ედენ აზარი "ჩელსიში" დარჩა: კვირაში 200 ათასი 2020-მდე

AutoSharing Option
* ედენ აზარი "ლილიდან" "ჩელსიში" 2012 წელს გადავიდა.

* ახალი კონტრაქტით, ედენი კვირაში 200 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

ედენ აზარმა ლონდონის "ჩელსისთან" ახალი ხანგრძლივი, კერძოდ კი, 4,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ეს მოსალოდნელიც იყო და ამით მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ მადრიდის "რეალი" და "პარი სენ-ჟერმენი" ამ ეტაპზე ბელგიელს სულ ტყუილად უტრიალებენ.

როგორც იცით, იგი "სტემფორდ ბრიჯზე" 2012 წელს გადაბარგდა "ლილიდან", ბრიტანული პრესის ცნობით, 32 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ. მას მერე აზარმა "ჩელსის" მაისურით 147 მატჩი ჩაატარა და 43 გოლი გაიტანა. ამას საგოლე
პასები და სხვადასხვა დასამახსოვრებელი მომენტი ემატება; პლუს, ყველა ელოდება, რომ 24 წლის შემტევი კიდევ უფრო უკეთ ათამაშდება და პოტენციალს სრულად გამოავლენს.

"2012 წლიდან, ანუ მას მერე, რაც აქ მოვედი, თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობდი და გუნდი მუდამ გვერდში მედგა, ყველა სიტუაციაში. მწვრთნელი გაზრდასა და თამაშის გაუმჯობესებაში დამეხმარა. ფანები ფანტასტიკურები არიან და საუცხოოდ ვუგებ და ვეწყობი თანაგუნდელებს. მუდამ ვცდილობ და ვეცდები, სიამოვნება მივანიჭო გულშემატკივრებს ჩემი სათამაშო სტილით და სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ისინი ჩემს შრომას და მონდომებას აფასებენ" - განაცხადა აზარმა.

ჟოზე მოურინიო: "იგი უკვე ტოპ-ფეხბურთელია. ფანტასტიკურად ვითარდება. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და შეუძლია, საუკეთესო გახდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული