ასე იყო პაოლო დი კანიოს და გუსტავო პოიეტის შემთხვევაშიც. ახლა კი იმავე გზას დიკ ადვოკაატი დაადგა. შეგახსენებთ, რომ 67 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია და იგი იმ მისიით მივიდა, რომ "შავი კატები" პრემიერლიგაში დატოვოს.
"ლაითზე" შექმნილი ბრწყინვალე ატმოსფერო "სანდერლენდს" "ნიუკასლთან" მიჯრით მე-5
მატჩის ბედი ჯერმინ დეფომ გადაწყვიტა, რომელმაც ულამაზესი დარტყმით დამსახურებული გამარჯვება მოუტანა უკეთ მოთამაშე "სანდერლენდს". ეს მისი 127-ე გოლი გახლდათ პრემიერლიგაში და 32 წლის ფორვარდი, ზოგადად, ძალიან კარგად გამოიყურებოდა.
"მე მივარჯიშია და მითამაშია როგორც დეფოსთან ერთად, ასევე მის წინააღმდეგ და ასე მშრომელი და მომუშავე ის ჯერ არ მინახავს. იგი უკანაც აქტიურად ჩადიოდა, დაცვას ეხმარებოდა, ვარდნებს აკეთებდა და ბრწყინვალედ გამოიყურებოდა" - თქვა დენი მერფიმ.
ჯერმინ დეფო: "ბიჭები მიყვებოდნენ, თუ როგორი ატმოსფერო იქნებოდა და რა გველოდა წინ. ძალიან მიხარია, რომ მოვიგეთ. ბოლო დღეებში დარტყმებზე ვმუშაობდი და იმ მომენტშიც, როდესაც ბურთი ჩემკენ წამოვიდა, დარტყმის გარდა, არაფერზე ვფიქრობდი. დარტყმაც გამოვიდა და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ზეწოლა დიდი იყო, მაგრამ მას გავუძელით".
სათქმელია ისიც, რომ დეფო ემოციებს აჰყვა და ცრემლები ვერ შეიკავა. როგორც ჩანს, ის მართლაც ძალიან მოიხიბლა ატმოსფეროთი და თავი ძირძველ სანდერლენდელად იგრძნო - ზედიზედ მეხუთე დერბი მოვიგეთ, რა ხდებოდა სტადიონზე, საოცარი შეგრძნება იყოო - ამბობდა იგი.
გოლი შესანიშნავი გამოვიდა, მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ტიმ კრული დაადანაშაულეს, ბურთის მოგერიება მართებდაო. თავად ჰოლანდიელი მეკარე ძალიან გაბრაზებული იყო და გოლის მომენტში ეს გამოხატა კიდეც, მაგრამ მერე, შესვენებაზე დეფოს მიულოცა.
"რაც იმ მომენტში გავიფიქრე, ამის ტელევიზიით გამეორება არ შემიძლია. გოლი კი ფანტასტიკური იყო, ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება. ისიც გავიფიქრე, რა იღბლიანი ბიჭია-მეთქი. ჩინებული დარტყმა გამოუვიდა. ამ გუნდში 10 წელია, ვარ და მე ისევე გულდაწყვეტილი გახლავართ, როგორც ვინმე სხვა. ასე რომ, თუ ვინმეს სურს, რამე დამაბრალოს ან ისე გამოიყვანოს, რომ მარცხი არ მაღელვებს, ეს არ არის სამართლიანი. მე ჯორდი ვარ და უკან დიდი ტკივილით ვბრუნდები. როდესაც ხედავ, რამდენი ფანი ჩამოგვყვა და ისინი უკან გახარებულები ვერ ბრუნდებიან, ძალიან საწყენია" - თქვა კრულმა.
ეს წაგება მნიშვნელოვნად უმცირებს შანსებს ჯონ კარვერსაც, რომელსაც ძალიან უნდა ამ სეზონის მერეც "კაჭკაჭების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩენა, მაგრამ მოსაწონი შედეგები ვერ აქვს. სამაგიეროდ, ყველაფერს აპატიებდნენ, დერბიში რომ ემარჯვა, მაგრამ "ნიუკასლი" რეალურად უსუსური იყო.
"ეს განსაკუთრებული გამარჯვება იყო. დერბიში მოგება, ფსიქოლოგიური კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია და ბიჭების შემართებითა და თამაშით უაღრესად კმაყოფილი ვარ, მაგრამ წინ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს" - განაცხადა ადვოკაატმა, რომლის გუნდიც მინდორზე თამამი 4-3-3 ტაქტიკით იყო გასული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"