როი კინის "ავტობიოგრაფია" II თავი [გაგრძელება]

AutoSharing Option
როცა მომდევნო დილას ბრაიან კლაფს "სიტი გრაუნდის" გასახდელში შევხვდი, მან სახელი მკითხა.

"როი", - ვუპასუხე მე. შემდეგ მწვრთნელმა ფეხსაცმელები გაიხადა, რომელიც ძაღლით სეირნობის შემდეგ ჭუჭყიანი იყო. "ხომ არ გაწმენდ ჩემთვის, როი?" მოხარული ვიყავი დავმორჩილებოდი მის თხოვნას. მესმოდა, რატომ აკეთებდა ამას.

მომდევნო ტურში "ქოვენთრისთან" გასვლით მატჩში შევინარჩუნე ადგილი შემადგენლობაში. ფრედ ვითამაშეთ, თუმცა მოგებაც შეიძლებოდა, მატჩის ბოლოს შესანიშნავი მომენტი რომ გამომეყენებინა. მომდევნო ტურში საშინაო სტადიონზე დებიუტი მქონდა "საუთჰემპტონთან" მატჩში. ჩემი მშობლები ბიძებთან ერთად მოვიდნენ დუბლიორების თამაშის სანახავად. არჩი ჯემილი აღშფოთდა, როცა მოედანთან
დამინახა.

"აქ რას აკეთებ? დღეს მნიშვნელოვანი მატჩი გაქვს. სახლში წადი და დაისვენე".

როცა 19 წლის ხარ და საკუთარი გუნდის სტადიონზე დებიუტი გელოდება, რთულია დასვენება აიძულო თავს. განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი ოჯახი ჩამოვიდა კორკიდან ამ მნიშვნელოვან მოვლენაზე დასასწრებად.

"სიტი გრაუნდი" და "ნოტინგემის" გულშემატკივრები სამუდამოდ დარჩებიან ჩემს გულში. მოთამაშეები ხშირად ამბობენ, რომ ვერ ამჩნევენ მაყურებელს. ეს სიმართლეა - რაც უფრო მეტ გამოცდილებას იღებ, უფრო ნაკლებად მოქმედებს შენზე ტრიბუნები - არ აქვს მნიშვნელობა, საკუთარ სტადიონზე თამაშობ თუ სტუმრად. მაგრამ თამაშის განუყოფელი ნაწილია ტრიბუნებთან კავშირი - შენ მათ აიძულებ გაჩუმებას ან პასუხობ საკუთარი გულშემატკივრების აქტიურობას, განსაკუთრებით ეს ეხება იმ ნაწილს, რომელიც ფეხბურთში ერკვევა.

ჩემთვის პირველი თამაში "სიტი გრაუნდზე" საფინალო სასტვენამდე 10 წუთით დასრულდა, როცა ბრაიან კლაფმა შემცვალა. 3:1-ს ვიგებდით. მონაწილეობა მივიღე პირველ გოლში და მთელი მატჩი კარგ დონეზე ჩავატარე. თუ ყველა გარემოებას გავითვალისწინებთ, განსაკუთრებით იმას, რომ თამაშს ჩემი ოჯახი ესწრებოდა, ასეთ დებიუტზე მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა.

გულშემატკივრები მოედნიდან ფეხზე ამდგარი მაცილებდნენ. მოხარული ვიყავი და ამავდროულად, ოდნავ დარცხვენილი. გასახდელში შევედი და შხაპის მიღებას ვაპირებდი, როცა არჩი ჯემილი მომიახლოვდა და მითხრა - ბოსს უნდა, რომ მინდორთან დაბრუნდე. კიდევ უფრო გაკვირვებული დავრჩი, როცა ბრაიან კლაფი გადამეხვია და ლოყაზე მაკოცა - პუბლიკის გასახარად და გასაოცად.

ეს იყო ბრწყინვალე დღის გასაოცარი ფინალი. ჩემი თამაშის სანახავად მშობლებისა და ძმების, აგრეთვე ნოელ მაკეიბის მოსვლამ მიმახვედრა და გამახსენა - როგორ ძლიერ შეიცვალა ჩემი ცხოვრება ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში... მას შემდეგ, რაც "კობ რამბლერსი" გაანადგურეს 0:4 "ფეირვიუ პარკზე".

მომავალში მექნება მცირე უთანხმოებები ბრაიან კლაფთან, მაგრამ არასოდეს დავივიწყებ იმას, რაც მან ჩემთვის გააკეთა. ის თავისებური ადამიანი იყო, მკაცრი ნონკონფორმისტი, რომელიც საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გამოდიოდა. "საუთჰემპტონთან" მატჩის დღეს კლაფი ხაზგასმულად ზრდილობიანი იყო ჩემი ოჯახის მიმართ. მთელი თავისი დამსახურებების მიუხედავად, კლაფს შეეძლო უბრალო ადამიანი ყოფილიყო, რაც ხშირად არ ხდება სხვა ცოცხალი ლეგენდების შემთხვევებში.

ჩემს ცხოვრებაში რამდენიმეთვიანი გარდამავალი პერიოდი დასრულებული იყო. კვირიდან კვირამდე ვთამაშობდი მოთამაშეებისა და კლუბების წინააღმდეგ, რომლებსაც ადრე მხოლოდ ტელევიზორით ვუყურებდი. ოქტომბერში "ტოტენჰემს" ვხვდებოდით "სიტი გრაუნდზე". ჩემი პირველი შეხვედრა კლუბთან, რომელსაც ვგულშემატკივრობდი და პოლ გასკოინთან, რომლის ცრემლებმა გასულ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატზე ის კერპად გადააქცია. მას ეთაყვანებოდა მთელი ქვეყანა და ინგლისში ფეხბურთის მიმართ ახალი ინტერესი გამოიწვია, რამაც მიგვიყვანა პრემიერლიგის შექმნამდე და Sky Television-თან მრავალმილიონიან კონტრაქტებამდე.

გაზას პარტნიორები ნაკრებში - სტიუარტ პირსი და დეს უოკერი თამაშის წინ მაფრთხილებდნენ, რომ ის ჩემს პროვოცირებას შეეცდებოდა. ასეც მოხდა - გასკოინი ხმამაღალა მლანძღავდა, ირლანდიელ მახინჯს მიწოდებდა, რომელსაც არაფერი ესმოდა ფეხბურთში. ბევრი მისი სიტყვა გავატარე. არ მესმოდა მისი აქცენტი. სინამდვილეში სასაცილო სანახავი იყო. სამწუხაროა, რომ ამ უნიჭიერესმა ფეხბურთელმა ასე ფუჭად გაფლანგა თავისი ენერგია ჩემს გასაბრაზებლად.

ბრაიან კლაფი გაგებით ეკიდებოდა ჩემს თხოვნებს - რამდენიმე დღით სახლში გაშვებაზე. ჩვეულებრივ, ამ საკითხზე შაბათის წარმატებული მატჩის შემდეგ ვაკითხავდი და მისი პასუხი არ განსხვავდებოდა წინამორბედებისგან: "წადი შვილო, ხუთშაბათს შევხვდებით".

ერთადერთი, რაც მაწუხებდა, ის იყო, რომ ჯერჯერობით არც ერთი გოლი არ მქონდა გატანილი "ნოტინგემის" შემადგენლობაში. მხოლოდ დეკემბერში გავიტანე პირველი ბურთი "შეფილდ იუნაიტედის" წინააღმდეგ "ბრემოლ ლეინზე". მაგრამ, სამწუხაროდ, ის მატჩი წავაგეთ. ჩემი შემდეგი გოლი "უიმბლდონთან" გამარჯვებისა აღმოჩნდა.

მალე ბრაიან კლაფმა თავის კაბინეტში მიმიწვია. ჩემი კონტრაქტის პირობებით საკლუბო მანქანა მეკუთვნოდა. "ირლანდიელო, აიღე ეს", - განაცხადა მან და მაგიდაზე გასაღებების ასხმა დააგდო.

მე მერგო "ფორდ ორიონის" მარკის სულ ახალი მანქანა. მეშვიდე ცაზე ვიყავი ბედნიერებისგან. ეს იყო პროგრესის კიდევ ერთი სიმბოლო და მტკიცებულება იმისა, რომ ბოლო ექვსი თვე სიზმარი არ ყოფილა. საკუთარ მანქანას შვილივით ვუვლიდი. ყოველ კვირა დღეს ვრეცხავდი. ხშირად, ყოველგვარი განსაზღვრული მიზნის გარეშე გავდიოდი ქუჩაში, რათა ასეთი მანქანისგან სიამოვნება მიმეღო.

ინგლისის თასის მატჩში "კრისტალ პალასთან" პირველად შევიგრძენი ამ ტურნირის ატმოსფერო, რომელსაც 1991 წელს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფეხბურთელებისთვის. "უემბლიზე" ფინალში გასვლა სანუკვარი ოცნება იყო ყოველი პროფესიონალისთვის. ინგლისის თასზე წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრაიან კლაფისთვის - ეს იყო ერთადერთი დიდი ტიტული, რომელიც ჯერ მოგებული არ ჰქონდა.

წილისყრის მიხედვით "კრისტალ პალასის" მოედანზე უნდა გვეთამაშა. იქ უგოლო ფრეს მივაღწიეთ. "სიტი გრაუნდში" 2:1-ს ვიგებდით, როცა მეკარე მარკ კროსლის უკან სუსტად დავუბრუნე ბურთი, რამაც საშინელი შედეგი გამოიწვია. მარკმა მოასწრო ბურთის მოშორება, მაგრამ პირდაპირ ჯონ სალაკოზე, რომელმაც მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი... 45 მეტრიდან. ამის დედაც!

როცა მატჩის შემდეგ გასახდელში შევედი, კლაფმა სახეში გამარტყა. "არ დაუბრუნო ბურთი უკან მეკარეს!" - ზემოდან დამიყვირა მან, რადგან იატაკზე ვეგდე. ტკივილს ვგრძნობდი და გაოგნებული ვიყავი - ძალიან გაოგნებული იმისთვის, რომ რაღაც მომემოქმედებინა. და მხოლოდ თავი დავუქნიე. ჩემი თაფლობის თვე კლაფთან და პროფესიულ ფეხბურთთან დასრულდა. ხანდახან გასახდელებში აუტანელი სიტუაცია სუფევდა. იქ ბევრ რამეს არ გპატიობენ. ნოკდაუნი კლაფისგან ჩემი გაკვეთილების ნაწილი იყო. გრძნობდი, როგორი მასზე ზეწოლა იყო და ამიტომაც წყენა გულში არ ჩამიდია. მწვრთნელს ბოდიში არ მოუხდია , მაგრამ მომდევნო კვირას რამდენიმე დღე დასვენება მომცა და შინ კორკში წავედი.

"კრისტად პალასთან" მეორე გადათამაშების შემდეგ, რომელიც 3:0 მოვიგეთ, 1/16 ფინალში "ნიუკასლთან" სტუმრად თამაში მოგვიწია. ამ ქალაქში ყველა მატჩი მძიმე ბრძოლაში მიმდინარეობდა. 15 წუთის შემდეგ ორი გოლი გავუშვით.

სტიუარტ პირსის სახით ჩვენ გვყავდა ფეხბურთელი, რომელიც ყველანაირად შეესაბამებოდა პროფესიონალის განმარტებას. პირსი ლიდერი იყო, ნამდვილი პროფესიონალი, რაც დაამტკიცა ამ სათასო მატჩში. ის წინ მიუძღოდა ყველას თავისი მაგალითით. როცა ზოგიერთმა მოთამაშემ თავი დახარა, პირსმა ეს შეამჩნია და გაამხნევა ისინი. ზოგიერთებს უხეში სიტყვა სჭირდებოდათ, სხვებს - მეგობრული ხელის დაკვრა მხრებზე.

მონდომებით და თავდაუზოგავად ვიბრძოდით "სენტ ჯეიმს პარკზე" სიტუაციის გამოსასწორებლად. მიუხედავად იმისა, რომ სტიუარტ პირსი მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, ის გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. რაღაც მომენტებში ნამდვილი ფსიქოპათის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ის ხისტად მოქმედებდა ართმევაზე. თავისი ბრძოლის ჟინით აიძულებდა სუსტი ხასიათის ფორვარდებს შიშისგან ცახცახს. თავისი ბრწყინვალე მარცხენათი იოლად იმორჩილებდა ბურთს.

იმ მატჩში "ნიუკასლთან" მისი წვლილი გადამწყვეტი იყო. მან შეამცირა სხვაობა ანგარიშში. ნაიჯელ კლაფმა შესვენებამდე თანაფარდობა აღადგინა. სწორედ ასეთი თამაშის გამო აფასებდა ბრაიან კლაფი სტიუარტ პირსს.

მეტოქეთა დიდი ნაწილი პირსთან შეჯახებებისას უკან იხევდა. ეს სათასო მატჩი უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი იყო ჩემთვის. გამარჯვებისკენ სწრაფვა და სურვილი თამაშის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია. ბრძოლის ჟინი ჩვენს თამაშში გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე უბრალოდ ოსტატობა.

ჩვენ ძალიან იოლად დავამარცხეთ "ნიუკასლი" გადათამაშებაში - 3:0. და ისევ შემდეგ წრეში სტუმრად თამაში გვიწევდა - ამჯერად, "საუთჰემპტონთან".

(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული