არსენ ვენგერი: თუ ფეხბურთი გიყვარს, როსიცკიც უნდა გიყვარდეს

AutoSharing Option
ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხე ეტაპი იმდენი სენსაციით გამოირჩა, რომ უხერხულიც კია, გამარჯვებულ ფავორიტზე რამე აუგი დაგცდეს, მაგრამ ფაქტია, "არსენალმა" გულშემატკივრები გვარიანად ანერვიულა.

"ბრაიტონს" "მეთოფეები" 2:0-ს და 3:1-ს კი უგებდნენ, მაგრამ სხვაობა მაინც მინიმუმამდე შეამცირებინეს და ბოლომდე სანერვიულოდ გაიხადეს საქმე. ასეა თუ ისე, "არსენალმა" მოიგო და ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი ტომაშ როსიცკი გახლდათ. ჩეხმა გაიტანა კიდეც, საგოლე პასიც გააკეთა და მართლაც გაიბრწყინა, რითაც თავისიანების გულწრფელი აღფრთოვანება და კომპლიმენტები დაიმსახურა.

მართალია, 2014 წლის 1-ლი იანვრის მერე თეო უოლკოტმა თავისი პირველი ბურთი შეაგდო
და თავი ტრავმის მერე ახლად მომჯობინებულმა მესუთ იოზილმაც გამოიჩინა, მაგრამ ეს მოვლენები როსიცკის კარგმა თამაშმა გადაფარა.

"იგი შეუდარებელი გახლდათ. ტომაში არის მოთამაშე, რომელიც ყველას გვიყვარს. თუ ფეხბურთი გიყვარს, ესე იგი, როსიცკიც გიყვარს" - ასე გამიჯნურდა არსენ ვენგერი.

ლორენ კოშელნიმ მატჩის შემდგომ თავისი და როსიცკის ფოტო სიამაყით გამოფინა სოციალურ ქსელში, მინაწერით: "სუპერტომთან ერთად - ბრწყინვალეა, ჩემო მეგობარო. რთული მატჩი იყო, მაგრამ მოვიგეთ. წინ შემდეგი ეტაპია".

აარონ რემზი კი გუნდის გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ მოხიბლეს და უელსელმა მათ დიდი მადლობა გადაუხადა - შინ თუ გარეთ მხურვალედ გვქომაგობთ და თქვენი დიდი წვლილია ჩვენს მოგებაშიო.

ისევ ვენგერს თუ დავუბრუნდებით, მან თითქმის დაადასტურა ის, რომ აბუ დიაბი გუნდის გეგმებში აღარ შედის. ეს ფეხბურთელი ტრავმებით არის გაწამებული, რომელთა რაოდენობითაც იგი, შესაძლოა, რეკორდსმენიც კია. როდის ჩადგება მწყობრში 28 წლის ფრანგი, ჯერ უცნობია და "არსენალიც" არ ჩქარობს ახალი კონტრაქტის გაფორმებას.

"არსენალი" ასოციაციის თასის მოქმედი გამარჯვებულია და ვენგერს თავისი გუნდი ამ სეზონშიც ერთ-ერთ ფავორიტად მიაჩნია. სხვა საქმეა, რამდენად აკმაყოფილებთ გუნდის გულშემატკივრებს მხოლოდ ამ ტიტულის მოპოვება.

"დიახ, ჩვენ ფავორიტები ვართ, ისევე, როგორც პრემიერლიგის რამდენიმე წარმომადგენელი. თუმცა იმის პროგნოზირება ძნელია. სამაგიეროდ, გეტყვით, რომ წინა სეზონში კარგი გამოცდილება მივიღეთ და სასიამოვნო გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩვენ თასის შენარჩუნება გვსურს" - დასძინა მუსიე არსენმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული