მანჩესტერული დერბის გამოძახილი: მსხვილი წითელი ხაზი "იუნაიტედსა" და "სიტის" შორის

AutoSharing Option
პელეგრინის ტრაგედია და დრამა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "სიტისთან" ზედიზედ 4 დერბის წაგების მერე "ქალაქელებს" 4 გოლი გაუტანა და 4:2 მოუგო.

მანუელ პელეგრინის გუნდი ფორმაში რომ არ იყო, ხოლო ლუი ვან გაალისა - პირიქით, ისედაც ვიცოდით, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" "წითელმა ეშმაკებმა" ამას კიდევ ერთხელ გაუსვეს მსხვილი წითელი ხაზი.

ჰოლანდიელი სპეციალისტი უბედნიერესი გახლდათ და ხმამაღალი განცხადებაც გააკეთა, ნათელია, რომ "იუნაიტედი" "სიტიზე" უკეთესი გუნდიაო. ჩილელისთვის კი ეს მარცხი განაჩენივითაა. იგი გრძელვადიან პროექტზე ლაპარაკობდა და სამომავლო გეგმებს აწყობდა, მაგრამ ყველა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ იგი "ეტიჰადზე"
ბოლო სეზონს ატარებს, ყოველ შემთხვევაში, ბრიტანული პრესა ამაში დარწმუნებულია.
იხილე
Sportall.Ge

უკვე თავად პელეგრინიც აღარ საუბრობს ძველებურად თავდაჯერებულად.

"ამ მარცხზე პასუხისმგებლობას სრულად ჩემს თავზე ვიღებ. ერთადერთი გზა ამ სიტუაციის შეცვლის ისევ გამარჯვების გზაზე დაბრუნება და მატჩების მოგებაა. ჩემს პოზიციასა და მომავალზე კი ახლა არ ვისაუბრებ, ეს არ არის მნიშვნელოვანი და მთავარი.

ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ და უკეთესად უნდა გვეთამაშა. ეს მხოლოდ ამ შეხვედრას არ ეხება, რომელიც ძალიან რთული გამოდგა. სხვა მატჩებშიც უკეთ გვმართებდა თამაში და მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ.

"იუნაიტედთან" 20 წუთი ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მხოლოდ 20 წუთი საკმარისი არ არის, მთელი შეხვედრა მაღალ დონეზე უნდა ჩაატარო. უკანასკნელი პერიოდის შედეგებით გახარებულნი არ ვართ, მაგრამ სიტუაციის ზედმეტად დრამატიზაცია არ არის საჭირო.

ახლა შემდეგ მატჩებზე უნდა გადავერთოთ და კონცენტრაცია "ვესტ ჰემთან" საშინაო დაპირისპირებაზე გვჭირდება, მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ჯერ კიდევ 18 ქულაა გასათამაშებელი, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" გვისწრებენ, მაგრამ მათ "ჩელსისთან" დარჩათ სათამაშო", - თქვა 61 წლის ჩილელმა.

პელეგრინის დრამა არ ჰყვარებია, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, მისთვის და შესაძლოა, მთლიანად კლუბისთვისაც სეზონი ტრაგედიით დასრულდეს, ოთხეულში ვერმოხვედრა გუნდისთვის ნამდვილად კატასტროფა იქნება. ხოლო სიტუაციის დროულად ვერგამოსწორების შემთხვევაში, ვინ იცის, პელეგრინი სეზონის ბოლომდეც კი დაითხოვონ.

"სიტიმ" ზედიზედ მეოთხე საგარეო მატჩი წააგო ("ლივერპულთან", "ბარნლისთან", "კრისტალ პალასთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან"). ასეთი რამ დაახლოებით 9 წელია, არ მომხდარა. "ქალაქელები" სერხიო აგუეროს გოლით კი იგებდნენ, მაგრამ მერე "იუნაიტედმა" იყოჩაღა და "ქალაქელებს" კუნის მეორე გოლიც არ ეყოთ.

"დიახ, მებრძოლი სული ვერ გამოვავლინეთ და მეტოქეს მარტივად მივეცით მატჩის შემობრუნების საშუალება. ეს მართლაც არასასიამოვნოა. ხოლო, როდესაც ორი ბურთით დაწინაურდები, მერე ყველაფერი გაცილებით მარტივადაა.

აშკარა შეცდომები დავუშვით, თუნდაც მეორე გოლისას. მესამე ბურთი კი თამაშგარე მდგომარეობიდან გაგვიტანეს, მაგრამ მეტოქემ დამსახურებულად მოიგო", - დასძინა პელეგრინიმ.

სისტემა უნდა დაინგრეს
მედიაში ბევრი იწერება იაია ტურეს უღიმღამო თამაშზე და "სიტის" მარცხი ლამის პირდაპირ კოტდივუარელს დააბრალონ, რომელიც ჩვეულად მძლავრი ვერ იყო და "ქალაქელებმა" ცენტრში დუელი აშკარად დათმეს. თუმცა ტურეს "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელის, გარი ნევილის სახით დამცველი გამოუჩნდა.

იაიას ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებენ, ხელმძღანელობაზე გაბუტულია, თან წასვლაზე ფიქრობს და ისე ვეღარ თამაშობსო.

ნევილს პელეგრინის 4-2-3-1 არ მოეწონა: "შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისევ მხოლოდ იაია ტურეს აწმენდენ ხელებს და ყველაფერს მას აბრალებენ. არადა, კოტდივუარელი მეცოდება, მის მდგომარეობაში შევდივარ.

ასეთი ტაქტიკით, ვინც არ უნდა იყო, ძალიან გაგიჭირდება დღევანდელ "მანჩესტერ იუნაიტედთან". არც იმას აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება შენი მეწყვილე.

ტურე აშკარა დომინანტი და საუკეთესო მაშინ არის, როდესაც გუნდი 4-4-2-ით თამაშობს, გნებავთ, ფერნანდო ჰყავდეს მეწყვილედ და გნებავთ, ფერნანდინიო. პელეგრინი კი იმავე შეცდომების დაშვებას აგრძელებს.

ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ტურეს ბრალია, დამნაშავე სისტემაა. პრობლემა ისიც არის, რომ "სიტის" გუნდურობა და ერთსულოვნება აკლია".

ნეტარი ლუი
ლუი ვან გაალმა კი თითქოს თავის ფორმულას მართლაც მიაგნო და თავის ტაქტიკასა და სისტემას უფრო და უფრო ხვეწს. ჰოლანდიელი საკუთარი წარმატებით ნეტარებასა და განცხრომაშია. იგი საბოლოოდ დაეყრდნო ანდერ ერერასა და მარუან ფელაინის, მაიკლ კერიკიც დაბრუნდა. საჭიროების ჟამს, 63 წლის სპეციალისტმა უეინ რუნი ისევ უკან დახია, ეს შეხვედრის მიწურულს მოხდა. შეუდარებელია ხუან მატაც. აი, ანხელ დი მარია კი ძირითადში კვლავ ვერ ხვდება.

"ახლა ჩვენ "სიტიზე" 4 ქულით წინ ვართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სეზონის სამეულში, "სიტიზე" წინ დასრულება გვსურს. ფანების გამო ძალიან ბედნიერი ვარ, 2011 წლის მერე "ოლდ ტრაფორდზე" პირველი დერბი მოვიგეთ. გულშემატკივრები ამას დიდი ხანი ელოდნენ და ვიცი, თუ რამდენს ნიშნავს ეს მათთვის.

ფეხბურთელებს, შტაბის წევრებს... ყველას ძალიან გვინდოდა ქომაგების გახარება. ამ სიხარულს, პირველ რიგში, სწორედ ფანები იმსახურებდნენ, რომლებიც შეუდარებლები არიან.

სეზონის დაწყებისას ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრა იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამასთან ახლოს ვართ. ერთ-ერთ დირექტორ ედ ვუდვორდს თავიდანვე ვუთხარი, რომ ეს ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, ოთხეულში ვართ, ჯერ კიდევ დარჩა 6 მატჩი და გარანტირებული არაფერია, მაგრამ სწორ გზაზე ვართ.

ახლა გვსურს, რაც შეიძლება მაღალ ადგილზე დავასრულოთ ჩემპიონატი" - თქვა ვან გაალმა.

ეშლი და ფელი
სტატისტიკით, "ოლდ ტრაფორდზე" მთავარი გმირი ეშლი იანგი იყო, რომელიც ძალიან შემართულია და საკუთარ თავზე ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ მწვრთნელს თავი მოაწონოს და საბოლოოდ, ეს გამოუვიდა კიდეც. ვან გაალმა იგი რამდენიმე პოზიციაზე გამოსცადა და იანგს თავი არსად შეურცხვენია, ახლა კი შემტევ ნახევარმცველად დააბრუნა და ეშლი შესანიშნავად გამოიყურება.

"სიტისთან" მან გაიტანა კიდეც და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე ტურის წინ მან გუნდს "ნიუკასლთან" მოაგებინა შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლით. იანგი კომპლიმენტებით აავსეს, მაგრამ თავად მან, პირველ რიგში, ფელაინი გამოარჩია.

"ფელიმ ჩინებულად ითამაშა. მის წინააღმდეგ იაია ტურეც კი დაიჩაგრა. ხოლო როდესაც ფელი საჯარიმოშია, მას დიდი უპირატესობა აქვს და დარწმუნებული უნდა იყო, რომ თუ ჩაუწოდებ, ხიფათი შეიქმნება" - ამბობს იანგი.

უეინ რუნი: "ბრწყინვალედ ვითამაშეთ და მოგება დავიმსახურეთ. "სიტი" დაწინაურდა, მაგრამ უკან დახევა არ ისურვა და ამის გამო დავსაჯეთ.

კარგ ფორმაში ვართ და მეტოქეს აშკარად ვაჯობეთ. რაც შეეხება ფელაინის, იგი დიდებულად თამაშობს და ეჭვიც არ გვეპარებოდა მის შესაძლებლობებში. რთულ პერიოდში, როდესაც იგი ადაპტაციას გადიოდა, მთელი გუნდი გვერდზე ედგა. ახლა კი ფანები ხედავენ, თუ რა შეუძლია მას".

მეფის სიტყვა
"წითელი ეშმაკების" ლეგენდა ერიკ კანტონა კი ამბობს, რომ მომავალ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" აუცილებლად იბრძოლებს ჩემპიონობისთვის. ფრანგს "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებთან ერთად 1992-97 წლებში 4 ჩემპიონობა აქვს მოგებული.

"ახლა ისინი ქალაქის მეფეები არიან. ზოგჯერ ასე ხდება, რომ სეზონში შენი საქმეები ცუდად მიდის და ხშირად აგებ, რაც იმას იწვევს, რომ გუნდისთვის მიუღებელ ადგილზე ამთავრებ ჩემპიონატს.

თუმცა მომავალ სეზონში "მანჩესტერს" ჩემპიონობის მოგების შანსი ექნება" - აღნიშნა "მეფე" კანტონამ.

არ იმოქმედო, დაო
თემა შევცვალოთ და ერთი ისტორია მოვყვეთ, რომელიც მანჩესტერულ კლუბებს შორის არსებულ მტრობასა და დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გამოაჩენს.

საქმე ისაა, რომ "სიტის" ქალთა გუნდის წევრმა ტონი დაგენმა ვან გაალთან ერთად სურათი გადაიღო და "ინსტაგრამზე" გაავრცელა, რასაც იმხელა ამბავი მოჰყვა, რომ 23 წლის თავდამსხმელს ამ ფოტოს წაშლა და ბოდიშის მოხდა მოუხდა.

"სიტის" ქომაგები აღშფოთდნენ, რომ მათი გუნდის წევრმა "იუნაიტედის" მწვრთნელთან ერთად გადაიღო სურათი. ეს ასოციაციის თასის ქალთა გათამაშების მეოთხედფინალის მერე მოხდა, "ქალაქელებმა" "ბირმინგემს" 3:1 მოუგეს და დაგენმა გოლიც გაიტანა.

სურათზე კი იგი ჰოლანდიელ სპეციალისტთან ხელგადახვეული ჩანს. თანაც, იმავე დღეს კაცთა შორის "სიტიმ" "იუნაიტედთან" 2:4 რომ წააგო, ამაზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ.

დაგენი, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 16 მატჩი აქვს ჩატარებული და 11 გოლი გატანილი, "სიტიში" 2013 წელს "ევერტონიდან" გადავიდა. აქამდე მან უკვე მოასწრო კიდევ ერთ ფოტოსკანდალში გახვევა, როდესაც სახე მუქად შეიღება და ფილმში "იმოქმედე, დაო" ვუპი გოლდბერგის პერსონაჟისთვის მიბაძვა გადაწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
siti otxeulidan aucileblad mibrdzandeba..:) :)
dachi
19:18 15-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული