ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ჯეკ ჩარლტონთან, ან როგორც მას უწოდებდნენ - დიდ ჯეკთან, რომლის წარმატებებმაც ირლანდიის ნაკრებში ის ეროვნულ გმირად აქცია. მოხარული ვიყავი იმის გამო, რომ ნაკრებში დამიძახეს, მაგრამ ჩემი პირველი მისვლა გუნდში არაფრით გამორჩეული და დასამახსოვრებელი არ ყოფილა. ირლანდია "ლენსდაუნ როუდზე" ხუთი მატჩი იყო, არ მარცხდებოდა.
ჩილელებმა კინაღამ შეწყვიტეს ეს სერია. თამაშის დამთავრებამდე ათი წუთით ადრე დევიდ კელის გოლმა მოგვიტანა ფრე.
ჩარლტონის მიდგომა ფეხბურთისადმი განსხვავებული იყო იმისგან, რასაც "ნოტინგემში" ვხედავდი. პასის თამაში მისთვის პირველ ადგილზე არ იყო. ის ითხოვდა, რომ მოედნის ყველა მონაკვეთზე რიცხობრივი უპირატესობა შექმნილიყო; აქცენტს აკეთებდა მეტოქის განიარაღებაზე და არა შემოქმედებით ფეხბურთზე.
დიდი ჯეკის ტაქტიკა იმაში მდგომარეობდა, რომ წინ გრძელი გადაცემები შესრულებულიყო მეტოქე მცველების ზურგსუკან და შემდეგ ფორვარდებს გაეჩაღებინათ ბრძოლა ბურთისთვის იმ იმედით, რომ მოწინააღმდეგე შეცდომას დაუშვებდა. ასეთმა პრიმიტიულმა მიდგომამ რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელის შესრულებით, ირლანდიის ნაკრები ორ დიდ ტურნირზე გაიყვანა - ევრო 88-ზე და მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე. "გადაუარეთ მათ!" - ასეთი იყო ჯეკის დევიზი. "არ შეცდეთ საკუთარ მოედანზე", - ამბობდა ის.
ზუსტად არ ვიცოდი, რას ელოდებოდნენ ჩემგან, გარდა ფიზიკური მონდომებისა, რაც კარგად შემეძლო. მინდოდა გამეგო - კიდევ რისი შემოთავაზება შეეძლო ჩარლტონს, გარდა თავისი "მაგიური ფორმულისა". დრომ აჩვენა, რომ ეს იყო მთელი მისი რესურსი ტაქტიკური სქემების მხრივ.
წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ ბრაიან კლაფმა ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, რომელიც კვირაში 700 ფუნტის ოდენობის ხელფასს ითვალისწინებდა. ამას ემატებოდა 15 ათასი ფუნტი, რომელსაც კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მომცემდნენ.
ოქტომბერში პირველი ოფიციალური მატჩი ვითამაშე ირლანდიის ნაკრებში - ეს იყო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა პოლონეთის წინააღმდეგ. ევრო-92-ზე გასასვლელად მოგება იყო საჭირო. 3:1-ს ვიგებდით, მაგრამ მატჩის ბოლოს ორი გოლი გავუშვით და პოლონელებს ქულა ვაჩუქეთ, რასაც ისინი იმსახურებდნენ. ირლანდიის ნაკრებში ჩატარებული მატჩები ჩემთვის უცნაური გაკვეთილი გახდა.
ჩარლტონის საფეხბურთო ფსიქოლოგიაში ერთი წინააღმდეგობა არსებობდა. ერთი მხრივ, მწვრთნელი ითხოვდა ჩვენგან - ბურთი არ დაგვეკარგა, მაგრამ, მეორე მხრივ, მოითხოვდა გრძელი პასების შესრულებას, რის გამოც თამაშის დიდი ნაწილი ბურთს მეტოქე ფლობდა. მისი ტაქტიკის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მეტოქისთვის შეცდომის დაშვება გვეიძულებინა. მუდმივად წინ სირბილი და პრესინგი საკუთარი თამაშის ტემპის დალაგების საშუალებას არ გვაძლევდა.
თამაშის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა არ შედიოდა ჩარლტონის გეგმებში. ის არ იწონებდა მისი ტაქტიკური მონახაზიდან გადახვევას. ყოველთვის არსებობდა რისკი, რომ ზედმეტი ორიგინალურობით მის მრისხანებას გამოიწვევდი. ცხადი იყო, რომ დიდი ჯეკი არ ენდობოდა ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელებსაც კი და არ აძლევდა მათ იმ ფეხბურთის თამაშის საშუალებას, რომელსაც კლუბებში შეეჩვივნენ. სწორედ ამის გამო დაისაჯნენ ისეთი სახელოვანი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ლაიამ ბრეიდი და რონი უილანი. მათი კარიერა ნაკრებში მას შემდეგ დასრულდა, რაც ჩარლტონმა აითვალწუნა ისინი.
დრო იყო საჭირო, ალღო აგვეღო იმ ფეხბურთისთვის, რომელსაც ჩვენგან ჩარლტონი ითხოვდა. ირლანდიის ნაკრების გულშემატკივრები ბრწყინვალენი იყვნენ როგორც საშინაო, ასევე გასვლით მატჩებზე. ჩვენ არასოდეს გვქონია დიდი წარმატებები ფეხბურთში, ამიტომაც მათ, პირველ რიგში, კარგი თამაში სჭირდებოდათ და არა შედეგი. და თუ ბოლომდე სამართლიანები ვიქნებით ჩარლტონის მიმართ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრ კარგ შედეგს მივაღწიეთ ისეთ ქვეყნებთან მატჩებში, რომლებიც საფეხბურთო რესურსით აღემატებოდნენ ირლანდიას.
ჩარლტონს არ სჯეროდა, რომ ნაკრებს მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავდა, რომლებიც არა მხოლოდ გაუტოლდებოდნენ ევროპული კლუბების ფეხბურთელებს ოსტატობაში, არამედ აჯობებდნენ მათ ნებისმიერ სათამაშო კომპონენტში.
ფეხბურთის ჩემეული აღქმა ეწინააღმდეგებოდა ირლანდიაში გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ ჯეკი ჩარლტონი - ეს არის საფეხბურთო გენიოსი, რომელმაც შეძლო 180 გრადუსით შეეცვალა მდგომარეობა ნაკრებში, მიაღწია წარმატებას და აიძულა ფეხბურთელები, შეეცვალათ თამაშის საკუთარი აღქმა.
"ნოტინგემის" რიგებში მეორე სეზონში ორჯერ ვითამაშე "უემბლიზე" - "ზენიტ დეიტა სისტემს ქაფის" და ლიგის თასის ფინალებში. ბრაიან კლაფმა კონტრაქტი გააფორმა ტედი შერინგემთან ("მილუოლი") და ამით ჩვენს შეტევებს სიმწვავე შემატა.
ლიგის თასი მნიშვნელოვანი იყო პრემიერლიგის გუნდებისთვის. მე გავიტანე გამარჯვების გოლი დამატებით დროში "უაიტ ჰართ ლეინზე" "ტოტენჰემის" წინააღმდეგ. ყოველი მატჩის შემდეგ სულ უფრო ვძლიერდებოდი და უფრო მომზადებული ვიყავი ჩემი პროფესიული კარიერის მეორე სეზონში. ახლა უკვე ჩამოყალიბებული რეპუტაცია მქონდა, ცნობილი ვიყავი და ამიტომაც მეტოქის ფეხბურთელები სულ უფრო მეტ ყურადღებას იჩენდნენ ჩემ მიმართ. სწავლის პროცესიც გრძელდებოდა. როგორ დამეღწია თავი მეურვისგან, როგორ გამეკონტროლებინა თამაში, როგორ შემერჩია დრო მეტოქის საჯარიმოში სპრინტისთვის...
მაგრამ, სავარაუდოდ, ყველაზე მთავარი გაკვეთილი ის იყო, რომ არ უნდა წამეგო დუელი მეტოქესთან მოედნის საკუთარ მონაკვეთზე.
გამიმართლა, რომ კარგ გუნდში მოვხვდი, რომელშიც დიადი მწვრთნელისგან ყოველმხრივ მხარდაჭერას ვგრძნობდი. სტიუარტ პირსი, დეს უოკერი, ნაიჯელ კლაფი და ტედი შერინგემი მაღალი დონის ფეხბურთელები იყვნენ. ცხადი იყო, რომ არ შეგვეძლო წამყვან კლუბებთან - "ლივერპულთან", "არსენალთან", "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "ლიდსთან" კონკურენცია, მაგრამ როცა თამაში გამოგვდიოდა, ნებისმიერის დამარცხება შეგვეძლო.
ჩემპიონატში მერვე ადგილი დავიკავეთ, ლიგის თასის ფინალში წავაგეთ "მანჩესტერ იუნაიტედთან". "უემბლიზე" თამაში ისევ არ გამოგვივიდა. მართალია, ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ "იუნაიტედმა" 1:0 გაიმარჯვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"