18:00 03-03-2015
ჟოზე მოურინიო - განსაკუთრებული ბავშვი, რომელიც ტიტულებით იკვებება
AutoSharing Option
"განსაკუთრებულმა" გამარჯვება ძალიან ემოციურად აღნიშნა და ჟურნალისტებს განუცხადა, ზეიმი და სიხარული გვიანი არასდროს არის და ამას ასაკი არ აქვსო. შეგახსენებთ, რომ პირველად იგი ლონდონელებს სათავეში 2004-07 წლებში ედგა, ხოლო მისი დაბრუნება "ჩელსიში" 2013 წელს შედგა. პორტუგალიელის პირველი ჯილდოც ლიგის თასი იყო, რომელიც 2005 წელს მოიპოვა.
"ბავშვივით ვარ, რომელმაც პირველად მოიგო. ჩემთვის ძალიან რთულია ტიტულების გარეშე ცხოვრება, საკუთარი თავი ტიტულებით უნდა ვკვებო" - ესეც მოუს სიტყვებია.
მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი ჯონ ტერი გახლდათ, რომელმაც პირველი და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. თანაც, იქამდე "ლურჯებს" მეტოქის კარში ზუსტად არც დაერტყათ. ეს ტერის მე-15 ტიტულია 17 სეზონში.
"ეს რაღაც დიდის დასაწყისია. ყოველთვის ვამბობთ და ისედაც იცით, რომ სიმაღლეზე ყოფნა თუ გინდა, ტიტულები უნდა მოიგო. 2005 წელს ჩვენ სწორედ ამ გამარჯვებამ შთაგვაგონა და სხვა დიდი წარმატებებისთვის მოგვცა შემართება. იმედია, ახლაც ასე იქნება. ჩვენ ბრწყინვალე შემადგენლობა გვყავს, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდით და ასევე გამოცდილი და მშიერი, წარმატებას მოწყურებული ფეხბურთელით დაკომპლექტებული. ეს ბრწყინვალე მიქსია" - თქვა კაპიტანმა.
ალბათ, გახსოვთ, რომ ტერიმ 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა (იქამდე კი მას "მანჩესტერ იუნაიტედთან" ფინალში პენალტების სერიაში ფეხი დაუცდა. არადა, რომ გაეტანა, "ჩელსი" იგებდა), მაგრამ მერე გამარჯვება გუნდთან ერთად ჩვეულებრივად იზეიმა.
ახლა კი მის მდგომარეობაში ნემანია მატიჩი გახლდათ, რომელსაც ყველა ამხნევებდა. სერბმა ეშლი ბარნსთან ინციდენტის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო და ვერ ითამაშა, მაგრამ სრულფასოვნად იზეიმა და თანაგუნდელებზე გარკვეული გავლენაც მოუხდენია, მინდორზე თუ ვერა, მის მიღმა დაეხმარა მათ.
"ნემანია ძალიან მტკივნეულად განიცდიდა იმას, რომ ვერ თამაშობდა. მინდორზე ის გვაკლდა, მაგრამ გასახდელში არა, სიტყვით გამოვიდა და ყველას გაუზიარა თავისი გულისტკივილი და ბიჭები დამუხტა. მეც ძალიან მეტკინა გული, როდესაც ვნახე, რომ იმ ფეხბურთელმა წინა დღეს ჩვეულებრივად ითამაშა, მატიჩს კი ამის უფლება არ ჰქონდა" - დასძინა მოურინიომ.
"ტოტენჰემზე" კი რა ვთქვათ, "დეზებმა" ბოლომდე იბრძოლეს, რაც შეეძლოთ
გააკეთეს და მისმა გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე ცეცხლიც დაანთეს, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ... თავს ზემოთ ძალა არ არის.
თუმცა შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, კრისტიან ერიკსენის საჯარიმო დარტყმა ძელს რომ არ მოხვედროდა და გასულიყო, მაგრამ არ გავიდა და პეტრ ჩეხმაც 228-ედ შეინახა "ჩელსის" მაისურით კარი მშრალად, რაც არნახული მაჩვენებელია.
"ჩემი ბიჭებით ამაყი ვარ, მათ ბოლომდე იბრძოლეს და რაც შეეძლოთ, გააკეთეს. არ გაგვიმართლა, რადგან იყო მომენტები, როდესაც გატანა შეგვეძლო და ცოტა დაგვაკლდა. ახლა პრემიერლიგაზე უნდა გადავერთოთ" - განაცხადა მაურისიო პოჩეტინომ.
ჟოზე მოურინიოს ტიტულები "ჩელსიში"
პრემიერლიგა: 2004/05, 2005/06
ასოციაციის თასი: 2006/07
ლიგის თასი: 2004,05, 2006/07, 2014/15
ინგლისის სუპერთასი: 2005
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული