ალან შირერი: ჩემი პირველი ხელფასი კვირაში 25 ფუნტი იყო

AutoSharing Option
ალან შირერი პრემიერლიგის იტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მას 260 გოლი აქვს გატანილი და ამ შედეგის გამეორებისა და გაუმჯობესების რეალური შანსი უახლოეს მომავალში ნაკლებად თუ ექნება ვინმეს.

ყველაზე ახლოს მოქმედ მოთამაშეებს შორის უეინ რუნია, რომელსაც 184 გოლი აქვს გატანილი.

"საუთჰემპტონის", "ბლექბერნისა" და "ნიუკასლის" ექსფორვარდს სულ ამ კლუბებში 700 შეხვედრა და 361 გოლი მოუგროვდა. ინგლისის ნაკრებში კი მისი მონაგარი 63 მატჩში 30 ბურთია.

თუ გაინტერესებთ, როგორი იყო ამ სტაბილური გოლეადორის პირველი ხელფასი, რომელი იყო მისი პირველი ავტომანქანა და როგორი გახლდათ მისი პირველი სამსახური,
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ მასთან, რომელიც "დეილი მეილმა" გამოაქვეყნა.

პირველი მატჩი ცოცხლად
"ყველაფერი დეტალურად მახსოვს: როგორ ვიმგზავრეთ მეტროთი, მივედით სტადიონზე, შევედით, გავხედე მინდორს... ეს საოცრი შეგრძნება იყო.

მაშინ ვიდექით და ტრიბუნები "აფეთქდა", როდესაც კევინ კიგანმა გოლი გაიტანა" - ასე იხსენებს შირერი პირველ შეხვედრას, რომელსაც სტადიონზე უყურა.

პირველი სამსახური
"ბიძასთან ერთად რძეს ჩამოვარიგებდი ხოლმე და ყოველ შაბათს 5 ფუნტს გამოვიმუშავებდი. ამისათვის ღამის სამ საათზე ვიღვიძებდი, ხოლო საქმის მომთავრებისთანავე ისევ ვიძინებდი.

როდესაც 5 ფუნტს ვიღებდი, თავი მდიდრად მიმაჩნდა".

პირველი მეგობარი გოგონა
"ოჰ, ბევრი გერლფრენდი მყავდა. ყველა გოგოს სურდა ჩემთან ერთად გასეირნება და ყოფნა" - ღიმილით ამბობს ალანი.

პირველი ხელფასი
გაინტერესებთ, როგორი იყო პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის პირველი ჯამაგირი?

"პირველ ჰონორარს "საუთჰემპტონში" ვიღებდი, როდესაც იქ დამწყები ვიყავი - კვირაში 25 ფუნტი მერიცხებოდა ბანკის ანგარიშზე!".

პირველი მანქანა
"ეს გახლდათ "ფორდ ესკორტი 1300 L", სერიით - B993 XHT. ის 3395 ფუნტი დამიჯდა.
Sportall.Ge

ვფიქრობდი, რომ მდიდარი ვიყავი, მულტიმილიონერი, რადგან ამ მანქანის ყიდვა შემეძლო, როდესაც ჯერ მხოლოდ 17 წლის გახლდით! მანქანას ყოველდღე ვწმენდდი და ძალიან ვნერვიულობდი, თუ რაღაცის გამო დაისვრებოდა".

პირველმატჩამდელი კერძი
"ჩემი პირველი კერძი, რომელიც მატჩის წინ მივირთვი, სტეიკი იყო. იქამდე არასოდეს მეჭამა და ყველა მიირთმევდა. გადავწყვიტე, რომ მეც უნდა გამესინჯა", - ასე მოიყვანა სტეიკმა შირერი გოლების გემოსა და ენერგიაზე.

პირველი ჰეთ-თრიკი
"1988 წელს "საუთჰემპტონში" დებიუტი მქონდა, "არსენალის" წინააღმდეგ. მეორე დღეს მაისურების კომპლექტის გარეცხვა მიწევდა, ჯერ კიდევ აკადემიის წევრი ვიყავი", - გუნდის მაისურები შირერმა კარგ ხასიათზე გაავლო, რადგან წინა დღით "მეთოფეებს" ჰეთ-თრიკი შეუსრულა.

Sportall.Ge

პირველი ტურნირი ტელეწამყვანად
ალან შირერი დღესდღეობით ჟურნალისტ-ექსპერტ-კომენტატორ-მიმომხილველია. თავის აზრს იგი, ძირითადად, პრემიერლიგაზე აფიქსირებს ხოლმე და ინგლისის ჩემპიონატის მატჩებს უკეთებს კომენტარს, მაგრამ არამარტო.

"BBC-ზე მუშაობა 2006 წელს დავიწყე და ჩემი პირველი ტურნირი, რომლის კომენტირებაც მომიხდა, გერმანიის მსოფლიოს ჩემპიონატი გახლდათ. თავიდან ვნერვიულობდი, რადგან თავს ცოტა არაკომფორტულად ვგრძნობდი განსხვავებულ ამპლუასა და გარემოში", - თქვა შირერმა, რომელიც დღეს უკვე ისევე კომფორტულადაა ტელეეთერში, როგორც "ნიუკასლის" მაისურით იყო საფეხბურთო მოედნებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული