"ლივერპულის" თეთრი ბაირაღი? როჯერსი ბრძოლას აგრძელებს, თუმცა...

AutoSharing Option
"ლივერპული" პრემიერლიგის მოწინავე ოთხეულთან ერთ ნაბიჯში იყო მისული, მაგრამ ზედიზედ ორი პრინციპული დაპირისპირება წააგო არც ისე საყვარელ მეტოქეებთან და თანაც, ცხრილში უშუალო კონკურენტებთან - "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "არსენალთან". ამან გამოიწვია ის, რომ მერსისაიდელების ჩამორჩენა ოთხეულთან უკვე სოლიდურია და "ემირატებზე" "მეთოფეებთან" მარცხის (1:4) მერე გუნდის სპეციალური შეკრებაც დანიშნულა, სადაც არსებულ კრიზისსა და პრობლემებზე ისაუბრეს.

ბრენდან როჯერსი რაიმე კონკრეტულზე საუბარს თავს არიდებს და ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი შეხვედრა იყო.

"ჩვენ ხშირად ვიკრიბებით ხოლმე და სიტუაციას ვაანალიზებთ. ეს ბუნებრივი პროცესი და მოვლენაა. ესეც
ჩვეულებრივი, რიგითი შეხვედრა იყო.

შესაძლოა, გარკვეულ საკითხებზე კონკრეტულად გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ მთლიანობაში ზოგადი საუბარი გვქონდა, დარჩენილ მატჩებსა და გეგმებზე ვილაპარაკეთ" - აღნიშნა როჯერსმა.

სხვათა შორის, ჩრდილოირლანდიელმა "არსენალთან" წაგების მერე პირდაპირ თქვა, ნაკლებად სავარაუდოა, ამ დამარცხებების მერე ოთხეულში აღმოვჩნდეთ და ახლა აქცენტი ასოციაციის თასზე უნდა გავაკეთოთო.

"ენფილდის" ბინადრებს 8 აპრილს "ბლექბერნთან" ელოდებათ გადათამაშება და "ივუდ პარკზე" მოგების შემთხვევაში, ისინი ნახევარფინალში, 9 მაისს, "უემბლიზე" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდებიან. მეორე ნახევარფინალურ წყვილს "რედინგი" და ასოციაციის თასის მოქმედი გამარჯვებული "არსენალი" შეადგენენ.

თუ როჯერსის ბიჭები ფინალში გავლენ, დიდი შანსია, მათი მეტოქე სწორედ "არსენალი" იყოს და მერსისაიდელებს "მეთოფეებზე" შურისძიების შანსი ექნებათ. იქამდე მწვრთნელს თავის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მოუხდა განმარტების გაკეთება და თავის მართლება.

"მატჩის მერე მე ის ვთქვი, რაც ლოგიკურად მოიტანა სიტუაციამ და ემოციამ. სირთულეები შეგვექმნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ბოლომდე ბრძოლას არ ვაპირებთ, ჩემს სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს.

რასაკვირველია, ჩვენი მიზანი დარჩენილი 7 შეხვედრიდან შვიდივეს მოგება და სეზონის რაც შეიძლება მაღალ ადგილზე დასრულებაა. იქამდე კი ოთხშაბათის შეხვედრისთვის ვემზადებით, ასოციაციის თასი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თანაც, "ბლექბერნის" დამარცხება ამ წაგებების მერეც გვჭირდება გონზე დროულად მოსასვლელად" - განაცხადა როჯერსმა.

"ლივერპულის" დარჩენილი მეტოქეები "ნიუკასლი", "ჰალი", "ვესტ ბრომვიჩი", ქპრ, "ჩელსი", "კრ. პალასი" და "სტოკი" არიან.

მერსისაიდელებს მართლაც გაუჭირდებათ ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა, მაგრამ როჯერსი იმასაც აღიარებს, რომ ოთხეულის გარეშე სასურველი ტრანსფერების გაკეთება, ცოტა არ იყოს, რთული იქნება.

"ყველამ იცის, რომ "ლივერპული" ფენომენალური გუნდია და მის რიგებში ყოფნა ბევრს ნიშნავს, მაგრამ ამავდროულად, ფეხბურთელებს მაღალ დონეზე სურთ თამაში და თუ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ ხვდები, ეს ტრანსფერებთან დაკავშირებით საქმეს ძალიან გირთულებს.

ყოველთვის ვიცოდით და ვხვდებოდით, რომ ეს სეზონი რთული იქნებოდა, მაგრამ ცოტა უფრო უკეთ რომ დაგვეწყო და დაახლოებით ისე გვეთამაშა, როგორც ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, ახლა უკეთეს პოზიციაში ვიქნებოდით.

წინა სეზონში კინაღამ ჩემპიონები გავხდით. თუმცა დავკარგეთ მსოფლიო დონის ფეხბურთელი ლუის სუარესის სახით, მაგრამ მოხდა საინტერესო და კარგი ცვლილებებიც. სიტუაციის დალაგებას კი დრო დასჭირდა და სჭირდება.

დააკვირდით თუნდაც "არსენალის" შემადგენლობას და სათადარიგოთა სკამს, ლონდონელები უმაღლესი კლასის მოთამაშეებით სავსენი არიან. ჩვენ კი სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს" - დასძინა როჯერსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული