ჰარი კეინმა პენალტი 96-ე წუთზე მოინადირა და დამატებაზე გაუტანა ადრიანს. ეს ამ სეზონში პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "ვესტ ჰემი" ბოლო წუთებზე უშვებს ან მსაჯობით რჩება უკმაყოფილო.
სემ ალარდაისის თქმით, შეხვედრა იქამდე უკვე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არბიტრი ჯონ მოსი "უაით ჰართ ლეინის" პუბლიკის ზეგავლენის ქვეშ მოექცა. დიდმა სემმა აღნიშნა, ვეღარ გამიგია, ფეხბურთს ვთამაშობთ თუ ამერიკულ ფეხბურთს, დამატებითი დრო რომ ამოიწურება, წესით, მატჩი უნდა სრულდებოდესო.
მოგეხსენებათ, ამერიკულ ფეხბუთში, სანამ ბურთი თამაშიდან არ გავა და ეპიზოდი არ დასრულდება, მატჩი არ მთავრდება. ეს კი არა, ალარდაისს მიაჩნია, რომ პენალტიც არ უნდა დანიშნულიყო, რადგან ალექს სონგი ნორმალურად არც შეხებია კეინს და ეს "ტოტენჰემის" მხრიდან განწირული მცდელობა იყო პენალტის მოპოვებისა და არბიტრიც ანკესზე წამოეგოო.
"ჩაქუჩების" გულდაწყვეტა, მათი მთავარი მწვრთნელის თამადობით, აბსოლუტურად გასაგებია, რადგან გუნდი ცუდად არ გამოიყურებოდა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, რითაც შვიდეულს მიუახოვდებოდა, ახლა კი პირველ 7 გუნდსა და დანარჩენებს შორის, საგრძნობი ხაზია გავლებული.
თანაც, "ვესტ ჰემს" შურისძიება სწყუროდა, რადგან პირველ წრეში "დეზებმა" ბოლო წუთზე გატანილის წყალობით მოიგეს, ამჯერად კი ბოლო წამებზე გაათანაბრეს. სხვათა შორის, ამ სეზონამდე "ვესტ ჰემს" მიჯრით სამი დერბი ჰქონდა მოგებული "ტოტენჰემისთვის".
აქვე ვთქვათ, რომ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე ლონდონის მეტროში "ვესტ ჰემის" ფანები ანტისემიტური ბანერებით შენიშნეს და ამის ამსახველი მასალაც არსებობს. "ჩაქუჩებმა" უკვე გააკეთეს განცხადება, რომ გამოძიება დაწყებულია და კლუბი, თავის მხრივ, ამ ადამიანებს სამუდამოდ მოკვეთს "აპტონ პარკიდან". ასეთი საქციელი ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია და ჩვენთან საერთო არაფერი აქვსო.
ლონდონურ გუნდებზე ვსაუბრობთ და მეტროს ინციდენტებიც ძალიან აქტუალურია ბოლო დროს. ამიტომაც აქვე ვთქვათ, რომ პარიზში "ჩელსის" ფანები, რომლებმაც ფერადკანიანი მამაკაცი ვაგონში არ შეუშვეს, ამოცნობილნი არიან და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, პირადად "ლურჯების" მხრიდან მათ სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრებათ "სტემფორდ ბრიჯიდან".
ერთ-ერთ ვიდეოში ისმის რამდენიმე ეჭვმიტანილის შეძახილებიც: "ჩვენ რასისტები ვართ, ჩვენ რასისტები ვართ, ასე გვინდა და ასე მოგვწონს".
ეჭვმიტანილთა შორისაა 50 წლის ყოფილი პოლიციელი რიჩარდ ბარკლი, რომელიც ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ გაუგებრობაში მოხვდა და სულაც არ არის რასისტი. იგი ამბობს, ყველაფერს ავხსნიო, მაგრამ რამდენიმე ადამიანის მიერ გადაღებული ვიდეომასალა ცოტა სხვა რამეზე მიგვანიშნებს.
ერთი სიტყვით, გამოძიება მიმდინარეობს და ალბათ, მალე დასრულდება. ჟოზე მოურინიომ ინციდენტს "სამარცხვინო" უწოდა, "ჩელსიმ" კი ოფიციალური განცხადებით მოიბოდიშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"