტერმა" დაახლოებით 170 მილიონი ევრო დახარჯა ტრანსფერებში, მაგრამ ქულებით თუ გატანილ-გაშვებული გოლებით, ფაქტობრივად, იდენტურ მაჩვენებელს ვხედავთ. ასე რომ, ლუი ვან გაალისადმი კრიტიკის ახალი ტალღა გორდება.

თავად ვან გაალი იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ "საუთჰემპტონს", უბრალოდ, გაუმართლა. შესაძლოა, გარკვეულწილად ასეც გახლდათ, მაგრამ სად გაექცევა 63 წლის სპეციალისტი იმას, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მისმა ბიჭებმა ერთხელაც ვერ დაარტყეს ზუსტად კარში?

"ჩვენ ბევრად უკეთესი მატჩი ჩავატარეთ, ვიდრე "საუთჰემპტონმა". მეტოქეს გაუმართლა. ისინი აშკარად ფრის სათამაშოდ ჩამოვიდნენ, მაგრამ 3 ქულით წავიდნენ, გოლიც არაფრისგან გაიტანეს, ეს სამწუხაროა. ცუდი შედეგია, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ვდომინირებდით, უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ უფრო მეტი მომენტი უნდა შევქმნათ ხოლმე" - ვან გაალი.

"წითელი ეშმაკების" თავკაცის "გასამართლებლად" ის ნამდვილად უნდა აღვნიშნოთ, რომ ტრავმებმა "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები გააწამა და ზოგადად, ყველა ტრანსფერი ჯერ ვერ ამართლებს. ახლად დაბრუნებული ანხელ დი მარია ჯერჯერობით ფორმაში ვერ შევიდა.

რობინ ვან პერსი "წმინდანებთან" დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. ამის გამო მას "ოქროს ბურთის" ცერემონიის გამოტოვება მოუხდა, რომელსაც წესით, უნდა დასწრებოდა. ექიმებმა მირჩიეს, ჩემი ჯანმრთელობისთვის ჯობია, ციურიხში არ გადავფრინდე და ცერემონიალს ტელევიზორში ვუყურებ; თუ მოვიგებ, ჯილდოს ჩემი კარგი მეგობარი რუუდ გულიტი ჩაიბარებსო - განაცხადა 31 წლის ფორვარდმა, რომელიც წლის გოლის ნომინაციაში იყო დასახელებული.

ექიმებს იმედი აქვთ, რომ დაზიანება სერიოზული არ გამოდგება, არ გამიზეზდება და იგი შემდეგ ტურში თამაშს შეძლებს.

ყველა ტრავმირებული და ახალწვეული სათითაოდ რომ აღარ ჩამოვთვალოთ, ამ თემაზე საუბარი რადამელ ფალკაოს მაგალითზე დავასრულოთ, რომელიც ვერაფრით ათამაშდა. იგი ჯანმრთელად იყო, მაგრამ იმდენად არ აკმაყოფილებს ვან გაალის მოთხოვნებს, რომ მან განაცხადში კოლუმბიელის შეყვანას 19 წლის ჯეიმს უილსონი ამჯობინა და შემდეგ ჟურნალისტების კითხვაზე, ნანობს თუ არა იგი ამ გადაწყვეტილებას, მოკლედ უპასუხა - არა.

ფალკაო კვირაში 265 ათას გირვანქას იღებს. 28 წლის კოლუმბიელის "მონაკოდან" ერთი წლით თხოვება "იუნაიტედს" 6 მილიონი გირვანქა დაუჯდა და ალბათ, მის გამოსასყიდად ბევრად დიდ თანხას აღარ გადაიხდის. ფალკაომ სულ 12 მატჩი ჩაატარა (604 წუთი), 3 გოლი გაიტანა, სულ 17-ჯერ დაარტყა მეტოქის კარში, 3 საგოლე პასი მიითვალა და 10 შანსი შექმნა. მისი გოლის გატანის საშუალო მაჩვენებელი 201.3 წუთში ერთი ბურთია.

"როგორც მწვრთნელს, ხანდახან ასეთი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს. აკვირდები მეტოქეს, გადახედავ შემადგენლობას, შენი მოთამაშეების მზადყოფნას, გაითვალისწინებ სათამაშო გეგმას და ამის მიხედვით ხელმძღვანელობ" - ახსნა ვან გაალმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას იტყვის იგი იმაზე, რომ მოიესის დარი სტატისტიკა აქვს, მანჩესტერელთა დამრიგებელმა ასე უპასუხა: "თქვენ ამ მომენტს მოუთმენლად ელოდებოდით, რომ მერე ჩემთვის გეთქვათ, იმდენივე ქულა გაქვთ, რამდენიც დევიდ მოიესს ჰქონდაო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული