ინგლისი. ასოციაციის თასი. 1/2-ფინალი: "ლივერპული" უტიტულოდ დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
არსენ ვენგერი ტყუილად არ აფრთხილებდა თავის ბიჭებს - წინა სეზონი გაიხსენეთ, როგორ გაგვიჭირდა ქვედალიგელ "უიგანთან" ნახევარფინალშიო. მაშინ "მეთოფეებმა" ბოლოსკენ გაათანაბრეს და პენალტების სერიაში იმარჯვეს. ასოციაციის თასის მოქმედმა გამარჯვებულმა ამჯერადაც იწვალა, მაგრამ "უემბლიზე" თავისას მაინც მიაღწია და ფინალში გავიდა.

"არსენალი" ალექსის სანჩესმა დააწინაურა, მაგრამ პაველ პოგრებნიაკის პასის მერე გარეთ მაკლირიმ წონასწორობის აღდგენა შეძლო, ბურთი კირან გიბსს შეეხო, ოდნავ მიმართულება იცვალა და ვოიცეხ შჩესნი უძლური აღმოჩნდა.

თუმცა "მეთოფეებს" გმირად კვლავაც სანჩესი მოევლინათ, რომელმაც მეორე პირველი დამატებული ტაიმის მიწურულს შეაგდო. იდეაში, დარტყმა არც
ისე კარგი გამოუვიდა, მაგრამ "რედინგის" ავსტრალიელ მეკარე ადამ ფედერიჩის ბურთი ხელებიდანაც გაუძვრა და ფეხებშუაც, ხოლო როცა გამოტანა შეძლო, ბურთს უკვე გადაეკვეთა ხაზი.

ფედერიჩიმ მინდორი აცრემლებულმა დატოვა. "რედინგი" ჩემპიონშიპში გასავარდნ ზონასთანაა ახლოს და სეზონი მხოლოდ იმით ჰქონდა გამორჩეული, რომ თასზე მოვიდა აქამდე და სტივ კლარკის გუნდს ფინალამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

ვთქვათ ისიც, რომ სანჩესს ორივე შემთხვევაში მესუთ იოზილმა უპასა და ჩილელის დუბლის თანამონაწილე ისიც არის.

* * *
მეორე ნახევარფინალი "ასტონ ვილასა" და "ლივერპულს" შორის იყო. ამ შეხვედრამ გაარკვია, რომ მერსისაიდელები კიდევ ერთ უტიტულო სეზონს ატარებენ, ხოლო სტივენ ჯერარდი თავის საყვარელ კლუბს საკუთარ 35-ე დაბადების დღეზე, 30 მაისს ტიტულით ვერ დაემშვიდობება. ამის ნაცვლად, "უემბლიზე" "არსენალს" სწორედ ბირმინგემელები შეებმებიან.

მართალია, "ლივერპული" ფილიპე კოუტინიოს ეფექტური გოლით იგებდა, მაგრამ ფაბიან დელფმა ჯერ კრისტიან ბენტეკეს გაატანინა, ხოლო მერე თავად შეაგდო და მატჩის გმირად იქცა.

"ასტონ ვილა" 2000 წლის მერე პირველად გავიდა თასის ფინალში და იმისთვის, რომ ევროპალიგის საგზური მოიპოვოს, აუცილებლად უნდა მოიგოს, რადგან ახალი წესის მიხედვით, თასის ფინალისტი ევროზონაზე ვეღარ გადის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასოციაციის თასი. 1/2-ფინალი
რედინგი-არსენალი 1:1 (დ.დ. 1:2)
გოლები: 0:1 სანჩესი (39), 1:1 მაკკლირი (54), 1:2 სანჩესი (105+1)
რედინგი (4-4-2): ფედერიჩი - განტერი, ჰექტორი, პირსი, ობიტა - მაკკლირი, უილიამსი, შალობა (106. კოქსი), რობსონ-კანუ (90. კარაჯანი) - მაკი, პოგრებნიაკი (111. იაკუბუ)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - დებიუში, მერტეზაკერი (63. გაბრიელი), კოშელნი, გიბსი - კოკლენი (101. უოლკოტი), კასორლა - რემზი, იოზილი, სანჩესი - უელბეკი (72. ჟირუ)

ასტონ ვილა-ლივერპული 2:1
გოლები: 0:1 კოუტინიო (30), 1:1 ბენტეკე (36), 2:1 დელფი (54)
ასტონ ვილა (4-3-3): გივენი - ბაკუნა, ბეიკერი (26. ოკორე), ვლაარი, რიჩარდსონი - კლევერლი, ვესტვუდი, დელფი - ნ’ზოგბია (75. სინკლერი), გრილიში (84. ჯ. კოული), ბენტეკე
ლივერპული (3-4-2-1): მინოლე - ჯანი, შკრტელი, ლოვრენი - მარკოვიჩი (46. ბალოტელი), ჰენდერსონი, ალენი (78. ჯონსონი), მორენო (90+1. ლამბერტი) - კოუტინიო, ჯერარდი - სტერლინგი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული