როი კინის "ავტობიოგრაფია". III თავი [გაგრძელება]

AutoSharing Option
პირად შეხვედრებში მე და ბრაიან კლაფი კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს, პრესაში ჩემი მისამართით მისი განცხადებების მიუხედავად.

"კინი - პატარა ბავშვივითაა, რომელმაც შობაზე დილით გაიღვიძა და წინდაში ვაშლი, ფორთოხალი და ტკბილეულობა აღმოაჩინა, მაგრამ უფრო მეტი მოუნდა, - განაცხადა ერთ-ერთ გაზეთში კლაფმა. - ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა. ყველაფერი იოლად გამოსდის და საფეხბურთო სამყაროშიც ყველას უყვარს, განსაკუთრებით, "ფორესტის" მოთამაშეებს. კინი დღეს ყველაზე სასურველი საკუთრებაა, მაგრამ ის გააკოტრებს ამ კლუბს.

ჩვენ მას წინადადებით მივმართეთ. კინს საკუთარი აზრი გააჩნია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ის კიდევ 18 თვე
ჩვენ გვეკუთვნის და ამ მომენტისთვის მოლაპარაკებები შეჩერებულია. არაფრის გაგონება არ მინდა კონტრაქტის სულელურ პირობებზე და იმაზე - რას გავაკეთებთ ლიგიდან გავარდნის შემთხვევაში. ჩემი სურვილია - მან რეალური კონტრაქტი გააფორმოს, რასაც ჩვენი ბიუჯეტი გასწვდება".

სტიუარტ პირსი, რომლის ერთგულება კლუბის მიმართ და ავტორიტეტი უდავო იყო, ერთ-ერთ დილის ვარჯიშზე ძალიან დამეხმარა. მან ყველა მოთამაშეს ჩამოუარა და ერთი და იგივე შეკითხვა დაუსვა: "კმაყოფილი ხართ საკუთარი კონტრაქტით?" ყველამ დადებითი პასუხი გასცა. ამის შემდეგ პირსმა გამოაცხადა: "თუ კმაყოფილები ხართ, მაშინ როის თავი დაანებეთ. მას აქვს უფლება, უფრო მეტი მიიღოს". პირსის მადლიერი ვიყავი ამის გამო.

პრესისგან საიდუმლოდ ჩემი მოლაპარაკებები რონ ფენტონთან გრძელდებოდა. ის არ ეწინააღმდეგებოდა ჩემს აზრებს იმის შესახებ, რომ "ფორესტისთვის" როის კინის ფასი მხოლოდ 47 ათასი იყო, ახლა კი კლუბი სამ მილიონად აპირებდა ჩემ გაყიდვას. მან ასევე აღიარა, რომ ჩემი ხელფასი - 700 ფუნტი კვირაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო პირველი გუნდის მოთამაშეებს შორის.

არსებობდა ორი საკამათო საკითხი, რის გამოც შეიძლებოდა "ფორესტიდან" წავსულიყავი: გუნდის პრემიერლიგიდან გავარდნა და ჩემი მოთხოვნა - კონტრაქტის გაფორმებისას 125 ათასის მიღებაზე.

მორიგი მოლაპარაკებებისას ბრაიან კლაფი რონ ფენტონის ოფისში შემოვიდა. ის ჩემი საკითხით დაინტერესდა. რონმა მოუყვა ჩვენს უთანხმოებებზე. კლაფმა უყოყმანოდ განაცხადა: "რონ, მიეცი როის ყველაფერი, რასაც ითხოვს". ნახევარი საათის შემდეგ კონტრაქტი მზად იყო. მოხარული ვიყავი სამწლინახევრიანი კონტრაქტის გაფორმების გამო, თუმცა გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ ხელშეკრულების ბოლომდე არ დავრჩებოდი გუნდში.

Sky Television-ის მოსვლასთან და პრემიერლიგის შექმნასთან ერთად, ფეხბურთელების ხელფასები ასტრონომიული პროგრესით იზრდებოდა. 1990 წელს, იტალიაში გასკოინის ცრემლებმა ფეხბურთს დიდი პოპულარობა მოუტანა. თამაშს და ჩვენ, ფეხბურთელებს, მეტი ყურადღება მოგვაქციეს.

"ნოტინგემის" ყოფნა პრემიერლიგაში ბოლო ორ თამაშზე იყო დამოკიდებული. "შეფილდ იუნაიტედთან" საშინაო მატჩში ან სტუმრად "იფსვიჩთან" წაგება ლიგასთან გამოთხოვებას ნიშნავდა. ის, რომ გავარდნის შემთხვევაში კონტრაქტი კლუბიდან წასვლის უფლებას მაძლევდა, არანაირად არ მოქმედებდა ჩემს განწყობასა და სურვილზე - გადამერჩინა "ნოტინგემი" პრემიერლიგიდან გავარდნისგან. უფრო პირიქით იყო. კლუბიდან ვიღაცამ აცნობა პრესას ჩემი კონტრაქტის პირობების შესახებ. ამან კი ის გამოიწვია, რომ ზოგიერთებს ეჭვი შეეპარათ ჩემს თავდადებაში. ამიტომაც საჭირო იყო, ბოლო ორ შეხვედრაში საპირისპირო დამემტკიცებინა.

"შეფილდ იუნაიტედთან" მატჩისთვის მზადებისას ბრაიან კლაფმა გამოაცხადა, რომ სეზონის შემდეგ დატოვებდა მთავარი მწვრთნელის პოსტს.

"შეფილდ იუნაიტედმა" 2:0 დაგვამარცხა. ამ წაგების ღირებულების გაცნობიერებისას ბევრი ჩვენი ფეხბურთელი საკუთარ თავს არ ჰგავდა.

შემადგენლობაში ასეთი დონის მოთამაშეებით, თეორიულად, არ უნდა გავვარდნილიყავით, მაგრამ მოულოდნელად გაქრა ენერგია და ბრაიან კლაფის სამწვრთნელო გენია.

პრემიერლიგიდან რამდენიმე წუთის გავარდნილი ვიყავით, მაგრამ ფეხბურთელების ნაწილი უკვე ერთმანეთს ეხუმრებოდა საშხაპეში. საკუთარ თვალებსა და ყურებს არ ვუჯერებდი. მათი კარიერი დაბლა ეშვებოდა, ისინი კი იმაზე ფიქრობდნენ - რომელ რესტორანში წასულიყვნენ. მე კი დანაშაულისა და ტკივილის შერეული გრძნობით ვიტანჯებოდი. ფრენკ კლარკმა, რომელმაც ბრაიან კლაფი "ფორესტის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვალა, შემდეგი განაცხადა:

"სწორედ თავისი პროფესიონალიზმის წყალობით, როი კინი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ "ნოტინგემი" პრემიერლიგაში დაეტოვებინა". ის არ იყო მართალი. მე ამას თვითგადარჩენის გრძნობიდან გამომდინარე ვაკეთებდი.

რამდენიმე კვირის შემდეგ "ფორესტის" გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ამირჩიეს - წინა ორი წელი ამგვარი პატივი სტიუარტ პირსს ერგო. მიხაროდა ის, რომ "ნოტინგემის" ფანები მიხვდნენ - ჩემი კონტრაქტის პირობების მიუხედავად, გადარჩენისთვის ბრძოლაში სრულად ვიხარჯებოდი.

მძიმე სეზონის მსვლელობისას ერთი გაკვეთილი ავითვისე: ფეხბურთი არავის მიმართ არ არის ვალში. ვერავინ დაიჯერებდა, რომ ბრაიან კლაფი შეიძლებოდა გავარდნილიყო. ახლა ისეთი ნიჭიერი მოთამაშე, როგორიც სტიუარტ პირსი იყო, პრემიერლიგის მიღმა აღმოჩნდა. იყო თუ არა ამის გამო ფეხბურთი სასტიკი თამაში? ის შეიძლება ასეთად დარჩეს, თუ დაკარგავ ყურადღებას, დაწევ საკუთარი თამაშის დონეს თუნდაც ხუთი პროცენტით და დაიწყებ ფიქრს იმაზე, რომ "ძალიან კარგი ხარ ლიგიდან გავარდნისთვის".

ჩვენს გუნდში ტალანტების დეფიციტი არ ყოფილა, მაგრამ ის მაინც გავარდა პრემიერლიგიდან.

მინდოდა თუ არა "ბლექბერნში" გადასვლა? კენი დალგლიშს მილიონერ ჯეკ უოკერის ფული ჰქონდა, მაგრამ "ბლექბერნი" მაინც მოკრძალებული კლუბი იყო. ამბობდნენ, რომ სხვა კლუბები, მათ შორის, "არსენალი" და "ლივერპული" ჩემ მიმართ ინტერესს იჩენდნენ. ახლა, ბრაიან კლაფის წასვლის შემდეგ, სულ უფრო მეტად ვიყავი განწყობილი იმისთვის, რომ მოქმედებაში მომეყვანა ჩემი კონტრაქტის პუნქტი, რომელიც "ნოტინგემის" დატოვების უფლებას მაძლევდა.

სხვადასხვა მხრიდან მიტევდნენ აგენტები, მაგრამ წინააღმდეგობას ვუწევდი. თუმცა ისიც ვიცოდი, რომ დახმარება დამჭირდებოდა "ბლექბერნთან" ან სხვა კლუბთან მოლაპარაკებებისას.

დევიდ ო'ლირი ირლანდიის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო. ის ჯეკ ჩარლტონის ტაქტიკის მსხვერპლი გახდა, რადგან მწვრთნელის სქემაში მაღალი დონის ცენტრალური ნახევარმცველი ზედმეტად მიიჩნეოდა. მისი აზრი ჩარლტონის შესახებ ემთხვეოდა ჩემს მოსაზრებას: ამ მწვრთნელის მეთოდებზე მხოლოდ სიცილი შეიძლებოდა. ერთხელ დევიდს ვკითხე - ვინ წარმოადგენდა მის ინტერესებს. მან მიპასუხა, რომ მის საქმეებს მაიკლ კენედი წარმართავდა - იურისტი ლონდონიდან. დევიდმა მითხრა, რომ თუ მოვისურვებდი, სიამოვნებით გამაცნობდა თავის აგენტს.

გარდა ამისა, მივმართე პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციას თხოვნით - დაეცვათ ჩემი ინტერესები მომავალი გარიგებებისას. აგენტების გავლენის ზრდით შეშფოთებულმა ასოციაციამ გამოაცხადა, რომ მზად არის, დაეხმაროს მოთამაშეებს სატრანსფერო მოლაპარაკებების დროს.

აგენტები მაშინებდნენ არა მხოლოდ იმ თანხით, რომელსაც საკუთარი სამსახურის გამო ითხოვდნენ. საქმე შემდეგში იყო: იქიდან გამომდინარე, რასაც ვხედავდი, აგენტებისთვის პირველ ადგილზე არ იდგა მოთამაშეების საფეხბურთო კარიერა. რაც უფრო ხშირად გადადიოდა ფეხბურთელი კლუბიდან კლუბში, მით მეტ თანხას გამოიმუშავებდა მისი წარმომადგენელი. მოთამაშე, რომელიც არ იყო ჩამოყალიბებული მომავალ კარიერაზე და რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა, აგენტისთვის შემოსავლის პოტენციურ წყაროდ მიიჩნეოდა.

სატრანსფერო ჭორები, რომლებსაც აქტიურად აიტაცებდნენ ხოლმე აგენტები და გაზეთები, ძალიან ცუდად მოქმედებდა ასეთ მოთამაშეებზე. ამ სფეროში ფეხბურთელები უბრალო პაიკები იყვნენ, რომლებსაც ძალიან აწუხებდნენ ფაქტებს დახარბებული გაზეთები და ფულის მოყვარული შუამავლები. კატეგორიულად უარყოფითი განწყობა მქონდა იმაზე, რომ ჩემი პიროვნებით ვიღაცებს მანიპულირების საშუალება ექნებოდათ, ამიტომაც ასოციაციას მივმართე. მეორე ვარიანტი იყო მაიკლ კენედი.

ფრენკ კლარკი დაინიშნა ბრაიან კლაფის ადგილას. კლარკი ადრე "ნოტინგემში" თამაშობდა და ბევრ საკითხში ითვლებოდა კომპეტენტურად.

ირლანდიის ნაკრებიდან დაბრუნებული მას შევხვდი და დავარწმუნე, რომ ჩემი კონტრაქტის პირობების მიუხედავად, მთლიანად კლუბის ერთგული ვიქნებოდი იქამდე, სანამ მის რიგებში ვირიცხებოდი. კლარკმა მითხრა, რომ ესმის ჩემი მდგომარეობა. ის ზედმეტად სიტყვაძუნწი იყო, მაგრამ მიმახვედრა, რომ თუ პრემიერლიგის რომელიმე კლუბი ჩემ სანაცვლოდ საჭირო თანხას გადაიხდიდა, "ნოტინგემი" ხელს არ შემიშლიდა. ჩვენ ერთმანეთს გავუგეთ. ახლა ჯერი "ბლექბერნზე" იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული