რატომ დატოვა ჰარი რედნაპმა "ქუინზ პარკ რეინჯერსი"?

AutoSharing Option
ჰარი რედნაპმა "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის ოფიციალური მიზეზი მუხლის ოპერაციაა, რომელიც 67 წლის სპეციალისტმა უნდა გაიკეთოს და შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდიც გაიაროს.

რედნაპმა კლუბის შეფი ტონი ფერნანდესი, რომელსაც მისი გაშვება არ სურდა, საქმის კურსში ჩააყენა და გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, რომელიც ფერნანდესმა დააკმაყოფილა.

ისე კი, რედნაპის გადაწყვეტილება საეჭვოდ დაემთხვა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვას. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ ჯანმრთელობის პრობლემა, შესაძლოა, მთავარი ან ერთადერთი მიზეზი არ გახლდეთ გამოცდილი სპეციალისტის გუნდიდან წასვლის... ამბობენ, რედნაპს გუნდის გაძლიერება სურდა და უფროსობას
ახალ ფეხბურთელებს სთხოვდა, მაგრამ რადგან ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, განაწყენდა და წავიდაო.

მეორე მხრივ, მხარეები ერთმანეთს ძალიან თბილად, მადლობებითა და ცრემლისღვრით დაემშვიდობნენ. ქპრ ისევ ღრმა კრიზისშია და გასავარდნ ზონაში იმყოფება. სადაც რედნაპი კლუბს ჩემპიონშიპში ჩაჰყვა, წარმოიდგინეთ, როგორი სერიოზული მიზეზი უნდა ჰქონოდა, რომ ახლა წასულიყო.

"გადაუდებელი ოპერაცია მჭირდება და რადგან უახლოეს პერიოდში 100%-ით ვერ დავიხარჯები, სჯობს, საქმეს სხვამ მიხედოს" - აღნიშნა რედნაპმა.

ქპრ-ს შემდეგი მატჩი საკუთარ კედლებში აქვს "საუთჰემპტონთან". გუნდს დროებით კლუბში ერთ-ერთ ფუნქციონერად მომუშავე ლეს ფერდინანდი და აკადემიის მწვრთნელი კრის რემზი უხელმძღვანელებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული