მგრძნობიარე მოურინიო - რამდენი დიდი მატჩი რჩება "ჩელსის" ჩემპიონობამდე

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" პრემიერლიგაში პირველ ადგილს ინარჩუნებს, თანაც, 7-ქულიანი უპირატესობით და ჟოზე მოურინიოს ბოლოადგილოსან "ლესტერთან" გადადებული მატჩი "უდევს ჯიბეში".

თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ უკანასკნელ პერიოდში ცოტა მძიმედ მოთამაშე "ჩელსის" შემდეგ ტურში ბრწყინვალე ფორმაში მყოფ "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოუწევს ჭიდილი, რასაც "არსენალთან" დერბი მოჰყვება.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ "ლურჯებს" "ლივერპულთანაც" დარჩათ მატჩი. ასე რომ...

"11 ქულა გვჭირდება, ყველაფერი მარტივია. ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ და უპირატესობა გვაქვს, მაგრამ დიდი მატჩები დაგვრჩა ჩასატარებელი. არ ვგულისხმობ მხოლოდ "მანჩესტერთან", "არსენალთან" და "ლივერპულთან" მატჩებს.

"ლესტერთანაც" დიდი მატჩი იქნება,
"ვესტ ბრომვიჩთანაც" და შესაძლოა, "სანდერლენდთანაც". ყველა ეს შეხვედრა ჩვენთვის დიდი მატჩია, რადგან ჩემპიონობის ბედი უნდა გადაწყდეს.

ისიც აღსანიშნავია, რომ კონკურენტებმა ყველა მატჩი უნდა მოიგონ და ჩვენ ქულები უნდა ვკარგოთ იმისთვის, რომ პირველი ადგილი დავთმოთ, რაც არ უნდა დავუშვათ.

"ქუინზ პარკთან" დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ სეზონში მეორედ მოხდა, როდესაც ბოლო წუთზე შევძელით 3 ქულის მოხვეჭა და ეს შესანიშნავია. პირველად ეს "ევერტონთან" მოვახერხეთ და ახლა ქპრ-სთან.

თუმცა, არ გამიკვირდებოდა, მატჩი 0:0 რომ დასრულებულიყო, რადგან ჩვენ კარგად ვაკონტროლებდით მეტოქეს, მეტოქე კი ჩვენ გვაკონტროლებდა კარგად. მშვენიერი დერბი გამოვიდა, რომლითაც ვისიამოვნე და ვისურვებდი, მომავალ სეზონშიც ჩამოვიდე აქ სათამაშოდ", - აღნიშნა "განსაკუთრებულმა".

ჟოზე და არსენი შეთანხმდნენ...
როგორც ხედავთ, ქპრ-ს ფანების უწესრიგო ქცევის მიუხედავად, მოუ ამ კლუბისადმი სიმპათიითაა განწყობილი და "ლოფტუს როუდის" ბინადრებს უმაღლეს ლიგაში დარჩენას უსურვებს.

კომპლიმენტები მან არც უშუალო კონკურენტებისადმი - "არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედისადმი" დაიშურა და მათი კარგი სათამაშო ფორმა გამოარჩია.

ბოლო დროს მოურინიო "მეთოფეებისადმი" და პირადად მათი მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერისადმი კარგად არის განწყობილი. მეტიც, ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა - პორტუგალიელი და ფრანგი სპეციალისტი რაღაც საკითზე მაინც შეთანხმდნენ და ერთნაირი აზრი აღმოაჩნდათ.

როგორც იცით, ვენგერმა აღნიშნა, "ოქროს ბურთი" თანამედროვე ფეხბურთზე და პირადად მოთამაშეებზე უარყოფითად მოქმედებსო და მოურინიომ მას კვერი დაუკრა. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი 7 წელია, ამ უპრესტიჟულეს ინდივიდუალურ ჯილდოს ერთმანეთში ორი მოთამაშე ინაწილებს - 2008 წელს ის კრიშტიანო რონალდომ მოიგო, 2009-დან 2012-ის ჩათვლით, ზედიზედ 4-ჯერ დაისაკუთრა ლიონელ მესიმ და ახლა მიჯრით ორჯერ ისევ რონალდოს ჯერი დადგა.

"ის "ოქროს ბურთის" წინააღმდეგია და ვფიქრობ, მართალიც არის. ამჟამად ფეხბურთი გუნდურობას კარგავს და უფრო ინდივიდუალისტებზე ხდება დამოკიდებული. ჩემთვის კი ეს თამაში კოლექტიურია.

ძლიერი ინდივიდუალი მაშინ არის კარგი, როდესაც გუნდს ეხმარება იმაში, რომ გუნდი უკეთესი და უფრო ძლიერი გახდეს. თუმცა მან სწორედ გუნდისთვის უნდა იმუშაოს და არა გუნდმა მასზე და მისთვის. ის უნდა მოერგოს სიტუაციას და არა პირიქით.

როდესაც ვარსკვლავი მოდის, გუნდი უკვე არის და ის კოლუმბივით ამერიკას არ აღმოაჩენს, მას კლუბი ხვდება, რომელიც უნდა გააძლიეროს და პირველ რიგში, ამაზე უნდა იფიქროს და არა საკუთარ წარმატებასა და ინდივიდუალურ ჯილდოებზე", - განაცხადა მოურინიომ.

საუკეთესო აზარია
ამ სიტყვების პარალელურად, მას მაინც ძალიან უნდა, რომ ერთი ინდივიდუალური ჯილდო მისმა ფეხბურთელმა მოიგოს. საუბარი ინგლისის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზეა.

მართალია, ჯერ ცოტა ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ ვიცით, რომ წინასწარ იწყება ხოლმე ლაპარაკიც და გადაწყვეტილების მიღებამდეც დიდი დრო არ რჩება.

"განსაკუთრებულმა" მოკლედ და კონკრეტულად მოჭრა - ეს თემა გასარჩევიც არ არის, რეალური და ღირსეული კანდიდატი მხოლოდ ერთია, ედენ აზარი უნდა დასახელდეს საუკეთესოდო.

გრძნობა და გონება
სხვათა შორის, მოუმ ისიც თქვა, რომ მისი პირველი სამსახური უნარშეზღუდული, დაუნის სინდრომით დაავადებულების და მენტალური პრობლემების მქონე ბავშვების მასწავლებლობა იყო და სწორედ იქ გაიწაფა იგი ჯგუფთან მუშაობასა და ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

"მე ამ საქმისთვის ტექნიკურად მზად არ ვიყავი და ამ ბავშვებს ბევრით ვერაფრით უნდა დავხმარებოდი. თუმცა წარმატება მქონდა და ამის ერთადერთი მიზეზი ის ემოციური კავშირი გახლდათ, რომელიც მათთან გამიჩნდა.

პატარა სასწაულებს ჩავდიოდი, მხოლოდ ამ კარგი ურთიერთობების და სიახლოვის წყალობით. თანაგრძნობის უნარი მქონდა და სურვილი მათი დახმარების, მათთან თბილი ურთიერთობის.

რასაკვირველია, ცოდნა საჭიროა, გათვლები და სიტუაციის გაანალიზება, მაგრამ საბოლოოდ, მთავარი ურთიერთობები და ემოციაა. ეს არა მხოლოდ ინდივიდთან ურთიერთობისას, არამედ მთლიანად გუნდთან", - განმარტა მოურინიომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული