ტიმ შერვუდმა ბირმინგემის "ასტონ ვილა" ჩაიბარა

AutoSharing Option
ბირმინგემის "ასტონ ვილას" მთავარ მწვრთნელად ტიმ შერვუდი დაინიშნა.

მოგეხსენებათ, რომ "ტოტენჰემიდან" წასვლის მერე, იგი უმუშევარი იყო და ხან რომელ გუნდს უკავშირებდნენ და ხან რომელს. ახლა კი 45 წლის შერვუდმა ბოლოს და ბოლოს, იშოვა ახალი სამსახური. მან "ვილა პარკის" ბინადრებთან 2018 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

როგორც იცით, "დეზებამდე" მას მთავარი მწვრთნელის პოსტზე დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. მისი მოხსნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ეს გახლდათ.

არადა, შერვუდს პრემიერლიგაში ჩატარებული თამაშებისა და მოპოვებული გამარჯვებების მხრივ, მოგების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი ყველზე მაღალი აქვს -
59,09%. სხვათა შორის, ამ მხრივ მეორეზე ის სპეციალისტია, რომელიც მან "უაით ჰართ ლეინზე" შეცვალა ანუ ანდრე ვილაშ ბოაში (53,7%). "ტოტენჰემის" ამჟამინდელი თავკაცი მაურისიო პოჩეტინო მხოლოდ მესამეა, 52,0%-ით.

"ვილას" თუ დავუბრუნდებით, მოგეხსენებათ, გუნდს 25 ტურში მხოლოდ 12 გოლი აქვს გატანილი და ეს პრემიერლიგის ანტირეკორდია. "ჰალთან" მარცხის მერე, გუნდი უკვე გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა. "ვეფხვებთან" მატჩისას ფანებს პოლ ლამბერტის საწინააღმდეგო ბანერები ეჭირათ, ხოლო "ბირმინგემ მეილმა" დაიწყო კამპანია:

"ლამბერტი უნდა წავიდეს!". შოტლანდიელის მოხსნის გადაწყვეტილება, ხელმძღვანელობამ აქედან რამდენიმე საათში მიიღო.

"ასტონ ვილას" ბოლო ხუთი მწვრთნელის სტატისტიკას თუ გადვავლებთ თვალს, ლამბერტზე ცუდი შედეგი მხოლოდ ალექს მაკლიშს ჰქონდა. ამ უკანასკნელის მოგებების საშუალო მაჩვენებელი 18,42-% გახლდათ, ლამბერტის - 24,75%. ჟერარ ულიე 30,4%-ით გამოირჩა, დევიდ ო’ლირი 32.46%-ით, ხოლო მარტინ ო’ნილმა პოსტზე 4-წლიანი მუშაობისას, ჩამოთვლილთაგან ყველაზე მაღალი შედეგი - 40,13% დააფიქსირა. ვნახოთ, რა მაჩვენებელი ექნება შერვუდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული