"ლივერპული": როგორ მოხსნა როჯერსმა როჯერსი

AutoSharing Option
* ფილიპე კოუტინიომ ამ სეზონში ღია თამაშიდან თანაგუნდელებს 16 საგოლე შანსი შეუქმნა.

* ბრაზილიელმა ნახევარმცველმა "ლივერპულთან" 2020 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი.

ბრენდან როჯერსი "ლივერპულიდან" წასვლას არ აპირებს. თუ მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევლენ, ეს საკითხი შესაძლოა, აღარც დადგეს დღის წესრიგში.

გუნდის პროგრესიც სახეზეა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ამ თემაზე კულუარებში საუბარი დაწყებულია - თითქოს, ენფილდელთა უფროსობა როჯერსის გაშვების ვარიანტს განიხილავს.

ითქვა ისიც, რაფაელ ბენიტესი "ნაპოლისთან" კონტრაქტს იმიტომ არ აგრძელებს, რომ "ლივერპულში" დაბრუნებაზე უჭირავს თვალიო. თავად ბრენდანი კი ისევ "კრისტალ პალასთან" ნოემბერში
წაგებულ თამაშს იხსენებს, რომელიც მისი აზრით, გარდამტეხი იყო ამ სეზონში და მიიჩნევს, რომ მერსისაიდელები საბოლოოდ სწორედ იმ მარცხმა გააბრაზა და საჭირო მუხტი დაუბრუნა.

"მე მომწონს "ლივერპულში" მუშაობა და მინდა, აქ წარმატებას მივაღწიო. თუმცა "კრისტალ პალასთან" მარცხის მერე ვიგრძენი, რომ შეიძლებოდა ხელმძღვანელობას პოსტიდან გავეშვი. მსგავსი აზრები მიტრიალებდა და საკუთარ თავს ვეუბნებოდი - არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გიჭერს მხარს უფროსობა.

ფაქტია, გუნდში პრობლემებია, კარგად ვერ ვთამაშობთ. ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო. "რედინგში" ყოფნისას მოხსნამ ეს მასწავლა.

იქ სრული მხარდაჭერა აღმითქვეს, პროექტი სამ წელიწადზე იყო გათვლილი და ოპტიმიზმით სავსენი ვიყავით, მაგრამ 20 მატჩის მერე გამიშვეს. ასე რომ, ვისწავლე და მივხვდი, რაც უნდა დიდი იყოს მხარდაჭერა, მთავარია შედეგები - უნდა იგებდე" - თქვა როჯერსმა.

პატარა ჯადოქრის მაგია
"ენფილდის" ბინადართა თავკაცმა ფილიპე კოუტინიოზეც ისაუბრა. მასზე ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ. ბრაზილიელი არაამქვეყნიურად კარგ ფორმაშია და უკვე გაიზიარა ცნობილი მეტსახელი - "პატარა ჯადოქარი". მაგალითისთვის, დენის ბერხკამპი, ჯანფრანკო ძოლა... ფანებს უფრო პატარ-პატარა საოცარი, მაგიური მომენტებით ახსოვთ, ვიდრე ტიტულებით. ეს ყველაზე დიდი გამარჯვება და აღიარებაა. კოუტინიოც, თითქოს, ამ გზას დაადგა, თუ ტრავმები არ შეუშლის ხელს და ასე გააგრძელებს.

სუარესის წასვლის, გიჟმაჟი ბალოტელის, ფიცხი მარკოვიჩის, არასტაბილური ლალანას, დავიწყებული ლამბერტის, მოსაწყენი ბორინის, სტარიჯის ტრავმისა და სტერლინგის კურსის ვარდნის ფონზე, როჯერსმა მიაგნო ხსნასა და დასაყრდენს - ეს ტანჩია, ტექნიკური, მრავალმხრივი და შემართული კოუტინიოა. ფილიპემ უკვე მოასწრო რამდენიმე ჯადოქრული გოლის გატანა და მართლაც საუცხოოდ გამოიყურება.

"იგი სწორედ იმ განსხვავებულობას სძენს ჩვენ თამაშს, რაც აუცილებელია. თუ თქვენ ნახავთ ვიდეოებს, როგორ თამაშობს ფუტზალს 11-12 წლის კოუტინიო ბრაზილიაში, ნახავთ, რომ ის ახლაც იმავეს აკეთებს, ოღონდ დიდ ფეხბურთში. მისი მონაცემების შესახებ კარგად ვიცოდით და ვენდობოდით. უბრალოდ, ველოდებოდით, როდის გაიზრდებოდა და ადაპტაციას გაივლიდა.

იგი ბურთთან ერთად ელეგანტურიცაა და აგრესიულიც, მას მაგიური შეხება აქვს და ეფექტურობასთან ერთად, ძალიან პროდუქტიულია. ის დინამიტივითაა და სამაგალითოა. როგორი შემართებით მუშაობს... ეს ბრწყინვალეა და ასე უნდა გააგრძელოს" - აღნიშნა როჯერსმა.

კოუტინიოს 27 ტურში სულ 4 გოლი დაუგროვდა, აქედან ორი ულამაზესი, შორეული დარტყმებით. თუმცა იგი ძალიან ბევრ მომენტს უქმნის თანაკლუბელებს და ნელ-ნელა შესაძლოა, პრემიერლიგის მთავარი ვარსკვლავი გახდეს. ფანებმა იგი თებერვლის თვის საუკეთესოდაც დაასახელეს და დიდი შანსია, ეს აღიარება ბრაზილიელმა სხვა გამოკითხვებითაც დაიმსახუროს.

"იგი ის მოთამაშეა, რომელიც ყოველთვის საბოლოო და გამამწვავებელ პასებს აკეთებდა. ფილიპე საერთოდ არ არის ეგოისტი და უფრო იმაზეა მომართული, რომ სხვამ გაიტანოს.

თუმცა ის უმატებს, მას ძალიან დახვეწილი ტექნიკა აქვს და გოლების გატანასაც აუცილებლად მოუმატებს" - დასძინა როჯერსმა, რომელიც ძალიან ბედნიერია იმით, რომ ცოტა ხნის წინ ბრაზილიელთან გუნდმა კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის კოუტინიო მერსისაიდელებმა 2013 წლის იანვარში "ინტერისგან" 8,5 მილიონ გირვანქად იყიდეს. ბოლოს კი შეგვიძლია გავეცნოთ სტატისტიკას, ვის რამდენი საგოლე შანსი აქვს 27 ტურის განმავლობაში შექმნილი ღია თამაშიდან, ანუ სტანდარტული მდგომარეობების გამოკლებით.

ფეხბურთელი გუნდი შანსი
ედენ აზარი ჩელსი 26
ფილიპე კოუტინიო ლივერპული 16
დავიდ სილვა სიტი 16
კრისტიან ერიკსენი ტოტენჰემი 16
სანტი კასორლა არსენალი 11

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული