"ლივერპულმა" ბოლო 9 ტურში იმაზე მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე პირველ 17-ში

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლივერპულმა" მორიგი გამარჯვება იზეიმა და კიდევ ერთხელ შეინახა კარი მშრალად.

"საუთჰემპტონთან" გამარჯვებით მერსისაიდელებმა "წმინდანებთან" სხვაობა ქულამდე შეამცირეს, მეოთხეადგილოსან "მანჩესტერ იუნაიტედთან", ანუ ლიგის ზონასთან ორ ქულამდე, ხოლო მესამეზე მყოფ "არსენალთან" სამ ქულაში არიან.

ბოლო 24 მატჩში "ლივერპულს" ერთადერთხელ აქვს წაგებული ძირითად დროში, ერთიც დამატებითში: 14 მოგება და 8 ფრე. ბრენდან როჯერსმა პრემიერლიგის ბოლო 9 ტურში იმაზე მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე პირველ 17-ში.

აშკარად შეიცვალა გუნდის სათამაშო სტილი, რომელიც უფრო დაცვითი გახდა და გუნდი თავქუდმოგლეჯილი შეტევაში აღარ მირბის.

ერთი ესაა, "სენტ მერიზე"
პირველ ტაიმში "საუთჰემპტონმა" მაინც ბევრი პრობლემა შეუქმნა მეტოქეს და ორ ეპიზოდში მასპინძლები პენალტსაც ითხოვდნენ. ერთხელ ფილიპ ჯურიჩიჩი ემრე ჯანთან, მეორედ კი ჯო ალენთან ორთაბრძოლისას დაეცა, მაგრამ კევინ ფრენდის სასტვენი სდუმდა.

როგორც ირკვევა, "საუთჰემპტონის" ახალწვეული ძირითადში არ უნდა ყოფილიყო და მის ნაცვლად სასტარტოში სადიო მანეს უნდა ეთამაშა, მაგრამ სენეგალელმა სტადიონზე დააგვიანა და დათქმულზე გვიან მივიდა, რის გამოც რონალდ კუმანმა იგი დასაჯა.

"მანეს თავიდანვე უნდა ეთამაშა, მაგრამ ჩვენ გვაქვს წესები, რომლებსაც ყველამ უნდა სცეს პატივი. სადიო სტადიონზე ძალიან გვიან მოვიდა. გული გვწყდება შედეგზე. ბოლო ტურებში რამდენიმე ისეთი მატჩი იყო, რომლებშიც მეტს ვიმსახურებდით.

მომენტებს მრავლად ვქმნით, მაგრამ მთავარი მათი გამოყენება და გოლების გატანაა. მიუხედავად მარცხისა, მჯერა, რომ სეზონის ოთხეულში დასრულება შეგვიძლია, რადგან უკვე დავამტკიცეთ, რომ ძალიან კარგი გუნდი გვყავს და კონკურენციას ნებისმიერს ვუწევთ.

კოუტინიოს გოლისას ვერაფერს ვიზამდით, სხვა მხრივ კი, უფრო ყურადღებით უნდა გვეთამაშა და შანსები გამოგვეყენებინა. ვერ ვიტყვი, რომ "ლივერპული" უკეთესი იყო, მაგრამ შესაძლოა, მეტოქემ უფრო ჭკვიანურად ითამაშა; ფაქტია, ორი გოლი გაიტანა, ჩვენ კი ვერც ერთი" - აღნიშნა ჰოლანდიელმა.

ბრენდან როჯერსი: "ვიცოდით, რომ ფრის შემთხვევაში, ოთხეულისთვის ბრძოლის კარგი შანსი დაგვრჩებოდა, მაგრამ მოგება წინგადადგმული გიგანტური ნაბიჯი იქნებოდა. ამიტომაც შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. შესაძლოა, რიგ ეპიზოდებში უკეთ თამაში გვმართებდა, მაგრამ მთლიანობაში, ცუდად ნამდვილად არ გამოვიყურებოდით. კოუტინიოს გოლი შეუდარებელი გახლდათ, იგი ფორმაშია.

ერთადერთი, იმაზე ვწუხვარ, რომ ნოემბრამდე სათანადო დონეზე ვერ ავთამაშდით. რაც შეეხება საკამათო სიტუაციებს, ხანდახან გადაწყვეტილებებს შენ საწინააღმდეგოდ იღებენ, ხანაც - პირიქით. მაგალითად, ძალიან კარგად მესმის, რატომ არ დანიშნა პენალტი მსაჯმა იმ ეპიზოდში, როდესაც ფილიპ ჯურიჩიჩი ალენთან ორთაბრძოლისას დაეცა.

ბურთი ჯურიჩიჩს უკვე გაურბოდა და სხეულით ალენისკენ გადაწვა. ჯომ ბურთზე ითამაშა და მეტოქეს არ შეხებია. კევინმა ბრწყინვალედ იმსაჯა. ადგილობრივი ფანები მასზე ზეწოლას ცდილობდნენ, მაგრამ ფრენდი მატჩის მსვლელობას აკონტროლებდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული