"ლივერპული": რაჰიმ სტერლინგი და "სასაცილო გაზი"

AutoSharing Option
"ლივერპულის" ახალგაზრდა ტალანტმა რაჰიმ სტერლინგმა "ნიუკასლთან" მატჩის წინ კარგი გართობა მოიწყო და ბუშტით აზოტის ოქსიდი შეისუნთქა. კმაყოფილი სტერლინგის ფოტოები "სანმა" გაავრცელა.

"სასაცილო გაზი" ლეგალური კი არის, მაგრამ სპორტსმენისთვის რეკომენდებული არ არის. მართალია, 20 წლის შემტევმა ჯორდებთან გოლიც გაიტანა და კარგადაც ითამაშა, მაგრამ ბრენდან როჯერსი მისი საქციელით უკმაყოფილო დარჩა.

"მე ვფიქრობ, ეს ისეთი რამეა, რასაც არ უნდა აკეთებდე, ეს მარტივია. ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც სუპერპროფესიონალები არიან და მხოლოდ ფეხბურთზე არიან კონცენტრირებულნი.

მე ვიცი, რომ რაჰიმი ასეთია, როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა.
თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელები შეცდომებს უშვებენ და ბევრი აქვთ სასწავლი. სტერლინგს გავესაუბრები და ამით ინციდენტი ამოიწურება, საგანგაშო არაფერია", - აღნიშნა როჯერსმა.

სტერლინგის ამბები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტუალურია, რადგან იგი ინგლისის ნაკრებისთვისაც მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რაჰიმმა "ლივერპულთან" ახალ კონტრაქტზე და კვირაში 100 ათას ფუნტზე უარი თქვა. ერთი ვერსიით, მას "ენფილდზე" კვირაში 150 ათასის გამომუშავება სურს, მეორე ვერსიით კი, სულაც წასვლას აპირებს.

სტერლინგს მადრიდის "რეალსა" და კიდევ რამდენიმე გუნდს უკავშირებენ. თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ფული არაფერ შუაშია, ჩემს მომავალზე უნდა დავფიქრდე და ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონო, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებო.

"ლივერპულმა" კი თავისი პოზიცია დააფიქსირა - უფროსობა ნორჩი ტალანტის გაშვებას, სულ ცოტა, მომავალ ზაფხულს არ აპირებს, თუნდაც მან ახალ შეთანხმებას ხელი არ მოაწეროს. მოქმედი კონტრაქტით, მხარეები 2017 წლის ზაფხულამდე არიან დაკავშირებულნი.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, მერსისაიდელებმა ლიგის ზონასთან, ანუ მე-4 ადგილთან და "მანჩესტერ სიტისთან" სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს და ბრენდან როჯერსი ბევრად უფრო ომახიანია:

"ჩვენ ვგრძნობთ, რომ შანსი გვაქვს. რასაკვირველია, სხვებზე ვართ დამოკიდებულნი და უნდა დაველოდოთ მათ ფეხის დაცდენას. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველოდება. ჩვენ ბოლო მომენტამდე ვიბრძოლებთ.

"ნიუკასლთან" გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან განცდილი მარცხების მერე სწორ გზაზე უნდა დავბრუნებულიყავით. მოგება ძალიან გვჭირდებოდა და მახარებს ისიც, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაგვიბრუნდნენ.

"მანჩესტერ სიტიმ" კი ოთხეულის კარი ცოტათი შეაღო", - აღნიშნა ჩრდილოირლანდიელმა სპეციალისტმა.

მე-4 ადგილისთვის ბრძოლა ისევ აქტუალური გახდა და არ იქნება ურიგო, თუ "ლივერპულისა" და "სიტის" კალენდარს გადავხედავთ. მერსისაიდელებს შედარებით უფრო ადვილი თამაშები აქვთ, ერთადერთი რთული მატჩი "ჩელსისთან" რჩებათ. უფრო მძიმე კალენდარი აქვთ "საუთჰემპტონსა" და "ტოტენჰემს", რომლებსაც "ლივერპულთან" შედარებით კიდევ უფრო ნაკლები შანსი აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული