ინგლისის ასოციაციის თასი: ეშლი იანგმა "მანჩესტერი" გამოაცოცხლა

AutoSharing Option
AUTO PLAY
* უეინ რუნის ბოლო გოლი 26 დეკემბერს ჰქონდა გატანილი.

* "მანჩესტერ იუნაიტედი" მეოთხედფინალში "არსენალს" ხვდება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" 1972 წლის მერე პირველად ესტუმრა "პრესტონს" ოფიციალური მატჩის გასამართად. მასპინძლებს "დიპდეილზე" ბოლო 29 მატჩიდან 28-ში, სულ მცირე, გოლი გაეტანათ და თავი ამჯერადაც გამოიჩინეს.

სკოტ ლერდმა მეორე ტაიმის დებიუტში გაიტანა და ლუი ვან გაალს გულისცემა აუჩქარდა. ჰოლანდიელი არითმიულ შეტევას გადაურჩა, რადგან 65-ე წუთზე ანდერ ერერამ შეცვლაზე 5 წუთის შესული ეშლი იანგის აქტიურობის წყალობით გაათანაბრა, ხოლო 72-ეზე მარუან ფელაინიმ ჯერ თავით დაარტყა ანტონიო ვალენსიას ჩაწოდების
შემდეგ, მერე კი ფეხით დაამატა და "წითელი ეშმაკები" წინ გაიყვანა.

სათქმელია, რომ იანგი მინდორზე პასიური რადამელ ფალკაოს ნაცვლად შევიდა, კოლუმბიელმა მინდორი უკმაყოფილომ დატოვა. ამ ცვლილებამდე მანჩესტერელებს მეტოქის კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ დარტყმული, ეშლიმ კი მათი თამაში გამოაცოცხლა.

ვან გაალმა კრიტიკოსების შეისმინა: ფელაინი და ერერა ძირითადში იყვნენ, ხოლო უეინ რუნი თავდამსხმელად მოქმედებდა. "შრეკს" თითქმის ორთვიანი პაუზის მერე გოლის გატანაც ეღირსა, მართალია, პენალტით, მაგრამ მთავარია, მან 9-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და ნავსი გატეხა. სხვათა შორის, პენალტი მისივე წაქცევისთვის დაინიშნა, მაგრამ მასპინძლები ამ მომენტსაც აპროტესტებდნენ და პირველი გოლის დროსაც მის გაუქმებას ითხოვდნენ.

"კმაყოფილი დავრჩი და ვფიქრობ, საფუძვლიანად. არნახული მებრძოლი სული გამოვავლინეთ "პრესტონის" გოლის მერე. ბრწყინვალე რეაქცია გვქონდა და გამარჯვება დავიმსახურეთ. მთავარი იყო, რომ მატჩია მიმდინარეობა და ამაში სტილი საჭიროებისამებრ შევცვალეთ.

ყოველთვის შეგვიძლია ზეწოლის გაძლება ფელაინისთან ერთად და თან მას გოლებიც გააქვს. დღეს პირველად ვათამაშე ზუსტად იმ პოზიციაზე და ამპლუაში, რომელიც მას უნდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა ყოველთვის არ არის, ეს ჩემი პრობლემაა" - აღნიშნა ვან გაალმა.

ვიდეოგამეორებების გარდა, პრესაში ვრცელდება ფოტოსესიაც, თუ როგორ ეცემა რუნი და ჩანს, რომ კონტაქტი მართლაც არ იყო, მაგრამ მასპინძლების გოლკიპერი ხისტად წავიდა მეტოქეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული