"მანჩესტერ სიტი": მოგება ტურეს გარეშე და ტურეს დაბრუნება

AutoSharing Option
AUTO PLAY
* იაია ტურე და უილფრიდ ბონი "ჩელსის" აფრიკის ერთა თასიდან დაუბრუნდნენ.

* კუნ აგუერო უკვე მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება ბომბარდირთა დავაში გალიდერებულ დიეგო კოშტას.

გაღიმებული მანუელ პელეგრინი "სტოკთან" შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ ამბობდა, ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდით და ისევ სწორ გზაზე გადმოვუხვიეთო. ეს გამარჯვება ჩილელისთვის რამდენიმე ფაქტორის გამო გახლდათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი.

"ქალაქელებმა" ახალ წელს უკვე ძალიან ბევრი ქულა დაკარგეს. მანჩესტერელებს შურისძიებაც მართებდათ პირველ წრეში განცდილი მარცხის გამო და თან "ბრიტანიაზე" 1999 წლის მერე ვერ მოეგოთ. დაბოლოს, ხელახლა აგორდა ტალღა იმ თემაზე, რომ
"სიტის" თამაში იაია ტურეზეა დამოკიდებული და კოტდივუარელი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის, ვიდრე სერხიო აგუერო ან ვინმე სხვა, რადგან კუნის გარეშე კლუბი პრემიერლიგაში თამაშებს იგებდა ხოლმე, ხოლო იაიას გარეშე ვერა.

"ჰალთან" კინაღამ წაგებული მატჩის მერე პელეგრინიმ აღიარა, რომ მის გუნდს შეტევაში ფანტაზია აკლდა და ბოლო დროს ეს პრობლემა სახეზე იყო. თუმცა ჯიუტად გაიძახოდა, ტურე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ველოდებით, როდის დაგვიბრუნდება, მაგრამ არანაირად არ ვართ მასზე ან რომელიმე სხვა კონკრეტულ ფეხბურთელზე დამოკიდებული, მის გარშეც გვმართებს და შეგვიძლია მოგებაო.

ასე რომ, "ბრიტანიაზე", სადაც თამაში რთულია კარგ ფორმაში მყოფ "სტოკთან", პელეგრინიმ ერთბაშად ორი კურდღელი დაიჭირა - მოიგო ტურეს გარეშე და გაიტანა ბევრი გოლი. "მესამე კურდღელი" კი, ალბათ, ის არის, რომ სერხიო აგუერომ მშვენივრად ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. ტრავმის მერე დაბრუნებულ არგენტინელს თავდაჯერებისთვის ეს ძალიან სჭირდებოდა, თანაც ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" პაექრობა ახლოვდება.

კუნს 3 დეკემბრის მერე არ ჰქონდა გატანილი. ახლა მას 16 გოლი დაუგროვდა და ოდენ ერთითღა ჩამორჩება ბომბარდირთა დავის ლიდერ დიეგო კოშტას. აქვე ვთქვათ, რომ გოლით და საგოლე პასით გაიბრწყინა ჯეიმს მილნერმაც, მან აგუეროს გაახსნევინა ანგარიში, მერე კი თავად ისევ წინ გაიყვანა "სიტი", რაც გარდამტეხი იყო.

"ეს ის თამაში იყო, რომელიც შეგვიძლია და გვმართებს. თანაც ყველამ ვიცით, რომ ჩახვიდე "ბრიტანიაზე" და მოიგო ისეთი კარგი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც "სტოკია", ადვილი არ არის. ეს კლუბი ბოლო პერიოდში ჩვენთვის უხერხული მეტოქე იყო. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ამდენი გოლი და ის თამაში, რომელიც ვაჩვენეთ, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში" - აღნიშნა პელეგრინიმ.

"ქალაქელებმა" 4-ტურიან მოუგებელ პერიოდს დაუსვეს წერტილი და ამიერიდან მათი საქმე, წესით, უკეთესობისკენ უნდა წავიდეს, რადგან გატანა განაახლა აგუერომ, ხოლო მომავალი მატჩებიდან მოყოლებული, გუნდს დაუბრუნდება ტურე და შედგება იაიას თანამემამულის, უილფრიდ ბონის ნანატრი დებიუტიც.

აფრიკის ერთა თასის ტრიუმფატორი კოტდივუარელები სერიოზული დანამატი იქნება პელეგრინისთვის. ბონიზე ხომ საერთოდ დიდი იმედები მყარდება და "ოქროს ტრანსფერად" ფასდება, მაგრამ ჩილელმა ამ შემთხვევაშიც აქედანვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მისი გუნდის წინა ხაზის შედეგიანობა და კარგი თამაში მხოლოდ ბონიზე არ იქნება დამოკიდებული.

"უილფრიდ ბონი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ფეხბურთელი იქნება და გაგვაძლიერებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასზე ვიქნებით დამოკიდებულნი. გოლების დროებითი პრობლემის გამუქება არ ღირს, ჩვენს გვყავს ედინ ჯეკო, იოვეტიჩი, კუნ აგუერო, სილვა... ფეხბურთელები, რომლებიც უმაღლესი კლასისანი არიან და სტაბილურად გააქვთ გოლები" - განმარტა 61 წლის სპეციალისტმა.

ამასობაში, გრძელდება საუბრები იმაზე, რომ მწვრთნელსა და სტევან იოვეტიჩს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩილელმა გადაწყვიტა, რომ საჩემპიონთალიგო განაცხადიდან მონტენეგროელის გვარი ამოეღო და ბონი მის ნაცვლად ჩაესვა.

ლეგიონერთა ლიმიტთან დაკავშირებული წესი რომ არ დაერღვია, პელეგრინის მტკივნეული ნაბიჯი უნდა გადაედგა და ერთ-ერთი კარგი ფეხბურთელი გაეწირა. ამრიგად, ლიგაზე "ქალაქელებს" მხოლოდ სამი თავდამსხმელი: აგუერო, ჯეკო და ბონი ეყოლება. ხოლო იოვეტიჩის შესაძლო წასვლის შანსები ამის მერე გაიზარდა.

ბოლოს კი პელეგრინის ფრენკ ლამპარდზეც ჰკითხეს. ვეტერანი ნახევარმცველი შეცვლაზე შემოსვლის მერე ასე კარგად თამაშობს და ძალიან პროდუქტიულია, მაგრამ ძირითადში მაინც არ აყენებთ და მეტი სათამაშო დრო რატომ არ ეძლევაო...

"ფრენკი ჩვენთვის უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მე გავაგრძელებ მის გამოყენებას ისე, როგორც ჩავთვლი, რომ მაქსიმალურად სასარგებლო იქნება გუნდისთვის. არა მგონია, რომ მას 90 წუთის ერთ დონეზე ჩატარება შეეძლოს. ვფიქრობ, საუკეთესო დრო მის გამოსაყვანად მაშინ არის, როდესაც გუნდებს უკვე 50-60 წუთი აქვთ ნათამაშები " - დასძინა პელეგრინიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული