ჯონ ტერის საშინაო ინ-ტერი-ერი

AutoSharing Option
ჯონ ტერი საოცარ სეზონს ატარებს და ლიგის თასის ფინალში მორიგი მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა.

გულშემატკივრები ვერაფრით გაიგებენ, თუ გუნდი კაპიტანთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, რაც ჯერჯერობით იგვიანებს, მაგრამ "ლურჯები", ალბათ, ფანების მოთხოვნასაც დააკმაყოფილებენ და თავად 34 წლის უკანახაზელისაც, რომელსაც სულ ცოტა, კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში სურს მინდორზე გასვლა. ხოლო კითხვაზე, ითამაშებს თუ არა იგი სხვა გუნდის რიგებში, ტერიმ მოკლედ უპასუხა - არა.

"თუ ეს ჩემი ბოლო სეზონია, მინდა, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს და არაერთი ტიტული მოვიგოთ. თუმცა ვგრძნობ, რომ წასვლისთვის კარგი
დრო არ არის, ჯერ ცოტა ადრეა. პირადი გამოწვევა და მიზანიც მაქვს, რომ კიდევ ერთი სეზონი ვითამაშო; ისე კი, ალბათ, 2-3 წელი თავისუფლად შევძლებდი მაღალ დონეზე თამაშს" - ამბობს ტერი.

ჯეიმი კარაგერი: "ჩელსის" არ აქვს იმის ფუფუნება და საშუალება, რომ ტერის დარი მცველი გაუშვას, ეს შეცდომა იქნებოდა. ან ვინ უნდა მოიყვანოს მის შემცვლელად? ტერი ბრწყინვალე ფორმაშია და ისევ მაღალ დონეზე თამაშობს".

სხვათა შორის, ჯონს ჰკითხეს ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზეც, რადგან ტერის "უემბლიზე" დაბრუნებით გამოწვეული სიხარული და სიამოვნება ეტყობოდა და ეს არც დაუმალავს. თუმცა ნაკრებში დაბრუნებაზე "ლურჯების" კაპიტნის პასუხი ასევე მოკლე და კონკრეტული გახლდათ - არა.

"ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი გახლდათ ამ შესანიშნავ სტადიონზე დაბრუნება და გამარჯვებითაც დიდი სიამოვნება მივიღე, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ნაკრებში დაბრუნებაზე ნამდვილად არ ვფიქრობ".

სათქმელია, რომ ტერიმ ბოლო ერთწლიანი კონტრაქტიც წინა სეზონის დასრულებამდე 48 საათით ადრე გააფორმა, მაშინ იგი თავად ფიქრობდა წასვლაზე.

"გაურკვევლობამ და ამაზე ფიქრმა ძალა მომცა, კიდევ დარჩენა და თამაში მინდა. ახლა როლები გავცვალეთ და ყველაფერი კლუბის ხელშია" - დასძინა ტერიმ, რომელმაც სოციალური ქსელის მეშვეობით მშვენიერი სურათი გაგვიზიარა - მის შვილებს ლიგის თასისა და ოქროს მედლის გარემოცვაში სძინავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული