* ტიმ შერვუდის მისვლამდე "ასტონ ვილამ" სეზონში მხოლოდ 13 გოლი გაიტანა.
ტიმ შერვუდი "ასტონ ვილაში" დანიშვნით ბედნიერია და 46 წლის მწვრთნელი ბირმინგემელთა ფანებს მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორებას ჰპირდება.
"ტოტენჰემის" ყოფილი დამრიგებელი ამბობს, რომ შეთავაზებას უმალვე დათანხმდა. იგი "ლესტერთან" ასოციაციის თასის მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს და ემოციურად აღნიშნავდა ბირმინგემელების წარმატებას, ხოლო შემდეგ ტურში "სტოკთან" საშინაო შეხვედრაში უკვე თავად გაუძღვება გუნდს.
"როდესაც დამირეკეს, საფიქრალი არაფერი იყო, პირდაპირ ვუპასუხე - ამ საქმეს ხელს ვკიდებ-მეთქი. კონტრაქტის
"ვილა" გასავარდნ ზონაშია, 25 მატჩში 22 ქულა აქვს, 13 გოლი გატანილი და ბოლოადგილოსან "ლესტერს" მხოლოდ 5 ქულით უსწრებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კრისტიან ბენტეკეს პასიურობაა, ბელგიელს ტრავმამ და დისკვალიფიკაციამ სერიოზულად შეუშალა ხელი და ჩვეულ თამაშს ვერაფრით აჩვენებს. 19 მატჩში მის აქტივში მხოლოდ 3 გოლია, როდესაც წინა ორ სეზონში 62 შეხვედრაში 32 გაიტანა.
"ყველა გაკვირვებულია "ასტონ ვილას" ამჟამინდელი მდგომარეობით და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან ეს დიდი გუნდია, ბრწყინვალე ისტორიით და უკეთესს იმსახურებს. ყველანაირად ვეცდები სიტუაციის დროულად გამოსწორებას. ბენტეკე, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მისით უამრავი კლუბი იყო დაინტერესებული. კრისტიანს თავდაჯერებისთვის ერთი-ორი გოლი სჭირდება და ამას დანარჩენიც მოჰყვება. თუმცა "ასტონ ვილა" ერთი კაცის გუნდი არ არის.
კრისტიანს დანარჩენების დახმარება დასჭირდება. როდესაც აქ ფეხბურთელის რანგში ჩამოვსულვარ სათამაშოდ, წარმატების მიღწევა ყოველთვის ჭირდა და მინდა ეს ძალაში დარჩეს. ერთი დიდი კლუბიდან მეორეში აღმოვჩნდი, ეს ჩემთვის ფანტასტიკური შანსია. 100%-ით დავიხარჯები იმისთვის, რომ პრემიერლიგას "ასტონ ვილა" შევუნარჩუნო, ხოლო მომავალში უკვე მეტზე ვიფიქრებთ" - დასძინა შერვუდმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"