ბევრმა კოუტინიოს ლივერპულურ მომავალს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გადაუსვა ხაზი, მაგრამ ბოლო დროს, 22 წლის შემტევი სტაბილურად არის ბრენდან როჯერსის განკარგულებაში და მწვრთნელიც ენდობა მას. როჯერსმა ნელ-ნელა კოუტინიოც "დაქოქა" და აათამაშა, რაც გუნდმა ფეხბურთელს ახალი, გაუმჯობესებული შეთანხმებით დაუფასა, თორემ ფილიპე 2018 წლამდე ისედაც მერსისაიდელებისა გახლდათ.
"ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის ამ გუნდში თამაში ახდენილი ოცნებაა და ახალი კონტრაქტი ძალიან მახარებს.
"ლივერპულს"
დიდებული გუნდია, საუცხოო ფანებით, რომლებიც ყოველთვის მამხნევებდნენ.
ვიცი იმ მითქმა-მოთქმის შესახებაც, რომ თითქოს მივდიოდი, მაგრამ ამ კონტრაქტით ყველაფერს ვუპასუხეთ. ეს ბედნიერი დღეა" - აღნიშნა კოუტინიომ.
ბრენდან როჯერსი: "როდესაც ფილიპე ჩამოვიდა, სულ ახალგაზრდა იყო.
ჩამოვიდა ქვეყანაში, რომელშიც იქამდე არ ეცხოვრა და კლუბში, სადაც მისგანაც და მთლიანად გუნდისგანაც მოლოდინი დიდია.
კოუტინიო არ დაიბნა, არ შეშინდა და მოსმენის, სწავლისა და მომატების სურვილი გამოავლინა.
მან ბევრი იმუშავა და თავისი შემართებით რთული პერიოდიც დაძლია და ტალანტის გამოყენებაც დაიწყო.
ძალიან მომწონს ფილიპესნაირ ფეხბურთელებთან მუშაობა," - განაცხადა ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"