11:05 06-03-2015
"მანჩესტერ იუნაიტედი": პოზიტივი, ნეგატივი, ოლდი და იანგი
AutoSharing Option
გამარჯვების გოლი ეშლი იანგმა გაიტანა და გულთან ამოხატულ "მანჩესტერის" ლოგოზე ღრიალით იბრახუნა მუშტი. იანგს მონდომება ნამდვილად არ აკლია და მუდამ ბოლომდე იხარჯება. ეს იანგის პირველი პრემიერლიგური გოლი იყო 2014 წლის იანვრის მერე...
ერთი საყურადღებო ეპიზოდიც უნდა გამოვარჩიოთ: მატჩის მერე ბედნიერი ლუი ვან გაალი თავის ასისტენტ რაიან გიგსთან მივიდა და სიხარულის გაზიარება სცადა, მაგრამ მოღუშულ გიგსს წარბი არ შეუხრია და ჰოლანდიელს მაშინაც გაკვირვებული უყურებდა, როდესაც მან ლოყაზე ხელი მოუთათუნა. გიგსმა მაინც არ გაიღიმა და არც ემოციები გამოხატა, რაც არავის გამორჩენია.
არც არასპორტული საქციელი გამოგვრჩეს - ჯონი ევანსმა პაპის დემბა სისე წააქცია. უკმაყოფილო სისემ მას ფეხი უშნოდ მოუქნია და პასუხიც მიიღო. ფეხბურთელებმა ერთმანეთთან კინკლაობა გააგრძელეს და ევანსმა მეტოქეს შეაფურთხა, ანალოგიური პასუხიც მიიღო. ევანსსა და სისეს 6-6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებათ.
სისეს დისკვალიფიკაცია შესაძლოა, კიდევ უფრო გრძელვადიანიც იყოს, რადგან გაითვალისწინებენ იმას, რომ დეკემბერში მან უკვე შემოგვთავაზა ერთი არასპორტული საქციელი, როდესაც "ევერტონის" შიმუს კოულმენს ჩაარტყა. სისემ უკვე მოიბოდიშა, ძალიან ვწუხვარ, ემოციებმა იძალეს და ჩემს საქციელს გამართლება არ აქვსო, მაგრამ უშველის?
სამაგიეროდ, იყო პოზიტიური მოვლენაც - ხონას გუტიერესმა 2013 წლის ოქტომბრის მერე მინდორზე ფეხი პირველად შედგა. მას ფანები ოვაციებით შეეგებნენ და აპლოდისმენტები ფეხბურთელებმაც არ დაიშურეს.
როგორც იცით, არგენტინელმა სიმსივნე დაამარცხა და მისი ნანატრი დაბრუნებაც შედგა. ფაბრისიო კოლოჩინიმ სასწრაფოდ მოიხსნა კაპიტნის სამკლავური და თანამემამულეს გაუკეთა.
ლუი ვან გაალი: "ჩემი აზრით, მთელი შეხვედრის განმავლობაში ვდომინირებდით. შესაძლოა, ეს სეზონში ჩვენი საუკეთესო მატჩია. გამარჯვება დავიმსახურეთ. ეს "ვირთხების რბოლა" იყო. ბევრი მომენტი შევქმენით და მეტის გატანაც შეგვეძლო. მეტოქეს ორი კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ დე ხეამ, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ ითამაშა".
"ის მომენტი, როგორ შემეგებნენ ფანები, სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება. ძალიან ბედნიერი ვარ და დიდი მადლობა ფანებს ამ სითბოსთვის. ისინი ავადმყოფობის ჟამსაც მამხნევებდნენ, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა კლუბი. ეს ბრძოლაში დამეხმარა. ადამიანებს სირთულეები ხვდებათ, მაგრამ პოზიტიური განწყობა უნდა შეინარჩუნო. თუ გულით გჯერა, პრობლემების დამარცხებას შეძლებ", - თქვა აღელვებულმა გუტიერესმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული