"ასტონ ვილა": ტიმ შერვუდის ბიჭები დიდ სცენაზე

AutoSharing Option
ბირმინგემის "ასტონ ვილაში" მხსნელად მისული ტიმ შერვუდი აღარ ხუმრობს. მან გუნდი სხვაგვარად, უფრო ხალისიანად და შემართულად აათამაშა, რამაც გამოიწვია ის, რომ ბირმინგემელები გასავარდნ ზონას მოსწყდნენ, ჯერ ბოლომდე ვერა, მაგრამ საგრძნობლად გამოისწორეს მდგომარეობა. გარდა ამისა, "ვილამ" ასოციაციის თასის ნახევარფინალში "ლივერპული" დაამარცხა და ამ ტურნირზე 21-ე საუკუნეში ფინალში პირველად გავიდა.

30 მაისს "უემბლიზე" ბირმინგემელები ასოციაციის თასის მოქმედ გამარჯვებულ ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდებიან და ტიმ შერვუდის აზრით, ის, რომ მისი გუნდი აუტსაიდერად მიიჩნევა, ერთგვარი უპირატესობაცაა. თუმცა სათქმელია ისიც, რომ "მეთოფეებმა" "ასტონ ვილას" ამ სეზონში
ორივეჯერ ძალიან ადვილად მოუგეს პრემიერლიგაში - 5:0 და 3:0.

"ზეწოლა სწორედ "არსენალზე" იქნება, რადგან ლონდონელები ფავორიტები არიან, ჩვენ კი აუტსაიდერები. თუმცა ამ მატჩამდე ჯერ შორია და დიდი დრო გვაქვს მოსამზადებლად; ასევე, ბევრი სამუშაო გვაქვს, ჯერ პრემიერლიგაში დარჩენა უნდა გავინაღდოთ და შემდეგ გადავერთოთ "მეთოფეებთან" მატჩზე. ჩვენთვის ეს ბრწყინვალე შანსია, მაგამ ჯერ არაფერი მოგვიგია და გარანტირებული არაფერი გვაქვს. ამიტომაც იმავე შემართებით უნდა გავაგრძელოთ შრომა" - აღნიშნა 46 წლის სპეციალისტმა.

ახალი წესის მიხედვით, თასის ფინალისტი დამარცხების შემთხვევაში, ევროპალიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეტოქე ჩემპიონატიდან იქნება გასული ევროსარბიელზე. "ასტონ ვილას" ამ მხრივაც მოგება სჭირდება და ამ შემთხვევაში ბირმინგემელები ორმაგად გაიხარებენ.

"ჩვენ "ლივერპულთანაც" აუტსაიდერები ვიყავით და უმეტესობა დიდ შანსს არ გვაძლევდა, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების გვჯეროდა და ვიცოდით, რომ ფანებსაც სჯეროდათ ჩვენი და იმედი ჰქონდათ. ამიტომაც შემართებით ვითამაშეთ და მეტოქეს ბევრი პრობლემა შევუქმენით. კრისტიან ბენტეკეს გოლის მერე უპირატესობას ვფლობდით და დამსახურებულად ვიმარჯვეთ.

ვიფიქრეთ, რომ "ლივერპულს" ორი 10 ნომრის წინააღმდეგ გაუჭირდებოდა. შესაბამისად, ჯეკ გრილიში და ჩარლზ ნ’ზოგბია ამ ამპლუას ითავსებდნენ. ვიცოდით და სამ ცენტრალურ ნახევარმცველს ჰქონდა საკმარისი ენერგია და ძალა იმისა, რომ თავის საქმეს გამკლავებოდნენ და ამ გეგმამ გაამართლა" - დასძინა შერვუდმა.

"ტოტენჰემის" ყოფილი თავკაცი რისკიანი ადამიანია, თამამი გადაწყვეტილებების მიღებაც უყვარს და შეტევაში თამაშიც. გარდა ტაქტიკური სიახლეებისა, შერვუდის მთავარი დამსახურება გუნდში მებრძოლის სულის გაღვივება და საჭირო პოზიტიური მუხტის შეტანაა. კრიზისში მყოფი "ასტონ ვილა" მან ისევ თავდაჯერებულად და შთამბეჭდავად აათამაშა. ხასიათზე მოიყვანა კრისტიან ბენტეკე და ბელგიელს უკვე გოლი გოლზე გააქვს. საუცხოოდ გამოიყურება ჯეკ გრილიში. ეს ახალგაზრდა მოთამაშე ფანების დიდი სიყვარულითაც სარგებლობს, რადგან კლუბის აღზრდილია.

შერვუდს ნორჩი ტალანტებისთვის ნდობის გამოცხადება ძალიან უყვარს, რისი ნათელი დასტურიც თავის დროზე მის მიერ ჰარი კეინის დაწინაურებაა "ტოტენჰემში". რასაკვირველია, არც ფაბიან დელფი გამოგვრჩეს, რომელიც ძველებურად მძლავრად ათამაშდა - ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა "ლივერპულთან" გოლს პლუს პასი შემოგვთავაზა. "ვილა" უკვე ნაკლებ გოლსაც უშვებს და დაცვაში ხარვეზების გამოსწორებაზე შერვუდი მუშაობას აგრძელებს.

"გრილიშს შეუძლია, საუკეთესოთა შორის იყოს და დიდი ფეხბურთელი დადგეს. ბურთი მისი მეგობარია და რაც უფრო დიდია სცენა და მნიშვნელოვანია მატჩი, მით უფრო უკეთ თამაშობს. ეს ნამდვილი ტალანტის ნიშნებია. ის დაუღალავი და შრომისმოყვარეა, ვარჯიშებზეც ბოლომდე იხარჯება და ფეხში უფრო მეტიც კი ხვდება, ვიდრე თამაშებზე. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ჯეკი ჯერ კიდევ პატარა ბიჭია და ბევრი აქვს სასწავლი.

იგი სწორად უნდა გაიზარდოს. სტადიონთან ძალიან ახლოს ცხოვრობს და ფეხბურთით, "ასტონ ვილათი" ცხოვრობს. მან ნდობა თავისი შრომითა და მონდომებით დაიმსახურა" - განაცხადა შერვუდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული