ბრანისლავ ივანოვიჩი: სეზონს ტიტულით დავასრულებთ

AutoSharing Option
ბრანისლავ ივანოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საიმედო მცველია. სერბმა 2014/2015 წლების სეზონიც დიდებულად დაიწყო და "ჩელსის" ერთ-ერთ ლიდერად რჩება.

იგი გასულ 2014 წელზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრებს.

- რა იყო თქვენთვის გამოსარჩევი 2014 წელს?
- სიმართლე ითქვას, კონკრეტული რამის გამორჩევა გამიჭირდება. გრძელი და დატვირთული წელი იყო. მართალია, ვერც ერთი ტიტული ვერ მოვიგეთ, მაგრამ მაინც პოზიტიურად შევაფასებდი, რადგან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავედით. ალბათ, გამოვარჩევდი სეზონის ბოლოს "სიტის" ჩემ გოლს კარში და მოგებას, ასევე "ლივერპულთან" გამარჯვებას, ეს გუნდები ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ და ჩვენ
ისინი დავამარცხეთ.

- და წლის ყველაზე ცუდ მომენტად რას დაასახელებთ?
- უდავოდ ჩაშლილ მატჩს ალბანეთთან. ეს წლის კი არა ალბათ ჩემი კარიერის ყველაზე უსიამოვნო მომენტი იყო. ზოგადად, ყოველთვის ცუდია, როდესაც გარეშე თემები და ფაქტორები ერევა სპორტში და ფეხბურთში. ჩვენ მატჩის გაგრძელება გვინდოდა, მაგრამ ფეხბურთელებს ყოველთვის არ შეუძლიათ გადამწყვეტი როლის თამაში და გადაწყვეტილება ჩვენი მისაღები არ გახლდათ.

- 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ვინ არის?
- მე უპირატესობას ყოველთვის იმ მოთამაშეებს ვანიჭებ, ვინც ტიტულებს იგებს. ამიტომაც, საუკეთესოდ კრიშტიანო რონალდოს დავასახელებ. ასევე გერმანელ ფეხბურთელს, რადგან ამ ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. მაგალითად, ბასტიან შვაინშტაიგერს. ჩემი პერსონალური ფავორიტი ყოველთვის იყო და არის ლიონელ მესი, მაგრამ 2014-ში მას არაფერი მოუგია.

- და პრემიერლიგაში ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი?
- ამ შემთხვევაშიც იგივე ლოგიკით, "სიტის" ფეხბურთელს დავასახელებ - იაია ტურე, დავიდ სილვა ან სერხიო აგუერო. თამაშით საუკეთესო ლუის სუარესი იყო, მაგრამ მან გუნდთან ერთად ვერაფერი მოიგო.

- სესკ ფაბრეგასმა ედენ აზარს "ჩელსის" მესი უწოდა, რამდენად ახლოს არის ეს სიმართლესთან?
- აზარი ძალიან მაღალი კლასის, ნიჭიერი ფეხბურთელია, მას აქვს პოტენციალი, რომ კიდევ უფრო უკეთესი გახდეს, მაგრამ ჯერ მესისთან აზარის შედარება ძალიან ძნელია, რადგან ლიონელს უამრავი ტიტული და რეკორდი აქვს. თუმცა "ჩელსისთვის" ედენი მართლაც მესისავითაა.

- რამდენად მნიშვნელოვანია "ჩელსიში" თქვენი თანამემამულის ნემანია მატიჩის გადმოსვლა და ახლო ურთიერთობა თუ გაქვთ მასთან?
- ნემანია უპირველეს ყოვლისა, ფენომენალური ფეხბურთელია. მასთან ერთად მინდორს მიღმაც დიდ დროს ვატარებ და ნამდვილად ახლო მეგობრებად დავრჩებით კარიერის დასრულების შემდეგაც. იგი სწორ დროს და სწორ ადგილას მოვიდა.

- სესკ ფაბრეგასი და დიეგო კოშტა იმაზე უკეთ თამაშობენ, ვიდრე ელოდით?
- ვერ ვიტყოდი. ისინი, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელები იყვნენ ისედაც ვიცოდი. ახლა ისინი თავის კლასს მინდორზე ამტკიცებენ. მართლაც მნიშვნელოვანი ტრანსფერები განვახორციელეთ და მათი გამოციდლება და შესაძლებლობები ძალიან გვეხმარება.

- დაცვის ცენტრი თუ მარჯვენა მცველობა, რომელ პოზიციაზე გირჩევნიათ?
- ეს კითხვა აქამდეც ბევრჯერ დაუსვამთ და პირდაპირ პასუხს ყოველთვის ვერიდები. თავს ორივე ამპლუაში კომფორტულად ვგრძნობ და ვფიქრობ, დავამტკიცე, რომ ორივე პოზიციაზე თანაბრად კარგად შემიძლია თამაში. დიდი ხანია, სტბალურად ფლანგზე ვთამაშობ, მაგრამ დაცვის ცენტრი არ დამივიწყებია და ასაკის მატებასთან ერთად ალბათ, ბუნებრივი იქნება თუ ცენტრისკენ გადავინაცვლებ, მაგრამ ამჟამად ძალიან ბედნიერი ვარ ფლანგზე თამაშით.

- როგორ ახერხებთ ამდენი გოლის გატანას მიუხედავად იმისა, რომ ფლანგის მცველი ხართ, ყოველთვის ბევრი გაგქონდათ?
- კი, მცველისთვის ყოველთვის ბევრი გამქონდა. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ ბავშვობაში თავდამსხმელად ვთამაშობდი და გოლის გატანის ბუნებრივი ინსტინქტი მაქვს, ეს თავდაჯერებისთვისაც კარგია.

- მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მცველი ხართ, პრემიერლიგის სეზონის ნაკრებში მხოლოდ ერთხელ მოხვდით, იმიტომ ხომ არა, რომ ხან ფლანგზე თამაშობთ და ხან ცენტრში?
- შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ეს დიდად არ მაღელვებს. მესიამოვნა, როდესაც სეზონის ნაკრებში მოვხვდი, მაგრამ ეს ჩემი მიზანი არ არის და მთავარი კარგად და სტაბილურად თამაშია.

- როგორია ჟოზე მოურინიო როგორც მწვრთნელი, ხუმრობს ხოლმე? რამე მაგალითს თუ მოიყვანთ?
- კონკრეტულ მაგალითს ვერ მოვიყვან, მაგრამ ის ხუმრობს ხოლმე, შეიძლება ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად. მას "განსაკუთრებულს" ეძახიან, მაგრამ მე "სრულყოფილს" დავარქმევდი. მისი შედეგები ყველაფერს ამბობენ. ჩემი აზრით, იგი ყველაზე ინტელიგენტი მწვრთნელია. ჟოზემ იცის როდის, რა და როგორ მოითხოვოს. როდის დამუხტოს და როდის გაამხნევოს გუნდი და როგორ მიიღოს მაქსიმუმი ფეხბურთელისგან. სიამოვნება და პრივილეგიაა მასთან მუშაობა.

- ვინ არის ყველაზე დიდი ხუმარა "ჩელსის" ბანაკში?
- ასეთი უდავოდ, დავიდ ლუისი იყო. მას თავისუფლად შეეძლო გუნდის და საკუთარი თავის გამხიარულება. ამჟამად, დიეგო კოშტას გამოვარჩევდი. ის ჯერ მაინც ახალია და შესაძლოა, ჯერ ბოლომდე ვერ გაიხსნა, მაგრამ პოტენციალი ნამდვილად აქვს, რომ მთავარი ხუმარა გახდეს.

- რატომ ჰყავს სერბეთს ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი? მწვრთნელებს რამე საიდუმლო აქვთ? და როგორ პარალელს გაავლებდით ინგლისელ ახალგაზრდებთან?
- ჩემი აზრით, სერბეთში ახალგაზრდებთან ბევრად უკეთ მუაშაობენ, ვიდრე ინგლისში. თუმცა ინგლისში ინფრასტრუქტურა და ფინანსური რესურსი გაცილებით მაღალ დონეზეა. Aნორჩი ტალანტები მუდამ მრავლად გვყავდა და ახალგაზრდულ დონეზე ხშირად ვაღწევთ დიდ წარმატებებს.

- რა არის თქვენი მიზანი 2015 წელს? პრემიერლიგის მოგება გირჩევნიათ თუ ჩემპიონთა ლიგის?
- ამჟამად ორივე ტურნირზე გვაქვს რეალური შანსი შემორჩენილი, მაგრამ წინ კიდევ დიდი გზაა. ჩემპიონთა ლიგა ისეთი ტურნირია, სადაც იღბალზე და ფიზიკურ სიმხნევეზე ბევრია დამოკიდებული. გამორჩევა გამიჭირდება, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ სეზონის ტიტულებით დასრულება მინდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული